საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, კობახიძის გამოსვლის ტექსტში განიხილება საქართველოს მხრიდან ე.წ. „თავდაუსხმელობის აქტის“ შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის თბილისის მზაობის გამოხატვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ძალის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის გაფორმებას რუსეთი, ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობები წლებია ითხოვენ. ეს საკითხი კიდევ ერთხელ გააქტიურდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორიდან განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე, „აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას“, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს „ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.
„ჩვენ ველით, რომ ის რეალური ნაბიჯი, რომელიც დაადასტურებს ბატონი ივანიშვილის მიერ გაჟღერებული კეთილი ზრახვების გულწრფელობას, უახლოეს მომავალში გახდება იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტური უარი საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რესპუბლიკების მიმართ ძალის ან ძალის გამოყენების მუქარის შესაძლებლობაზე“, - განაცხადეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
იგივე შინაარსის განცხადება გაკეთდა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროშიც: „იმედი ვიქონიებთ, რომ ბატონი ივანიშვილი იქნება უფრო გულწრფელი თავის განზრახვებში და აფხაზ ხალხთან მიმართებაში იპოვის სწორ სიტყვებს, რომლებიც ამჯერად არ ასცდება საქმეს და დასრულდება იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერით აფხაზეთსა და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო გარანტიების შესახებ“.
გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის დავით ბაქრაძის თქმით, პრემიერ-მინისტრი გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე მსოფლიო ლიდერებს მიმართავს და „გააცნობს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური განვითარების და სხვა მრავალი მიმართულებით“.
„გაეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, ერთ-ერთი უმთავრესი, რაშიც საქართველომ ბოლო წლებში აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი, არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება, რომელშიც ძალიან დიდ კონტრიბუციას სწორედ საქართველო აკეთებს. ასე, რომ საუბარი შეეხება რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, საქართველოს პროგრესს და ასევე იმ რეფორმებს, რომელიც მნიშვნელოვანია მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის“, - თქვა ბაქრაძემ.
ასევე ცნობილია, რომ დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან.
გაეროში კობახიძის ვიზიტს წინ უსწრებდა აშშ-ის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მოსალოდნელი სანქცირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. „ამერიკის ხმის“ ცნობით, აშშ-ს მთავრობას სანქციების პაკეტი მომზადებული აქვს და უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს.