საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ანგარიშს უწევს“ მის მიერ ინიცირებულ „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერი ოთხი პარტიის პოზიციებს და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ისევე როგორც ტექნიკურ მთავრობას, საპარლამენტო არჩევნებამდე აღარ წარადგენს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 4 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
„მყავდა და მყავს პრემიერობის კანდიდატი. „ქართულ ქარტიაში“ წერია, რომ მე უნდა წარვადგინო. ძალიან ბევრი ვიფიქრე, ვეძებე და შევჯერდი. მე ანგარიშს ვუწევ ოთხ პარტიას, რადგან არ უნდა იყოს არანაირი დისონანსი, მათგან მოვისმინე, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს არჩევნების შემდეგ. ქარტიაში არ წერია ის, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არჩევნებამდე უნდა იყოს წარდგენილი თუ მერე. რადგან უმრავლესობის ხედვა იყო, ჯობია არჩევნების შემდეგ იყოს.
ვთვლი, რომ ნეიტრალური პრემიერი, რომელიც არ არის პოლიტიკური ფიგურა, იმ გაგებით, რომ არ არის პოლიტიკური პარტიებიდან წამოსული - ეს ბევრად ადვილია პარტიებისთვის შეჯერდნენ, რადგან მათი ხედვები არის სხვადასხვა. ტექნიკური მთავრობა, რომელიც შეიძლება იყოს მთლიანად ტექნიკური ან შერეული, ამაზეც არჩევნების შემდეგ, დავიწყებთ მსჯელობას.
ამომრჩეველს მინდა ვუთხრა, რომ მე არსად მივდივარ, აქ ვარ. არჩევნების მერე აქ ვიქნები და ძალიან გავუფრთხილდები ამ ქვეყნის სტაბილურობას. ძალებს მოვიკრებ იმისთვის, რომ ასე მოხდეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში.
პრეზიდენტმა ამომრჩეველს მიმართა, რომ არ შეეშინდეთ და ხმა მისცენ იმ პარტიას, რომელიც მათ მსოფლმხედველობასთან ყველაზე ახლოა. მისი თქმით, აღნიშნული პარტიები სწორედ მის წინაშე არიან ვალდებულები და პასუხისმგებლები, რომ „ქართული ქარტია“ შეასრულონ.
„ამომრჩეველი არის ყველაზე ბრძენი და მინდა, ამომრჩეველს ვუთხრა, ჩათვალეთ, რომ არჩევანი გაქვთ - ოთხი პარტია. შეიძლება არცერთი არ იყოს თქვენთვის იდეალური, მაგრამ ჯამში, ესენი არიან ჩვენი მომავალი. ჩვენ შემდეგ ვნახავთ ზოგი პარტიის გარდაქმნას, ალბათ, ვნახავთ ახალ პარტიებს. შიში და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე კონტროლი რომ მოიხსნება, ბევრად უფრო ღია იქნება საარჩევნო სივრცე.
ნუ გეშინიათ. ხმა მიეცით იმას, ვინც უახლოვდება თქვენს მსოფლმხედველობას. იცოდეთ, რომ ეს პარტიები ჩემს წინაშე არიან ვალდებულები და პასუხისმგებლები, რომ შეასრულონ „ქართული ქარტია“, რომელიც არის სამოქმედო გეგმა, რომ ძალიან სწრაფად შევიდეთ ევროკავშირში. ამაზე ყველას პასუხს მოვთხოვ.
ეს ოთხი პარტია არის მედიატორი იმისთვის, რომ ჯამში მივიღოთ ის პროცენტები, რომელიც შექმნის შესაძლებლობას, მარტივად იყოს მიღებული ის გადაწყვეტილებები, რომელიც „ქართულ ქარტიაში“ გვიწერია, მარტივად გავაუქმოთ რუსული კანონები. ნუ გეშინიათ და „ქარტიის“ ხმები მეც მომეცით ამ ფორმით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტს მიაჩნდა, რომ არაპოლიტიკოსებისგან შემდგარი მთავრობა არჩევნებამდე უნდა წარედგინა. „მე ვთვლი, რადგან ჩემი წარსადგენია, რომ უნდა იყოს წარდგენილი ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში და ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას, პარლამენტის კონტროლის ქვეშ, ცხადია, პოლიტიკური პარტიების კონტროლის ქვეშ, ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას ამ ქარტიის გზაზე“, - თქვა მან 12 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე. უფრო ადრე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავდა.
ტექნიკური მთავრობის არჩევნებამდე დასახელების წინააღმდეგი იყო „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“.