მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, „ქართული ოცნების“ წევრი როვშან ისკანდაროვი, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების დღეს, 69-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენები ჩაყარა, არჩევნების გაყალბების ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ ერთი პირი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულებმა, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს №69-ე საარჩევნო უბანზე, კანონმდებლობის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,სამართალდამცველებმა რ.ი. და ე.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე ტერცია მუხლით მიმდინარეობს, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების - საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა მარნეულის 69-ე უბანზე დამკვირვებლის მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ როვშან ისკანდაროვი ყუთში ბიულეტენებს ყრის. ვიდეოში ჩანს სხვა მამაკაციც, რომელიც მას უკანონო ქმედებაში ეხმარება. როვშან ისკანდაროვი უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის სტატუსით იმყოფებოდა.
მომხდარის გამო 69-ე საარჩევნო უბნის მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი. „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაში“ თქვეს, რომ აღნიშნულ უბანზე, სადაც ერთიან სიაში 1643 ამომრჩეველი იყო, არჩევნებს დიდი უპირატესობით ოპოზიცია იგებდა.
მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბიულეტენების ჩაყრას „დადგმული სპექტაკლი“ და „პროვოკაცია“ უწოდა. მან არ გამორცხა, რომ ისკანდაროვი ოპოზიციის მიერ ყოფილიყო მოსყიდული. თავად ბრალდებულმა საკუთარი ქმედება „ოპოზიციის პროვოკაციით“ ახსნა და თქვა, რომ მისი მიზანი არჩევნების გაყალბება არ ყოფილა.
