პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეხმაურება ინიციატივას, 29 დეკემბრის შემდეგ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის წევრების დარჩენის შესახებ. მისი თქმით, პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე პროტესტს აუფასურებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
გახარიას თქმით, პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს ატრიბუტიკა, მით უმეტეს, შენობა.
„ლეგიტიმაციის წყარო ხალხის ნდობაა. პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, აუფასურებს პროტესტს. ხალხი რუსთაველზე ბევრად უფრო დიდ და მნიშვნელოვან ღირებულებებს იცავს. სწორედ ამიტომ არის პროტესტი წარმატებული.
უნდა გავუფრთხილდეთ ხალხს, გამარჯვების რწმენას, ერთობას პროტესტის მიზნებისა და ფასეულობების ირგვლივ. მხოლოდ ასე გახდება პროტესტი ჭეშმარიტად ყოვლისმომცველი.
უპირობოდ გაათავისუფლეთ უკანონოდ დაკავებული ყველა პოლიტიკური მძევალი! დროულად გამოაცხადეთ ახალი არჩევნების კონკრეტული თარიღი!“, - წერს გახარია სოციალურ ქსელ Facebook-ში.
25 დეკემბერს, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ პარტიები მზად არიან, 29 დეკემბრის შემდეგაც სასახლეში დარჩნენ და ის გამოაცხადონ „ერთადერთ ადგილად, სადაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება“. ამ საკითხზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.
არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილს დაპატიმრებით ემუქრება. როგორც მან 22 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, სისხლის სამართლის დანაშაული იქნება, თუ 29 დეკემბრის შემდეგ ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში დარჩება.
„მგონია, მას მაინც ეყოფა გონიერება, არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომლებიც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას“, - თქვა კობახიძემ.
29 დეკემბერს, კვირას, არალეგიტიმურ პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციაა დაგეგმილი. სალომე ზურაბიშვილი და საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ყაველაშვილის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, მისი „მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი“, რომელიც მეექვსე პრეზიდენტს აირჩევს.
