საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებული ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა. პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს გამოსცა. ლაზარე გრიგორიადისი ციხიდან დღესვე უნდა გაათავისუფლონ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი 12 აპრილს გამოაცხადა. მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე დღეს, პრეზიდენტმა ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებდა, როგორც კი მას განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს გადასცემდნენ.
ამის შემდეგ მოსამართლემ ზვიად შარაძემ თქვა, რომ საქმეზე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მხარეებისთვის გადასაცემად მას 14 სამუშაო დღე, კანონით დაშვებული მაქსიმალური ვადა დასჭირდებოდა. მოსამართლემ გაჭიანურების მიზეზად საქმის დიდი მოცულობა დაასახელა. განაჩენის გამოცხადებამდე, 2024 წლის 15 იანვრიდან 2024 წლის 8 აპრილამდე პერიოდში, მოსამართლე ზვიად შარაძემ დასკვნითი სასამართლო სხდომა სამჯერ გადადო.
21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტს დააკავა. პროკურატურა გრიგორიადისს ადანაშაულებდა, რომ მან 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, შს სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით „მოლოტოვის კოქტეილი“ გაისროლა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილს ცეცხლი წაუკიდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა, როცა ის პრემიერ-მინისტრი იყო, არაერთხელ დაარღვია ლაზარე გრიგორიადისის უდანაშაულობის პრეზუმფცია. პრემიერმა თქვა, რომ „მას [ლაზარეს] განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა“. 30 ივნისს, პარლამენტში გამოსვლისას, ღარიბაშვილმა ლაზარე გრიგორიადისი კიდევ ერთხელ გამოაცხადა დამნაშავედ: „გამოვიდა, პოლიციას პირდაპირ მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა. არ მაინტერესებს ვინც არის. ამას გეტყვით აღშფოთებით. მე აქ ვიქნები აბსოლუტურად შეუვალი, უკომპრომისო. არავის არ ვაპატიებთ ასეთ რაღაცას. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვა. ეს კარგად დაიმახსოვროს ყველამ. ახლა გამოვიდნენ და დაიცვან. რატო არ იცავენ?! რატომ არ გამოჰყავთ ციხიდან?! ვერავინ ვერ გამოიყვანს, ვერავინ ვერ აპატიებს ამ მძიმე დანაშაულს, ვინც აღმართავს პოლიციაზე ხელს“.
სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს სამჯერ უთხრა უარი ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. ლაზარე გრიგორიადისი ცილისწამების ფაქტის დადგენას, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.
2023 წლის 25 სექტემბერს ლაზარე გრიგორიადისს ორი წლის წინანდელ დანაშაულზე 18 თვით პატიმრობა მიესაჯა. გრიგორიადისი ბრალდებული იყო მამის დაჭრაში. მისმა ადვოკატმა თქვა, რომ ეს განაჩენიც „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საქმეზე გრიგორიადისის ბრალდებას უკავშირდებოდა.
ადვოკატის თქმით, თუ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლისა და შსს-ს ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდების საქმეზე სასამართლოში საქმის განხილვა, ბრალის წარდგენიდან 9 თვეში ვერ დასრულდებოდა, ლაზარე გრიგორიადისს წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა ამოიწურებოდა და ის უნდა გაეთავისუფლებინათ. „მამის დაჭრის ბრალდების საქმეზე სასამართლოში პროცესი 3 წელია არ დანიშნულა და ახლა მხოლოდ იმის გამო ჩანიშნეს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო“, - განაცხადა ადვოკატმა.
2023 წლის 22 ნოემბერს, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულად ცნობილმა პოლიციელებმა, საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს, არ შეეწყალებინა ლაზარე გრიგორიადისი.