რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ომის წლისთავზე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეებს მიმართა და მადლობა გადაუხადა სიმამაცისთვის, გამძლეობისა და ერთიანობისთვის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ერთი წლის წინ, ამ დღეს, ამავე ადგილიდან დაახლოებით დილის შვიდ საათზე მოკლე განცხადებით მოგმართეთ, რომელიც სულ 67 წამი გაგრძელდა. მასში გაჟღერდა ორი რამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მაშინ და არის ახლა. ის, რომ რუსეთმა ჩვენ წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო და რომ ჩვენ ძლიერები ვართ. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ყველას დავამარცხებთ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ უკრაინა!
ასე დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალი. ყველაზე გრძელი დღე ჩვენს ცხოვრებაში. ყველაზე რთული დღე ჩვენს უახლეს ისტორიაში. ადრე გავიღვიძეთ და მას შემდეგ აღარ ვიძინებთ.
ვიღაცას შეეშინდა, ვიღაც შოკში იყო, ვიღაცამ არ იცოდა რა ეთქვა, მაგრამ ყველა გრძნობდა, რა გაეკეთებინა. გზებზე საცობები გაჩნდა, მაგრამ ბევრი იარაღის ასაღებად მიდიოდა. გაჩნდა რიგები. ვიღაც იდგა საზღვრებთან, მაგრამ ბევრი იდგა - სამხედრო კომისარიატებთან და ტერიტორიულ თავდაცვასთან.
ჩვენ არ ავწიეთ თეთრი დროშა, არამედ დავიწყეთ ლურჯისა და ყვითელის დაცვა. არ შეგვეშინდა, არ გავტყდით, არ დავნებდით. ამის სიმბოლოები გახდნენ მესაზღვრეები კუნძულ ზმეინიდან და მარშრუტი, რომლის მიმართულებითაც რუსული სამხედრო გემი გაუშვეს.
ჩვენი რწმენა განმტკიცდა. განმტკიცდა ჩვენი სული. ჩვენ გადავრჩით სრულმასშტაბიანი ომის პირველ დღეს. ჩვენ არ ვიცოდით, რა მოხდებოდა მომდევნი დღეს, მაგრამ ზუსტად გავიგეთ: ყოველი მომდევნო დღისთვის ბრძოლაა საჭირო. ჩვენ ვიბრძოდით ყოველდღე. ჩვენ გადავრჩით მეორე დღეს და შემდეგ მესამე დღესაც - სამი დღე-ღამე, რომელიც სიცოცხლისთვის მოგვცეს.
გვემუქრებოდნენ, რომ 72 საათის შემდეგ უკვე აღარ ვიარსებებდით, მაგრამ მეოთხე დღესაც გადავრჩით და ა.შ. დღეს კი, ზუსტად ერთი წელია ვდგავართ და ამ დრომდე ვიცით, რომ ყოველი შემდგომი დღისთვის ბრძოლაა საჭირო.
შემდგომ იყო გაზაფხული. ახალი თავდასხმები, ახალი ჭრილობები, ახალი ტკივილი. ყველამ დაინახა ჩვენი მტრის რეალური არსი. მარიუპოლის სამშობიაროს და დრამატული თეატრის, მიკოლაევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის, ხარკოვის თავისუფლების მოედნის, კრამატორსკის რკინიგზის სადგურის დაბომბვა. ნახეს ბუჩა, ირპინი, ბოროდიანკა. მთელმა მსოფლიომ ნათლად გააცნობიერა, რას ნიშნავს სინამდვილეში „რუსული სამყარო“. რა შეუძლია რუსეთს.
იმავე დროს, მსოფლიომ ნახა, რა შეუძლია უკრაინას. ესენი არიან ახალი გმირები. კიევის დამცველები, „აზოვსტალის“ დამცველები. ახალი გამარჯვებები, რომლებსაც მთელი ქალაქები აღწევდნენ. ხარკოვი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი, ხერსონი, მიკოლაევი, გოსტომელი, ვოლნოვახა, ბუჩა, ირპინი, ახტირკა - გმირული ქალაქები, უძლეველობის დედაქალაქები. ახალი სიმბოლოები და ამავე დროს - ახალი შეფასებები და პროგნოზები უკრაინის შესახებ.
