21 ივლისს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მორიგ სასამართლო სხდომაზე, რომელზეც ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა, ერთ-ერთმა პროკურორმა განაცხადა, რომ მზად არიან, საპროცესო შეთანხმების გაფორმება განიხილონ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„რაც საქმის განხილვა მიმდინარეობს, არც ერთხელ დაცვის მხარეს არ მოუმართავს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე. ამის მიუხედავად ჩვენ მზადყოფნას გამოვხატავთ, რომ ეს საკითხი აქტიურად განვიხილოთ“, - განაცხადა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.
იმავე სხდომაზე, მეორე პროკურორმა, შოთა ჩხაიძემ მზია ამაღლობელისთვის კანონით გათვალისწინებული სასჯელი - 4-დან 7 წლამდე პატიმრობა მოითხოვა. მისი თქმით, „უტყუარად დასტურდება, რომ მზია ამაღლობელმა შურისძიების მიზნით განახორციელა თავდასხმა ირაკლი დგებუაძეზე“.
მზია ამაღლობელი სამართლიან გადაწყვეტილებას ითხოვს და როგორც ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა განაცხადა, „არ აპირებს დაიბრალოს ის, რაც არ ჩაუდენია“.
„საპროცესო შეთანხმებაზე პროკურორის განცხადება სახელისუფლებო ნარატივს ეხმიანება, რომ მზიამ ეს შემოლაწუნება ჩაიდინა „დიფ სთეითის“ დავალებით, რომ მას ვიღაც დაუდგენელი პირები რაღაც ინსტრუქციებს აძლევდნენ და ა.შ. ბრალდებამ თქვა იგივე - თუ მზია დაიბრალებს ყველაფერს, რაც მას არ ჩაუდენია, პოლიციელების შეურაცხყოფა, წინააღმდეგობა და თავდასხმა, მაშინ ბრალდება იფიქრებს სასჯელის შემსუბუქებაზე.
ეს ვიცოდით პირველივე დღიდან. მას სთავაზობდნენ - მოინანიე, აღიარე. ჩვეულებრივი ძალადობაა, ძალადობა კანონის სახელით. მას ეუბნებიან, რომ ასეთი სასამართლოა, არაფრის შანსი არ გაქვს, ასეთი ბრალდებაა, არაფრის შანსი არ გაქვს. ერთადერთი შანსი გაქვს, უნდა დაიბრალო ის, რაც არ ჩაგიდენია, თუ გინდა, თავისუფლება იხილო.
მზიაზე ზეწოლის ერთ-ერთი ბერკეტია „ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასოს დადება, რომ მზიამ ამ ყველაფერზე იფიქროს, ვიდრე თავის საბოლოო სიტყვას იტყვის“, - თქვა ადვოკატმა ჟურნალისტებთან.
დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა 1-ელ აგვისტოს ჩანიშნულ სხდომაზე უნდა თქვას. მოსალოდნელია, რომ მოსამართლე ნინო სახელაშვილი სწორედ ამ დღეს გამოაცხადებს განაჩენს.
მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. მას ბრალდება სისხლის სასამართლის წესით წარუდგინეს და პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სილის გაწვნის შედეგად ირაკლი დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ მიუღია, თუმცა ის აცხადებს, რომ „ლოყა ეტკინა“. დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, დაკავებულს არ აძლევდნენ სასმელს წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში. სამ საათზე მეტხანს მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. მზია ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძე მის ცემასაც ცდილობდა და ის თანამშრომლებმა შეაკავეს.
პროკურატურამ არ გამოიძია მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი დანაშაულები. მზია ამაღლობელი დაპატიმრების შემდეგ 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. უკანონო პატიმრობის პერიოდში მას მხედველობა საგანგაშოდ დაუქვეითდა.
