ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი თანამდებობას ტოვებს. პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ამ გადაწყვეტილების მიზეზად მან ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობა დაასახელა. პარტიის ახალი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იქნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ჩემთვის, ცხადია, მძიმეა, თუმცა ექიმების მკაცრი რეკომენდაციით, ჩემთვის, 2-3 თვის განმავლობაში, ფაქტობრივად აკრძალულია რეჟიმში მუშაობა.
ვერ მივცემ თავს უფლებას, რომ 2-3 თვის განმავლობაში, როცა არჩევნებამდე სულ რაღაც 4 თვეა დარჩენილი, პარტიის თავმჯდომარე არ იყოს ფუნქციური, არ იყოს ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული, არ იყოს 24-საათიან სამუშაო რეჟიმში.
შესაბამისად, ჩვენი გუნდის, ყველას გადაწყვეტილებით, თინასთან კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ხაბეიშვილმა და განმარტა, რომ ის რამდენიმე დღეში მოიწვევს პარტიის ყრილობას და წევრებს ორ ცვლილებას შესთავაზებს: „პირველი ეხება პარტიის თავმჯდომარეს და მინდა, ყრილობას შევთავაზო პარტიის თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას კანდიდატურა. ასევე, ყრილობას მინდა შევთავაზო ჩემი თავი, როგორც პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურა, იმიტომ, რომ პოლიტიკური საბჭო არ არის ყოველდღიური რუტინული მუშაობა და ცხადია მე ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ვიქნები ჩართული გუნდთან ერთად“.
„რუსი ივანიშვილის ჯალათების მხრიდან, რაც მოჰყვა შენს მცდელობას, რომ ბანდიტებად ქცეული სპეცრაზმელებისგან გადაგერჩინა ახალგაზრდა, შენ შეხვდი წარმოუდგენელი სიმშვიდით, სიმტკიცით და სიმამაცით, რაც ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ ისეთ ადამიანებს შეუძლიათ, რომელთაც გამარჯვების რწმენა აქვთ. მადლობა ამ ბრძოლისთვის და მადლობა ამ ნდობისთვის.
დღეს არ ვისაუბრებ ვრცლად ჩემს ხედვებზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევდივართ არჩევნებში და როგორ ვიგებთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ არჩევნებს, ამის შესაძლებლობა როგორც ლევანმა განმარტა, ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება, თუმცა, ერთს ვიტყვი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე,
დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, დღეს წყდება ის, თუ სად იცხოვრებენ ჩვენი შვილები, იცხოვრებენ რუსეთის უკანა ეზოში, თუ იცხოვრებენ ევროპულ საქართველოში. ამ არჩევანში, ღრმად მწამს, რომ ივანიშვილი უნდა დავტოვოთ მარტო და ყველა სხვა პოლიტიკური ძალა, თუ ერთეული პოლიტიკოსი, ვინც საქართველოს გარუსებას არ ეგუება, უნდა გაერთიანდეს გამარჯვებისთვის, საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ევროპული მომავლისთვის“, - აღნიშა თინა ბოკუჩავამ.
ლევან ხაბეიშვილი 1-ელ მაისს სპეცრაზმელებმა სასტიკად ცემეს და თავისა და სახის არეში სხეულის დაზიანებები მიაყენეს. ამ საქმეზე არავინ დაუსჯიათ.
პარტიის თავმჯდომარის ცვლილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
„მხარს ვუჭერ თინა ბოკუჩავას ახალ თავმჯდომარედ არჩევას და პარტიის განახლებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს. მივესალმები ლევანის გადაწყვეტილებას, რომ მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას, რომელიც მას შეერყა პოლიტიკურად მოტივირებული ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად და ენმ-ის თავმჯდომარის პოზიციიდან გადაინაცვლოს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად ყველა პოლიტიკური ძალის გასაერთიანებლად. ამოვიდეთ იქიდან, რომ დღეს ასეთია ხალხის და განსაკუთრებით ახალგაზრდობის დაკვეთა. „ენმ“ გადაეწყობა მთლიანად ამ მიმართულებით ახალი სახეებით, ახალი იდეებით, რაც დაეფუძნება წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობის ტრადიციას და მუდმივი განახლების პროცესს“, - წერს სააკაშვილი.