ომის პირველი თვე და პირველი გარდატეხა ომში. პირველი ცვლილება უკრაინის მიმართ აღქმაში. ის არ დაეცა სამ დღე-ღამეში, მან შეაჩერა მსოფლიოს მეორე არმია.
ყოველდღე ახალ დარტყმებს გვაყენებდნენ, ყოველდღე ვიგებდით ახალი ტრაგედიების შესახებ, მაგრამ გადავრჩით მათი წყალობით, ვინც ყოველდღე მაქსიმუმს აკეთებდნენ სხვებისთვის. ესენი არიან ჩვენი ექიმები, რომლებიც არჩენენ წინა ხაზზე მებრძოლების სიცოცხლეს, ბომბების ქვეშ აკეთებენ ოპერაციებს, იღებენ მშობიარობებს ბომბსაფარებში, მორიგეობენ დღეები და კვირები; ჩვენი მაშველები და მეხანძრეები, რომლებსაც ხალხი ნანგრევებიდან და ცეცხლიდან გამოჰყავთ 24/7 რეჟიმში და ჩვენი რკინიგზელები, რომლებმაც ძილისა და შესვენების გარეშე, ომის დაწყების შემდეგ, ასობით ათასი უკრაინელის ევაკუაცია განახორციელეს.
შემდეგ იყო პირველი შეტევები, პირველი მიღწევები, პირველი გათავისუფლებული ტერიტორიები. პირველი, თუმცა არა უკანასკნელი, ჩერნობაევკა იყო. ოკუპანტების გაძევება კიევიდან, სუმიდან, ჩერნიგოვიდან. ჩვენი „სტუგნა“, „ოლხა“, ჩვენი „ნეპტუნი“ და ფსკერისკენ მიმავალი კრეისერი „მოსკვა“. პირველი „რამშტაინი“ და მთელი ისტორიის განმავლობაში მეორე ლენდ-ლიზი.
უკრაინამ მსოფლიო გააკვირვა. უკრაინამ მსოფლიო შთააგონა. ამის დასამტკიცებლად ათასობით სიტყვის თქმა შეიძლება, თუმცა საკმარისია რამდენიმე: HIMARS, Patriot, Abrams, IRIS-T, Challenger, NASAMS, Leopard.
მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, მოკავშირესა და მეგობარს, რომელიც მხარდამხარ გვედგა მთელი წელი. მიხარია, რომ საერთაშორისო ანტიპუტინური კოალიცია იმდენად გაიზარდა, რომ ცალკე მიმართვას ითხოვს. ამას მალე გავაკეთებ. აუცილებლად.
ასევე, მადლობას ვუხდი ჩვენს შიდაპოლიტიკურ არმიას. ჩვენი დიპლომატების, ელჩების, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებში წარმომადგენლების დივიზიებს. ყველა, ვინც საერთაშორისო სამართლის ცეცხლითა და მახვილით სცემს ოკუპანტებს, აღწევს ახალ სანქციებს, ტერორისტული სახელმწიფოს ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას.
ომმა ბევრი ოჯახის ბედი შეცვალა. გადაწერა ჩვენი ოჯახების ისტორია. შეცვალა ჩვენი ჩვეულებები და ტრადიციები. ადრე პაპები შვილიშვილებს უყვებოდნენ, როგორ ებრძოდნენ ნაცისტებს. ახლა შვილიშვილები უყვებიან პაპებს, როგორ ებრძვიან რაშისტებს. ადრე დედები და ბებიები ყელსახვევებს ქსოვდნენ, ახლა შესანიღბ ბადეებს ქსოვენ. ადრე ბავშვები სანტას სმარტფონებს, გაჯეტებს სთხოვდნენ, ახლა ჯიბის ფულს იღებენ და აგროვებენ ჩვენი მებრძოლებისთვის.
ერთი წლის განმავლობაში თითოეულმა უკრაინელმა ვიღაც დაკარგა - მამა, შვილი, ძმა, დედა, ქალიშვილი, და, საყვარელი ადამინი, კოლეგა, მეზობელი, ნაცნობი. ვიზიარებ მწუხარებას.
თითქმის ყველას ტელეფონში აქვს სულ მცირე ერთი ადამიანის კონტაქტი, რომელიც აღარასოდეს აიღებს ყურმილს, ვერ უპასუხებს შეტყობინებას „როგორ ხარ?“. ამ ორმა უბრალო სიტყვამ ომის ერთი წლის განმავლობაში ახალი მნიშვნელობა შეიძინა. ყოველდღიურად მილიონობით უკრაინელი მილიონჯერ წერდა ან უსვამდა ამ შეკითხვას ნათესავებსა და ახლობლებს.
ჩვენ არ წავშლით მათ სახელებს არც ტელეფონიდან და არც საკუთარი მეხსიერებიდან. ჩვენ მათ არასოდეს დავივიწყებთ. ჩვენ არასოდეს ვაპატიებთ. ჩვენ არ მოვისვენებთ მანამ, სანამ რუსი მკვლელები არ მიიღებენ დამსახურებულ სასჯელს. სასჯელს საერთაშორისო ტრიბუნალისგან. ღვთის განაჩენის, ჩვენი მეომრების, ან ყველასი ერთად აღებულის.
განაჩენი აშკარაა. ცხრა წლის წინ მეზობელი გახდა აგრესორი. ერთი წლის წინ აგრესორი გახდა ჯალათი, მოროდიორი და ტერორისტი. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ისინი პასუხისგებაში მიეცემიან. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ გამარჯვება გველოდება.
ზაფხულში ჩვენ ეს ვიგრძენით. ჩვენ გავიარეთ ომის 100 დღე. მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, დავიბრუნეთ ზმეინი, გავიგეთ პირველი აფეთქება ყირიმში, ვნახეთ ფოიერვერკი ოკუპანტების საცავებსა და ანტონოვის ხიდზე.
აგვისტო გახდა პირველი თვე, როდესაც ოკუპანტებმა ვერცერთი უკრაინული ქალაქი ვერ აიღეს. დენაციფიკაციის შესახებ მუქარები და ულტიმატუმები შეიცვალა კეთილი ნების ჟესტებით. და მაშინ ვიგრძენით: ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია, ის ახლოსაა, ის იქნება.
შემდეგ იყო შემოდგომა, ჩვენი კონტრშეტევა, იზიუმის, ბალაკლეის, კუპიანსკის, ლიმანის, ხერსონის ოლქისა და ქალაქ ხერსონის გათავისუფლება. ჩვენ ვხედავდით, როგორ ხვდებოდნენ იქ ადამიანები ჩვენს სამხედროებს, როგორც ინახავდნენ უკრაინულ დროშას, როგორ დაელოდნენ უკრაინას.
ახლა მინდა მივმართო მათ, ვინც კიდევ იცდის. ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ახლა დროებით ოკუპაციაში იმყოფებიან: უკრაინას თქვენ არ მიუტოვებიხართ, არ დავიწყებია თქვენს შესახებ, უარი არ უთქვამს თქვენზე. ასეა თუ ისე, ჩვენ მთელ ჩვენს მიწას გავათავისუფლებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკრაინა დაბრუნდეს, ხოლო მათ, ვინც ახლა იძულებულია დარჩეს საზღვარგარეთ, ვეტყვი: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაბრუნდეთ უკრაინაში, რომ ეს შესაძლებელი გახდეს.
ჩვენ ვიბრძოლებთ და დავიბრუნებთ ჩვენს თითოეულ ტყვეს, ეს ყველაფერი იქნება გამარჯვება. ჩვენ მას სიბნელეშიც კი ვხედავთ, მუდმივი მასირებული სარაკეტო დარტყმებისა და ელექტროენერგიის გამორთვის მიუხედავად. ჩვენ ვხედავთ ამ გამარჯვების სინათლეს.
