საპროტესტო აქციაზე პატრულ-ინსპექტორზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 44 წლის ანატოლი გიგაურს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ თავად გახდა პოლიციელთა მხრიდან ძალადობის მსხვერპლი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
24 ნოემბერს, თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით გაიმართა მსვლელობა, რომლის მონაწილეები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ.
„ვმოძრაობდით რუსთაველზე. გვერდიდან დაახლოებით ხუთი პოლიციელი გადმოვიდა და ჩაგვიკეტეს გზა. ერთ-ერთი ტანად დაბალი იყო, მანქანიდან შეიძლებოდა მძღოლს ვერ დაენახა და უბედურება მომხდარიყო. მივედი და ვუთხარი, მანქანამ არ გადაგიაროს-მეთქი. მოვკიდე ამ გოგონას ხელი, წინააღმდეგობა არ გაუწევია და გავიწიეთ, ჩემს უკან რომ მანქანას გაევლო. ამ დროს სახეში მხვდება მუშტი. ხელის მოხვედრისთანავე ხელი წავავლე პოლიციელს, რომელმაც დამარტყა და ვკითხე, რატომ დამარტყა. ამ დროს დედა შემაგინა და დასარტყმელად ხელი კიდევ მოიღერა. მდგომარეობიდან გამოვედი და მოშორების მიზნით ხელი ვკარი“, - განაცხადა ანატოლი გიგაურმა.
მისი თქმით საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ის აქციიდან წამოსვლის შემდეგ დააკავეს, რა დროსაც მასზე ფიზიკურად იძალადეს. როგორც აბრალდებული ამბობს, მას დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია.
„მანქანის უკან გამიყვანეს, ამბობდნენ, ვის დაარტყი ხელიო. თავში უამრავი რაღაც მომხვდა. დამახეთქეს ძირს და რაღაც დროის განმავლობაში მცემდნენ. შემდეგ ამაყენეს ფეხზე, უკვე სისხლი მომდიოდა, სურათები გადამიღეს. ჩამსვეს მანქანაში და წამიყვანეს საბურთალოს პოლიციაში. გზაში ცდილობდნენ, რომ სისხლდენა შეეჩერებინათ. მანქანა გააჩერეს, აფთიაქში შევიდნენ, რაღაც საშუალებები იყიდეს და დაახლოებით ვაშლიჯვრის ასახვევში სისხლი მომწმინდეს. გზაში ჩემს გვერდზე მჯდომს ურეკავდნენ, შეუწყვიტეთ სისხლიო?
შემდეგ საპატრულოს შენობაში მიმიყვანეს. მაძალებდნენ, ეს ტანსაცმელი გამეხადა და მათი მოტანილი ტანსაცმელი ჩამეცვა, რაზეც უარს ვაცხადებდი. ჩემთან მოვიდა ის პირი, რომელმაც ხელი დამარტყა და რომლის მოშორებასაც ვცდილობდი. მითხრა, ეს ტანსაცმელი ჩაიცვიო. უარის შემდეგ მომკიდა ხელი და ბორკილებდადებულს თავში ერთი ათჯერ ჩამარტყა“, - თქვა გიგაურმა.
დაცვის მხარემ ანატოლი გიგაურის 10 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე აცხადებდა, რომ ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
„მისი ქმედება განპირობებული იყო თავდაცვით მას შემდეგ, რაც პოლიციელმა მასზე იძალადა. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელთა ჩვენება, რომელიც არ ასახავს ობიექტურ ჭეშმარიტებას, იმას, თუ რა მოქმედება განახორციელა პოლიციელმა. ის კადრი, რაც კონკრეტული ტელეკომპანიიდან არის წარმოდგენილი, მოჭრილია და არ ასახავს სრულ სურათს“, - აღნიშნა ცუცქირიძემ.
საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ ბრალდებულის მიმართ პოლიციელთა ძალადობის შესახებ თქვა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს.
ანატოლი გიგაური 25 ნოემბერს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე მუხლითაა ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე, რომელიც 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე აქციის დარბევის დროს დააკავეს. ისიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.