საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში უპირატესობა რუსეთს აქვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვიკვირდა პოლიტიკოსის მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც თავის თავს ქართველ პოლიტიკოსს უწოდებს, მაგრამ ერთ დროს ნებაყოფლობით დაუთმო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მაღალი სკამი, რომელიც მას ქართველმა ხალხმა მიანდო, რუსეთის სახელმწიფო დუმის უვარგის დეპუტატს.
თუმცა გვერდს ვერ ავუვლით პრო-სახელისუფლებო მონოუმრავლესობის მოქმედი დეპუტატების განცხადებებს, რომლებიც აყალიბებენ საქართველოს მთავრობას და ხელისუფლების პოლიტიკას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვგმობთ იმ ფაქტს, რომ პროსახელისუფლებო „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავის შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე.
ასეთ დივნის გენერლებს ვურჩევდით, მიმართონ გეოგრაფიისა და გეომეტრიის სახელმძღვანელოებს, რათა გაიგონ, რა ფართობის ტერიტორიები და რა მნიშვნელობის ქალაქები გაათავისუფლეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ გაჩაღებული დაუნდობელი ომის ამ წელს“, - განაცხადა კასიანოვმა მედიასთან.
მისი თქმით, უკრაინამ ოკუპაციისგან გაათავისუფლა მისი სუვერენული ტერიტორიის 80 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი, ათასობით ქალაქი და სოფელი, მათ შორის, ხერსონი - „უკრაინის ერთადერთი რეგიონალური ცენტრი, რომლის აღება რუსმა დამპყრობლებმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდანვე მოახერხეს“.
ანდრი კასიანოვმა აღნიშნა, რომ „რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის დახმარების საკონტაქტო ჯგუფის მე-9 შეხვედრაზე, აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის გენერალმა, მარკ მილიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ომი უკვე წააგო - სტრატეგიულად, ოპერატიულად და ტაქტიკურად და ყოველდღიურად დიდი ფასს იხდის ბრძოლის ველზე.
„პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა ადვილი ნადავლი იყო და დაუსჯელი დარჩებოდა, მაგრამ ის და მისი სამხედრო ხუნტა უხეშად ცდებოდნენ. უკრაინა რჩება თავისუფალი და დამოუკიდებელი, შთააგონებს მთელ მსოფლიოს თავისი გამბედაობითა და გამძლეობით. NATO და კოალიცია არასოდეს ყოფილა ასეთი ერთიანი, მოტივირებული და ძლიერი, როგორც ახლა. რუსეთი გლობალურ განდევნაშია. ყველა ყოფილმა პარტნიორმა და მოკავშირემ ზურგი აქცია მას და მისი სტატუსი დაეცა მსოფლიოს ისეთი გარიყული ქვეყნების დონეზე, როგორც არის ჩრდილოეთ კორეა და ირანი. ამიტომ, რაც შეეხება ფრონტზე განვითარებულ მოვლენებს, დაჟინებით გირჩევთ გამოიყენოთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიციალური ინფორმაცია და არა რუსეთის პროპაგანდის ტყუილი“, - განაცხადა კასიანოვმა.
დღეს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა, ეს იყო გამძლეობის, ზრუნვის, გამბედაობის, ტკივილის, იმედის, ამტანობის, ერთიანობის და უძლეველობის წელი, რომლის მთავარი შედეგი ის არის, რომ უკრაინამ გაუძლო და არ დამარცხებულა. ზელენსკის თქმით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2023 წელს გაიმარჯვოს.