პოლონელმა ექიმებმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა დაიწყეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პოლონელი ექიმების ჯგუფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას კომპლექსური გამოკვლევა დაიწყეს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენ მეგობრებს გაჭირვებაში არ ვტოვებთ. ჩემი თხოვნით სასწრაფო ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების ბრიგადის პოლონელი ექიმების ჯგუფმა საქართველოში დაიწყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევა“, - დაწერა Twitter-ზე მატეუშ მორავეცკიმ.

ხუთი ექიმისგან შემდგარი ჯგუფი თბილისშია და სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ 12 ივლისს უკვე იმყოფებოდა. ჯგუფის წევრებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები თვეების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება პოლონელ ექიმებს „ვივამედში“ შესვლის ნებართვას არ აძლევდა. იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 4 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეს ბრალდება უსაფუძვლოა. ბრეგაძის თქმით, სამინისტრომ მკურნალობის პროცესში სასურველი ექიმების ჩართვა მიხეილ სააკაშვილს გასული წლის ნოემბერში შესთავაზა, თუმცა მისმა ოჯახმა ოფიციალური წერილით სამინისტროს მხოლოდ 4 თვის შემდეგ მიმართა და განაცხადი არასრულფასოვნად იყო წარდგენილი.

„როდესაც ადამიანი არის ცუდად და მას უნდა რომ მასთან რაც შეიძლება სწრაფად შევიდნენ ექიმები, მან და მისმა გარემოცვამ 4 თვის შემდგომ არ უნდა გამოაგზავნოს არასრულფასოვანი წერილი მაშინ, როდესაც მშვენივრად იცის რომ ასე ვერ შევა. სრულიად უსამართლო არის ბრალდება, თითქოსდა პოლონელ ექიმებს არ უშვებენ. ამით სურთ აჟიოტაჟის გამოწვევა და ის, რომ ამ ადამიანის სახელი და გვარი მუდმივად იყოს გაჟღერებული და იყოს აქტუალური“, - განაცხადა ბრეგაძემ.

მიხეილ სააკაშვილი თებერვლის შემდეგ პირველად, საკუთარ სასამართლო პროცესზე 3 ივლისს გამოჩნდა. ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ის კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო. ვიდეო კადრებიდან ჩანდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. იმავე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის მოქალაქეს საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს. მან სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა და ამ საკითხზე კონსულტაციების გამართვის მიზნით უკრაინაში საქართველოს ელჩის თბილისში გაგზავნის დავალება გასცა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე ერთ წელზე მეტია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. 2023 წლის აპრილში, მან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიმართა, თუმცა მკურნალობის მიზნით პოლონეთში გადაყვანაზე უარი ეთქვა.

მიხეილ სააკაშვილს 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, თუმცა ის აცხადებს, რომ მის მიმართ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია. სააკაშვილი 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.