პოლონური მხარე განმარტავს, რომ კლინიკა „ვივამედში“ შეუსაბამო ინციდენტი მოხდა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება კლინიკა „ვივამედში“  მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც პოლონელი ექიმების ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლით გამოტანა სცადა. ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ქართულმა მხარემ 14 ივლისს გაავრცელა და ვიდეო კადრებიც გამოაქვეყნა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ ნიმუშის ფარულად გამოტანის მიზანი შეიძლება მხოლოდ მისი გაყალბება ყოფილიყო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლონური მხარე აფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას და კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ პოლონელ ექიმებს ყოფილი პრეზიდენტის მონახულებისა და გასინჯვის შესაძლებლობა მიეცათ და ხაზს უსვამს ქართველი ექიმების სრულ ჩართულობას მისი მკურნალობის პროცესში. სამინისტროს განმარტავს, რომ ვიზიტის მიზანი სააკაშვილის დახმარება იყო.

„მოხდა შეთანხმებასთან შეუსაბამო, განუზრახველი და გაუთვალისწინებელი ინციდენტი, რაც დაუყოვნებლივ გაირკვა ადგილზევე და შემდეგ განიმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას. ამ კონტექსტში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური პენიტენციალური სამსახურის გადაწყვეტილება, გამოაქვეყნოს პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერი და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების არაერთი ემოციური განცხადება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლონური მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არც ინციდენტი და არც საქართველოს ხელისუფლების მიერ მისი გამოაშკარავება გავლენას არ მოახდენს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის და  ქართველი ექიმების საქმიანობის შეფასებაზე, არც  გამოკვლევების შედეგების გაანალიზების პროცესზე.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობა უცვლელად გაგრძელდება და გამოთქვამს მზადყოფნას შემდგომი ქმედებებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს „ქართველი პარტნიორებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დახმარებას“.  

პოლონელი ექიმების ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ 12 ივლისს შევიდა.

მომხდარი ინციდენტის შემდეგ, 17 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მარიუშ პიეტრჟაკი დაიბარეს და მომხდარზე პოზიციის დაფიქსირება სთხოვეს. ქართული მხარის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დააფიქსირა შეშფოთება პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო და ხაზი გაუსვა, რომ ექიმის საქციელი იწვევს გაუგებრობას, შეშფოთებას და ასევე სანდოობას უკარგავს მთელს პროცესს.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობდა, რომ პოლონელ ექიმებს სააკაშვილთან აღარ შეუშვებდნენ, ვიდრე არ გაკეთდებოდა განმარტება, რა მიზანს ემსახურებოდა „სამედიცინო, ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან სრულიად შეუსაბამო ქმედება“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.