ამერიკის შეერთებულ შტატებს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შემუშავებული აქვს და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაცია „ამერიკის ხმამ“ აშშ-ის მთავრობის ორ მაღალჩინოსანსა და ადმინისტრაციასთან დაახლოებულ კიდევ ორ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
წყაროების ინფორმაციით, სანქციების პაკეტზე მუშაობას ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები წარმართავენ.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მან [ბიძინა ივანიშვილმა] გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, გადადგა ნაბიჯები, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. ფაქტობრივად, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გაატარა“, - ამბობს ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი „ამერიკის ხმასთან“ ანონიმურობის დაცვის პირობით.
სანქციების საფუძველი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ 2021 წლის 15 აპრილს გამოცემული 14024-ე აღმასრულებელი განკარგულებაა. მაღალჩინოსნის განმარტებით, განკარგულებას „აქვს ფართო უფლებამოსილებები მასში მოხვდენ პირები, რომლებიც ახორციელებენ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს, ჩართულნი არიან საერთაშორისო კორუფციაში. არსებობს აქტივობების მთელი რიგი, რომელიც სანქციებს ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ ის რუსეთის ფედერაციისთვის სასარგებლოა“.
„აშშ-ს მთავრობას აქვს მომზადებული სანქციების პაკეტი და მზად არის მიიღოს ის... იმისთვის, რომ გადაილახოს სანქციების დაწესებისთვის საჭირო ბარიერი, საჭიროა ადმინისტრაციამ დაამტკიცოს, რომ [სანქციების ობიექტის] ქმედებებმა კანონიერი ბარიერი გადალახა, რათა აჩვენოს, რომ ამ საქმიანობას რუსეთისთვის აშკარა სარგებელი მოაქვს, და ადმინისტრაციამ ეს გააკეთა. ჯერ უცნობია, თუ და როდის იქნება [პაკეტი] ამოქმედებული, მაგრამ ამისთვის საჭირო სამუშაო შესრულებულია“, - განაცხადა ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ „ამერიკის ხმასთან“ იმის მითითებით, რომ ადმინისტრაცია ჯერ კიდევ იტოვებს იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება დემოკრატიულ კურსს.
„სიახლე ის არის, რომ ადრე ეს უბრალოდ განიხილებოდა, ხოლო ახლა არის პაკეტი, რომელიც მზად არის განსახორციელებლად”, - ასე პასუხობს კიდევ ერთი წყარო შეკითხვას, თუ რამდენადაა სიახლე ის, რომ შეერთებული შტატები ამ მიმართულებით მუშაობს. მისი ინფორმაციით, სანქციების პაკეტი შესაძლოა ასევე მოიცავდეს ივანიშვილთან დაკავშირებულ პირებს, თუმცა თავს იკავებს დეტალების გამჟღავნებაზე.
14024-ე განკარგულებით სანქციები წესდება შემდეგ პირებზე:
- პირები ან ორგანიზაციები, რომლებიც ჩართულნი არიან მავნე კიბერაქტივობებში ან დეზინფორმაციულ კამპანიებში.
- ისინი, ვინც ჩართული არიან აშშ-სა და მისი მოკავშირეების დემოკრატიული ინსტიტუტებისა თუ პროცესებისთვის ძირის გამოთხრაში.
- ორგანიზაციები ან პირები, რომლებიც მოქმედებენ რუსეთის ეკონომიკის გარკვეულ სექტორებში, როგორიცაა თავდაცვა და ენერგეტიკა.
- პირები ან ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ოკუპაციას ან აგრესიას უკრაინაში.
- ყველა, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევებზე, კორუფციასა და რეპრესიებზე, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთთან.
„ამერიკის ხმის” ინფორმაციით, როდესაც აშშ პირს 14024 განკარგულების საფუძველზე ასანქცირებს, მისი ქონება და ინტერესები აშშ-ის იურისდიქციაში იყინება, ხოლო ამერიკულ კომპანიებსა და მოქალაქეებს ეკრძალებათ მასთან ფინანსური ან კომერციული ურთიერთობა. ამას გარდა, შესაძლებელია პირზე გავრცელდეს სავიზო შეზღუდვა. უცხოური კომპანიები, რომლებიც სანქცირებულ პირთან თანამშრომლობას აგრძელებენ, თავადაც სანქციების საფრთხის წინაშე დგებიან.
ორშაბათს, 16 სექტემბერს, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქციების ძალადობრივი ჩახშობის გამო, ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების ორ მაღალჩინოსანს - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილს, იგივე „ხარებას“ და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს. ფინანსური სანქციები შეეხოთ მშვიდობიან დემონსტრაციებზე ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზატორებს, „ალტ-ინფოს“ ლიდერებს - კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძესაც. აშშ-მა ოთხვე პირი „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანა. გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს და მათ ოჯახის წევრებს, ვინც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში. სანქცირებულთა სახელები და გვარები არ სახელდება, თუმცა, დეპარტამენტის განცხადებით, მათ შორის არიან მთავრობის და მუნიციპალური დონის მაღალჩინოსნები, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, ბიზნესის ხელმძღვანელები და პირები, რომლებიც ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა და უთხრა, რომ „ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა“. მან ასევე აღნიშნა, რომ „კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა“ დაიწყოს.