აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა, მაღალი რანგის დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა, რესპუბლიკელმა რიჩარდ ჰადსონმა და დემოკრატმა მარკ ვეისმა კონგრესში ხელახლა წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც „მეგობარი აქტის“ სახელითაა ცნობილი. 119-ე მოწვევის კონგრესი, ორწლიანი უფლებამოსილების ვადით, 3 იანვარს შეიკრიბა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 სოზარ სუბარი პოლიციელების ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვს
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 6 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
კანონპროექტის ავტორების განცხადებით, ეს „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონმდებლობა“ მიზნად ისახავს გააძლიეროს დემოკრატიული პრაქტიკა, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა საქართველოში, კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების ვალდებულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და დაუპირისპირდეს ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით კი - რუსეთის გავლენებს.
„ეს კანონპროექტი შეერთებული შტატებისა და ქართველი ხალხის მძლავრ მეგობრობას და პარტნიორობას ასახავს. ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს თავისუფლებას. მე მხარს ვუჭერ ქართველ ხალხს და საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ მოწოდებაში.
კანონპროექტი „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს აძლევს არჩევანის საშუალებას: უარი თქვან დიქტატორ ივანიშვილზე ან მიიღონ სანქციები.
ჯერ კიდევ არის დრო საქართველოს სუვერენიტეტის გადასარჩენად!“, - თქვა ჯო უილსონმა.
„მეგობარი აქტის“ ავტორების განცხადებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოცხადდა როგორც „ფუნდამენტურად ხარვეზიანი“ და მას მოჰყვა არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმური „მარიონეტი პრეზიდენტის“ დანიშვნა. კონგრესმენები მიიჩნევენ, რომ ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, რომელიც „უძღვება და მხარს უჭერს მასობრივ საპროტესტო აქციებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით“.
როგორც კონგრესმენმა სტივ კოენმა აღნიშნა, „მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს სანქციების დაწესებას „პუტინის პაიკების“ წინააღმდეგ და აშშ-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებას საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის აღდგენის შემთხვევაში.
„კორუმპირებული ივანიშვილი და მისი პარტია „ქართული კოშმარი“ საქართველოს რუსეთის კოლონიად აქცევს.
რეჟიმის ავაზაკები ანადგურებენ და აპატიმრებენ მომიტინგეებს, რომლებიც ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რადგან დამოუკიდებელი დამკვირვებლები ოქტომბრის ბოლოს ჩატარებულ არჩევნებს უწოდებენ ფუნდამენტურად ხარვეზიანს. ქართველი ხალხი ტრანსატლანტიკურ გზაზე დაბრუნებას ითხოვს და ჩვენ უნდა დავეხმაროთ. „მეგობარი აქტი“ უზრუნველყოფს ამ დახმარებას“, - თქვა სტივ კოენმა.
კონგრესმენმა რიჩარდ ჰადსონმა ვლადიმირ პუტინი მოიხსენია „ბოროტ დიქტატორად“, რომელიც ყველაფერს გააკეთებს საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად.
„ამას უნდა მოჰყვეს შედეგები. ეს კანონპროექტი აძლიერებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებებისადმი და ცხადყოფს, რომ ჩვენ არ შევეგუებით მის თავისუფლებაზე თავდასხმებს“, - თქვა კონგრესმენმა ჰადსონმა.
კონგრესმენმა მარკ ვეისმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები და კონგრესი მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით.
„ჩვენი მეგობრობა საქართველოსთან კრიტიკულ ეტაპზეა და მისი ხალხი მამაცურად იბრძვის თავისუფლებისთვის. „მეგობარი აქტი“ ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.
ეს არის მხარდაჭერის არსებითი აქტი, რათა დავეხმაროთ ჩვენს მოკავშირეებს საქართველოში, უზრუნველყონ თავიანთი მომავალი და დაიცვან თავიანთი თავისუფლებები“, - განაცხადა ვეისმა.
„მეგობარი აქტის“ მიხედვით, აშშ-ის სანქციებს უნდა დაექვემდებარონ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები, რომლებიც ჩართულები არიან კორუფციაში ან საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრაში. კანონპროექტში ნათქვამია, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა სულ უფრო მტრულად არის განწყობილი დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავარი ევროატლანტიკური პარტნიორების მიმართ, მაშინ, როდესაც უფრო მეტად აძლიერებს კავშირებს რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ანტიდასავლურ ავტორიტარულ რეჟიმებთან.
კანონპროექტი კონგრესში პირველად 2024 წლის მაისში წარადგინეს, რასაც წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ხელახლა ინიცირება, შემდეგ კი მიღება.