2022 წლის 24 თებერვლის პირველი მოგონებად ადამიანები ასახელებენ შოკს, ტკივილს, გაურკვევლობას. სრულმასშტაბიანი შემოჭრიდან ერთი წლის შემდეგ, რწმენა გამარჯვებისა 95%-ს შეადგენს. მთავარი ემოცია, რომელსაც ჩვენ განვიცდით უკრაინაზე ფიქრის დროს, არის სიამაყე. სიამაყე ყოველი უკრაინელით. სიამაყე ჩვენი თავის გამო.
ჩვენ ერთი დიდი არმია გავხდით, გავხდით გუნდი, სადაც ვიღაც პოულობს, ვიღაც აწყობს, ვიღაცას მოაქვს, მაგრამ ყველა გასცემს. მე მადლობას ვუხდი ჩვენს ხალხს, ჩვენი მოხალისეებისა და არაგულგრილი ადამიანების მრავალმილიონიან არმიას, რომლებსაც შეუძლიათ ყველაფერი აუცილებლის მოგროვება და მიწოდება.
ჩვენ ერთი მთლიანობა გავხდით. ჩვენი ჟურნალისტები და მედია ერთიანი ფრონტით ომობენ ტყუილისა და პანიკის წინააღმდეგ.
ჩვენ ერთი ოჯახი გავხდით, ჩვენს შორის აღარ არიან უცხოები და უცნობები. უკრაინელები დღეს ყველა ჩვენიანები არიან. უკრაინელებმა შეიფარეს უკრაინელები, გახსნეს თაავიანთი სახლებისა და გულების კარი მათთვის, ვინც იძულებული გახდა, ომს გაქცეულიყო.
ჩვენ გავუძელით ყველა მუქარას, დაბომბვას, კასეტურ ბომბებს, ფრთიან რაკეტებს, კამიკაძე დრონებს, შუქის გამორთვას, სიცივეს. ჩვენ ამაზე ძლიერები ვართ.
ეს იყო გამძლეობის წელი, ზრუნვის წელი, გამბედაობის წელი, ტკივილის წელი, იმედის წელი, ამტანობის წელი, ერთიანობის წელი, უძლეველობის წელი, უძლეველობის მრისხანე წელი. მისი მთავარი შედეგი ის არის, რომ გავუძლეთ, არ დავმარცხებულვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ წელს!
დიდება უკრაინას!“
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის შესახებ 2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას განაცხადა. მან ომს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უწოდა, რომლის მიზნად უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია დაასახელა. სექტემბრის ბოლოს, რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის დროებით ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ფსევდორეფერენდუმები ჩაატარა, შემდეგ კი ეს ოლქები რუსეთის ტერიტორიულ სუბიექტებად გამოაცხადა. ნოემბერის დასაწყისში უკრაინელებმა ხერსონზე კონტროლი დაიბრუნეს. უკრაინამ 24 თებერვლის შემდეგ დაკარგული ტერიტორიის დაახლოებით 54% გაათავისუფლა და წლის ბოლოსთვის რუსეთი უკრაინის მთელი ტერიტორიის დაახლოებით 18%-ს აკონტროლებდა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ომის წლისთავზე წერს, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის რეალური მიზანი უკრაინის მთელი ტერიტორიის დაპყრობა და უკრაინის ხელისუფლების დამხობა იყო, თუმცა აპრილში ნათელი გახდა, რომ ეს გეგმა ჩავარდა და რუსეთმა დაიწყო კონცენტრირება დონბასში საკუთარი ხელისუფლების გაფართოებასა და გაძლიერებაზე, რაც ნელი და ძალიან ძვირადღირებული პროცესი იყო. ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ბოლო კვირებში რუსეთმა კიდევ ერთხელ შეცვალა მიზნები - ახლა მისი კამპანია, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს, უპირველეს ყოვლისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირებას და არა ახალი მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკავებას. დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის ხელმძღვანელობა სავარაუდოდ გრძელვადიან ოპერაციას ატარებს, სადაც გათვლას აკეთებენ იმაზე, რომ მოსახლეობისა და რესურსების მხრივ რუსეთის უპირატესობები საბოლოო ჯამში უკრაინას გამოფიტავს.