აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსის, თამარ გუდავას 20 წლის შვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
მაღალჩინოსნის შვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცლა, რის შემდეგაც Facebook-ის პირად გვერდზე განცხადება თამარ გუდავამაც გამოაქვეყნა.
„მეც ახლა ვარკვევ სიტუაციას. მინდა იცოდეთ, რომ თუ დადასტურდა ინფორმაცია ჩემი უფროსი შვილის რაიმე სახის ბრალეულობაზე, ის აუცილებლად აგებს მკაცრად პასუხს კანონის წინაშე“, - წერს თამარ გუდავა და აღნიშნავს, რომ „ყველანაირი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად“ თანამდებობა დატოვა.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილის, ემზარ გაგნიძის განცხადებით, 1-ელ მარტს, ორმა პირმა, შემდგომში გასაღების მიზნით, პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანა და მდინარის პირას ე.წ. „ლოკაციებზე“ განათავსა.
„მათ ტელეფონის ფოტოკამერით, ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, თითოეულ ლოკაციას ფოტოსურათი გადაუღეს, რათა შემდგომში ისინი ნარკოტიკული საშუალებების შემძენი პირებისთვის გადაეგზავნათ. გამოძიების მიერ ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნულის შემდგომ ორივე პირმა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რის შემდგომაც ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა. 3 მარტს, შსს-ს თანამშრომლებმა ე.წ. „ლოკაციებიდან“ ბრალდებულების მიერ 24 ცალად დაფასოებული და განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის - 3,35 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს“, - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.
საქმის პროკურორი განმარტავს, რომ გარდაცვლილი პირის სიკვდილის მიზეზის დასადგენად სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდება.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, გარდაცვლილია თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ღამით სახლში მივიდა, დაიძინა, დილით კი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს.
საქმეზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
