პოლიციამ გმირთა მოედანზე გამართულ აქციაზე 23 ადამიანი დააკავა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პოლიციამ რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიან აქციაზე, გმირთა მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 23 ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეულს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. დაკავებულთა ნაწილი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„სამართლიანი არჩევნების“ იურისტის, თეონა კილაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ოთხი პირი დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი. „ოთხივე დააკავეს გმირთა მოედანზე. ორ მათგანს არ მისცე ოჯახის წევრებთან დარეკვის საშუალება. ერთ-ერთი ნაცემია - დაკავების შემდეგ, მანქანაში, მას პოლიციის მაღალჩინოსანი გაუსწორდა. დაზიანებები აქვს სახისა და ყელის არეში, დახეული აქვს ტანსაცმელი. სტანდარტული მულხებით არიან დაკავებული, თუმცა არავითარი წინააღმდეგობ არ გაუწევიათ, მათი მხრიდან ხულიგნობასა და შეურაცხყოფას არ ჰქონია ადგილი“, - ამბობს ადვოკატი.

ერთ-ერთი დაკავებული ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, გოგა მემანიშვილს, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული გმირთა მოედანზე მოქალაქეების დაკავებაში. დაკავებულის ინტერესებს „უფლებები საქართველოს“ იურისტი ლაშა ტყეშელაძე იცავს.

„ის აღნიშნავს, რომ გოგა მემანიშვილმა პირდაპირ შეაგინა და შეგინებით დაიძახა, ეს ადამიანი დააკავეთო. ეს ადამიანები უკანონოდ არიან დაკავებულები. ერთ-ერთი აღნიშნავს, რომ როდესაც მაქანაში ჩასვეს და უკვე ბორკილები ედო, პოლციელმა თავი ჩააწევინა და ხელი დაარტყა. ამის შემდეგ სხვებიც ურტყამდნენ“ - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

3 მაისს, დილით, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დიღმისა და ავჭალის იზოლატორებში 10 დაკავებული მოინახულეს, სხვა დაკავებულთა ადგილამყოფელის დადგენას კი აგრძელებდნენ. ომბუდსმენის განცხადებით, ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც არასათანადო მოპყრობასა და ძალის გადამეტებაზე მიუთითებს, ინფორმაცია მიეწოდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

ცნობილია, რომ დაკავებულთა შორის არიან მუსიკოსები, ჯგუფ „ქვემეხის“ წევრი სანდრო ქერაული და ჯგუფ Bedford Falls-ის წევრი მიხო კალანდარიშვილი.

რუსული კანონის გასაპროტესტებლად 2 მაისს, მშვიდობიანი დემონსტრანტები გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ და ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეაჩერეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა არაერთხელ სცადეს გზის გახსნა, რა დროსაც რამდენიმე მოქალაქე დააკავეს.

გვიან ღამით, გმირთა მოედნიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, სახლში მიმავალ ახალგაზრდებს სულ მცირე 10 ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. „საქართველოს ამბები“ მთელი დღეა ცდილობს ინფორმაციის მოპოვებას, დაიწყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება და დააკავა თუ არა თავდამსხმელები, რომელთა ნაწილი თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალებიდან უკვე იდენტიფიცირებულია. შსს-ს პრესსამსახურში შეკითხვებზე პასუხი ამ დრომდე არ აქვთ.

15 აპრილის შემდეგ, პოლიციამ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების 100-ზე მეტი  მონაწილე დააკავა. მხოლოდ 30 აპრილის აქციაზე 63 ადამიანი იყო დაკავებული.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).