გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის გადაყენებას ითხოვენ „ნიუ იორკ თაიმსთან“ გაკეთებული განცხადებების გამო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 3 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
- 4 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
- 5 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
- 6 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
როგორც საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ბექა ქორჩილავამ განაცხადა, რაზმაძის იმპიჩმენტის საკითხზე განცხადებას დღის ბოლომდე წარადგენენ.
„დავით რაზმაძეს არაერთხელ გაუკეთებია პრორუსული და მოღალატეობრივი განცხადებები. თუმცა, გუშინ გამოქვეყნებული ინტერვიუ, სადაც ის მადლობას უხდის ოკუპანტებს 2008 წლის ომის დღეებში გორში შემოსვლისთვის, ყოველგვარ მორალურ და სამართლებრივ ჩარჩოებს სცილდება. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიგვაჩნია, რომ რაზმაძემ დაუყოვნებლივ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკრებულომ უნდა განახორციელოს მისი იმპიჩმენტი.
მოვუწოდებთ გორის საკრებულოს სრულ შემადგენლობას, მათ შორის „გახარია საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნების“ იმ წევრებს, ვისთვისაც მტკივნეულია რუსი ოკუპანტების ქმედებები ჩვენს ქვეყანაში, იხელმძღვანელონ მხოლოდ საკუთარი სინდისით, პატრიოტიზმით და მხარი დაგვიჭირონ კორუმპირებული, პრორუსი ჩინოვნიკის, დავით რაზმაძის თანამდებობიდან ჩამოცილებაში“, - განაცხადა ქორჩილავამ.
თვითმმართველობის კოდექსის მიხევით, თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვას საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა - ამ შემთხვევაში 12-მა დეპუტატმა, ხოლო თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
36-მანდატიან გორის საკრებულოში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს. 9 დეპუტატი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 3 კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიას წარმოადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციას იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება შეუძლია.
„ტყუილია, რომ ჩვენ რაზმაძის იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერთ. როდესაც საკრებულოში დადგება იმპიჩმენტის საკითხი, ჩვენი წარმომადგენლები მას მხარს დაუჭერენ“, - განაცხადა პარტიის, „გახარია - საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, შმაგი ხუბულურმა.
„ქართული ოცნების“ წევრმა, დავით რაზმაძემ, რომელსაც მესამე ვადით უკავია საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი და უფლებამოსილების ვადა ოქტომბერში ეწურება, გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსები გორში მშვიდობისმყოფელებად შევიდნენ.
„ისინი აქ მოვიდნენ როგორც მშვიდობისმყოფელები და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოიქცნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. თუ დაიჯერებთ, მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს. რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის, კიდევ რამხელა ზიანს გამოიწვევდნენ“, - თქვა რაზმაძემ.
იმავე ინტერვიუში მან განაცხადა, რომ არ უნდა საქართველო ევროკავშირის ნაწილი გახდეს - „როგორც საბჭოთა კავშირი დაინგრა, მე მინდა ევროკავშირის დაშლა ვნახო, რადგან ის ჩვენს წინააღმდეგაა.“
კრიტიკის შემდეგ დავით რაზმაძემ Facebook-ზე განცხადება გაავრცელა - „ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტს ცილისწამებაში დასდო ბრალი და მას „სააკაშვილის ადვოკატი“ უწოდა. რაზმაძე რუსი სამხედროების დადებით კონტექსტში მოხსენიებას უარყოფს და ირწმუნება, რომ ინტერვიუში „სააკაშვილის ხულიგნები“ საერთოდ არ უხსენებია.
ამ თემაზე:
გორის საკრებულოს თავმჯდომარე: „EU-მა რაც გააკეთა, ორი იმდენი თან წაიღო“
თუ რუსებს აქ ბიზნესი ექნებათ, პუტინი ნაკლებად შემოიჭრება - გორის საკრებულოს თავმჯდომარე
