პოლიციელების მიერ მელიქიშვილის გამზირზე, აქციის დაშლის დროს დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. დაცვის მხარე ბრალდებულის 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ
პროკურატურამ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ იქნევს მათე დევიძე ჯოხს პოლიციელების მისამართით. საქმის პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი ირწმუნება, რომ ბრალდებულის ქმედების შედეგად, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა დაზიანებები მიიღეს.
„კონკრეტულ შემთხვევაში დაზიანების ხარისხი არ არის გადამწყვეტი კვალიფიკაციისთვის. ქმედება რომ არის მძიმე კატეგორიის დანაშაული, ამას განსაზღვრავს უშუალოდ ბრალდებულის მოქმედება და მისი მომეტებული საშიშროება. კონკრეტულ შემთხვევაში, დაზარალებულია პოლიციის სამი თანამშრომელი, რომელთაგან ორს გააჩნია დაზიანებები და ეს ასახულია სამედიცინო ბარათზე. საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზა, რომელიც განსაზღვრავს უშუალოდ დაზიანების ხარისხს. სამედიცინო ბარათში ასახულია, რომ სახის მიდამოში, მხრის მიდამოში აღენიშნებოდათ სხვადასხვა ტიპის დაზიანებები. მესამე პოლიციელს დარტყმის შედეგად ეს ჯოხი ხელზე მოხვდა და მან კონკრეტულ შემთხვევაში მიიჩნია , რომ დაზიანების ხარისხი არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, შემოწმება ყველა პირთან ტარდება, მაგრამ ხილული დაზიანება ამ მოცემულობით არ ყოფილა“, - განაცხაცდა პროკურორმა.
ანი ხუბეჯაშვილის თქმით, მათე დევიძის მხრიდან არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საშიშროება, რის გამოც პროკურატურამ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა.
ბრალდებულს სასამართლო პროცესზე სიტყვის უფლებით არ უსარგებლია. საქმეზე შემდეგი პროცესი 16 იანვარს ჩაინიშნა.
მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა იზოლატორიდან უნდა გათავისუფლებულიყო, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გადაკვალიფიცირდა. აღნიშნული მუხლი პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.