პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. შიდაპარტიულ არჩევნებში მან 21 656 ხმა (52.58%) მიიღო, მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ 16 476 ხმა (40%). ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კობა ნაყოფიამ. თანამდებობებიდან გადადგნენ აკაკი მინაშვილი - პოლიტიკური მდივანი, ბაჩო დოლიძე - საორგანიზაციო მდივანი, გიორგი პატარაია - პრესსამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი კირთაძე - ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ანა გოგოლაძე - სტრატეგიული განვითარების მდივანი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ვტოვებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე, როგორც თვითონ პოლიტსაბჭოს. ვრჩები მხოლოდ პარტიის რიგით წევრად, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი, პუტინის პირადი პატიმარი, საპყრობილეში იქნება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ უცხოეთში სამკურნალოდ, რაც მისი სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთი გამოსავალია. დავრჩები თუ არა პარტიაში შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, როდესაც მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება და მომეცემა მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა“, - თქვა „მთავარი არხის“ ეთერში ნაყოფიამ.
„წინასწარ მქონდა ნათქვამი, რომ თუ არჩევნების დასრულების შემდეგ ნიკა მელია ვერ გაიმარჯვებდა, ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს დავტოვებდი. ეს არ ნიშნავს, რომ მე პერსონალურად ან პარტიის რომელიმე წევრი ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენ ვრჩებით პარტიაში იმ იდეალებისთვის, რომლისთვისაც აქ ვიყავით“, - განაცხადა გიორგი კირთაძემ.
„ამ არჩევნებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება, ბრძოლის ველიდან გაყვანა უბრალოდ შეუძლებელია“, - თქვა ლევან ხაბეიშვილმა გამარჯვების შემდეგ. „ჩვენ, ცხადია, არ ვაპირებთ ზეიმს. დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოზე გაიყვანს, როგორც ეს მიშამ და მისმა თანამებრძოლებმა გააკეთეს 2003 წელს.
ეს გამარჯვება ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს, ვინც ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის და მისი ბრძოლაც უკავშირდება ქვეყნის თავისუფლებას. ცხადია, პირველი გადაწყვეტილებებიც დაკავშირებული იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლასთან. მიშა მინდა შეგპირდე, რომ არ გავჩერდებით მანამ, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩვენი ქვეყნის თავისუფლება არ იქნება უზრუნველყოფილი.
ეს გამარჯვება ეკუთვნის ნიკა გვარამიას, რომელმაც თავისი მაგალითით დაამტკიცა, რომ ამ ბრძოლაში ჩვენი გატეხვა არის შეუძლებელი. ეს გამარჯვება ასევე ეკუთვნის ნიკას და მის მომხრეებს, ნონას და მის მხარდამჭერებს, გიორგის და მის დაუღალავ თანამებრძოლებს - მე დღეს გიწვდით მეგობრობის ხელს. ჩემი მთავარი ამოცანაა, გავერთიანდეთ საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ გზაზე უკომპრომისო ბრძოლა გველის, ამიტომ დროა, ხელები დავიკაპიწოთ და გადავერთოთ მთავარ საქმეზე.
ბიძინას და მის მარიონეტებს კი მინდა ვუთხრა, რომ მათ თავზე ნამდვილად მოიყარა თავი შავმა ღრუბელმა და ქართველი ხალხი უახლოეს პერიოდში ამ რისხვას თავს დაატეხს რუს ოლიგარქს და მის მარიონეტულ, კრიმინალურ რეჟიმს“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.
პარტიის თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატის ნონა მამულაშვილის განცხადებით, რომელმაც არჩევნებში 1537 ხმა (3,73%) მიიღო, პოლიტიკაზე ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა.
„აუცილებლად უნდა აღვნიშნო, არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო გარემომ აჩვენა. ლევანს ბევრ წარმატებას ვუსურვებ, პრობლემა ახლა ის არ არის.
პრობლემა ისაა, რომ დიდ სურათში - ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე. მინდა მჯეროდეს, რომ ის შედეგი არ დადგება, რაც როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში დგება ხოლმე“, - დაწერა ნონა მამულაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის მეოთხე კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ 1516 ხმა (3,68%) მიიღო.
ლევან ხაბეიშვილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მხარდაჭერილი კანდიდატი იყო. ნიკა მელია, რომელიც პარტიის ყრილობამ თავმჯდომარედ 2020 წლის დეკემბრის ბოლოს, ოთხი წლის ვადით აირჩია, კეზერაშვილ-მერაბიშვილს შიდაპარტიულ პროცესებში ჩარევის მცდელობასა და არაფორმალურ გავლენებში ადანაშაულებდა. მელია ამბობდა, რომ არჩევნების წინ, მის წინააღმდეგ ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელება მერაბიშვილის დაგეგმილი იყო, რადგან „ჩათვალა, რომ ამ აუდიოჩანაწერის გავრცელებას შეეძლო გავლენის მოხდენა არჩევნების შედეგებზე“.
მელიამ ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა და თქვა, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს, თუმცა რა როლი ექნება პარტიაში, ამაზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული არჩევნები 28-30 იანვარს, ელექტრონულად ჩატარდა. არჩევნებისთვის 49 638 ადამიანი დარეგისტრირდა, საიდანაც კენჭისყრაში მონაწილეობა 41 264-მა მიიღო. არჩევნების შემაჯამებელი ოქმი პარტიის ყრილობამ უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც ახალი თავმჯდომარე უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება. ყრილობის თარიღი ჯერ უცნობია.