ჯო უილსონი „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინებაა - „ქართული ოცნება“

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ ამერიკელ კონგრესმენს, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვდა, „დეგრადირებული პოლიტიკოსი“ უწოდა და ისიც საქართველოს ომში ჩართვის სურვილის ქონაში დაადანაშაულა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში საუბარია „დიფ სთეითზე“, რომელიც პარტიის კონსპირაციული თეორიის მიხედვით, „გლობალური ომის პარტიის“ არაფორმალური გავლენის მთავარი ინსტრუმენტია.

„ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს დააინიცირებინეს ე.წ. „მეგობარი აქტი“ საქართველოს შესახებ, რომელსაც, შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ „მტერი აქტი“ შეიძლება ეწოდოს. უილსონმა იმოქმედა პრინციპით – „სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად“ და „დიფ სთეითის“ დავალებების შესრულებას ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილისგან ფინანსური სარგებლის მიღებაც დაურთო. ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს – ჯო უილსონს ხმარდება, რითაც „დიფ სთეითი“ თავის პოლიტიკურ ამოცანას ასრულებს და საქართველოს სანქციებით აშანტაჟებს.

ჯო უილსონი არის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება – დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვსჯის, თუ არ ვიომებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ასევე აცხადებს, რომ „უკლებლივ ყველა“ პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც „ანტიქართული განცხადებებით“ გამოირჩევა - იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარი, ევროპარლამენტარი, დიპლომატი თუ ჩინოვნიკი - „არის „დიფ სთეითის“ ქსელის წევრი, რომელიც „არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესების მიხედვით, არამედ გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედებს“.

ჯო უილსონი კონგრესში „მეგობარი აქტის“ და „ქართული კოშმარის არაღიარების აქტის“ ერთ-ერთი ინიციატორია. რესპუბლიკელი კონგრესმენი ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების კრიტიკით გამოირჩევა.

„ამერიკა სანქციებს დაუწესებს და ჩვენი ნაპირებიდან განდევნის კრიმინალების (ივანიშვილი და კომპანია) ყველა ნათესავს, ვინც თავს ესხმის თავისუფლებას. კორუმპირებული შვილები და ბიძაშვილები ჩვენს დიდებულ ქვეყანაში ცხოვრებით ვერ ისიამოვნებენ, ვიდრე მათი კრიმინალი მამები და ბიძები თაღლითობენ, კლავენ და იპარავენ. ჩვენ პირველ ადგილზე ამერიკა უნდა დავაყენოთ“, - აცხადებდა უილსონი.

კონგრესმენი საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს, რომელიც 20 იანვარს დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზეც მიიწვია.

27 დეკემბერს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა „რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავალთვის ძირის გამოთხრის გამო“. სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ივანიშვილი სპეციალურად დასანქცირებული მოქალაქეების და ბლოკირებული პირების სიაში (SDN List) დაამატა. ამერიკულ სანქციებს თავად მილიარდერი არ გამოხმაურებია, არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ „ეს არის ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.