პაპუაშვილის თქმით, მზია ამაღლობელის საქმეზე გამოტანილი განაჩენი „ელჩების სინდისზეა“

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დამოუკიდებელი ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილი განაჩენი „აბსოლუტურად პროპორციულია“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„პროკურატურამ მზია ამაღლობელს შესთავაზა საპროცესო შეთანხმება. ამაღლობელის მხრიდან არ ყოფილა არც შეთანხმება, არც აღიარება იმ დანაშაულისა, რაც მთელმა საქართველომ პირდაპირ ეთერში იხილა. შესაბამისად, სასამართლოს, სავარაუდოდ, არც ჰქონდა შესაძლებლობა სხვა რამე განესაზღვრა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

6 აგვისტოს, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობდა და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, გადააკვალიფიცირა და ამაღლობელი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 6 წლამდე. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეს ჯარიმის შეფარდება შეეძლო, მან ეს არ გააკეთა.

„მზია ამაღლობელი ან მისი გულშემატკივრები თუ სადმე ეძებენ დამნაშავეებს, თუ რატომ არის ასეთი სასჯელი, ეს დამნაშავეები ისხდნენ იმ დარბაზში ელჩების სახით. აი, ის ელჩები, რომლებიც იქ დარბაზში ისხდნენ და რომლებიც აგულიანებდნენ მზია ამაღლობელს, რომ არ აღიარო დანაშაული, არ ითანამშრომლო გამოძიებასთან, არ წახვიდე საპროცესო გარიგებაზე. ზუსტად იმ ელჩების სინდისზე არის, რომ საპროცესო გარიგება არ შედგა, რომ 2 წელი სრულად აქვს მოსახდელი“, - განაგრძო პაპუაშვილმა.

მან მზია ამაღლობელის მიერ ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნა შეადარა 2021 წელს მომხდარ შემთხვევას, როდესაც ერთ-ერთ საჯარო შეხვედრაზე, ახალგაზრდა მამაკაცმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სილა გააწნა.

„ჩვენ როდესაც ვიხილეთ 24 საელჩოს განცხადება მზია ამაღლობელის განაჩენზე, ამოვიკითხე საფრანგეთის ელჩის ხელმოწერაც. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მაკრონისთვის სილის გარტყმისთვის ადამიანს მიუსაჯეს 18 თვით თავისუფლების აღკვეთა, შემდეგ  პირმა ითანამშრომლა სასამართლოსთან, აღიარა თავისი დანაშაული და 4 თვე საპატიმრო მსჯავრად განსაზღვრა, 14 თვე - პირობითად, თუმცა 18 თვე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქართველოში ანალოგიურ, მსგავს შემთხვევაში 24 თვე მიუსაჯა სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა. იყო ზუსტად ერთი და იგივე შემთხვევა. საქართველოში კი არც ითანამშრომლა, არც აღიარა და, მათ შორის, არც შეთავაზებულ საპროცესო გარიგებაზე წავიდა მზია ამაღლობელი. საფრანგეთის ელჩი ამას უწოდებს არაპროპორციულს“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა. მას არ უხსენებია, რომ მზია ამაღლობელი უკვე შვიდი თვეა, რაც პატიმრობაში იმყოფება.

„24 თვე არის აბსოლუტურად პროპორციული და ტყუილია, რომ ეს არის არაპროპორციული... ეს არის სრულად ელჩების სინდისზე, რომ მზია ამაღლობელს უწევს, სრულად მოიხადოს ეს სასჯელი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მზია ამაღლობელმა უარი თქვა პოკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე „იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა“.

ამაღლობელი 12 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს, მაგრამ საქმე არა შეურაცხყოფისთვის, არამედ პოლიციელზე თავდასხმისთვის აღუძრეს. „ბრალის“ დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

სილის გაწვნის შედეგად ირაკლი დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ მიუღია, თუმცა ის აცხადებს, რომ „ლოყა ეტკინა“.

დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, დაკავებულს არ აძლევდნენ სასმელს წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში. სამ საათზე მეტხანს მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. მზია ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძე მის ცემასაც ცდილობდა და ის თანამშრომლებმა შეაკავეს.

პროკურატურამ არ გამოიძია მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი დანაშაულები. მზია ამაღლობელი დაპატიმრების შემდეგ 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. უკანონო პატიმრობის პერიოდში მას მხედველობა საგანგაშოდ დაუქვეითდა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მზია ამაღლობელის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებასთან და სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არაერთ პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. ივნისის ბოლოს სასამართლომ საჩივრის განხილვა დაიწყო, მოგვიანებით კი გამოაქვეყნა კითხვები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.