პროკურატურა მზად არის, კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვოს, თუ ბრალდებულები ზიანს აანაზღაურებენ და დანაშაულს აღიარებენ. ამის შესახებ საქმის პროკურორმა, როინ ხინთიბაძემ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ყველა ის გარემოება, რაც საფუძვლად დაედო ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნას, კვლავ ძალაშია. ბრალდების მხარემ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მიმართ პატიმრობა მოითხოვა იმის გამო (სხვა არაერთ გარემოებასთან ერთად), რომ მათ არ ჰქონდათ ანაზღაურებული ზიანი, არ აღიარებდნენ ჩადენილ დანაშაულს, ასევე, არ აცნობიერებდნენ ქმედების ხასიათს. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულები აანაზღაურებენ მიყენებულ ზიანს და აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს, ბრალდების მხარე მზად არის, პატიმრობა შეცვალოს სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით“, - ამბობს პროკურორი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, აკაკი ჩიქობავასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტს, გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 25 იანვარს შეუფარდა. მათ ბრალად აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის განზრახ, ჯგუფურად დაზიანება ედებათ, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. პროკურორ როინ ხინთიბაძის განცხადებით, ბრალდებულების ქმედების შედეგად სახელმწიფოს 3380 ლარის ზიანი მიადგა.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა ავტომობილის დაზიანების ნაწილში ბრალი აღიარეს, ხოლო ჯგუფურად მოქმედება უარყვეს. ამასთან, გამოთქვეს მზადყოფნა, აღსრულების ეროვნულ ბიუროს ზიანი აუნაზღაურონ.
დაცვის მხარემ მოსამართლე დავით კურტანიძის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ადვოკატ გურამ იმნაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი საქალაქო სასამართლოში პარასკევს, 26 იანვარს შეიტანეს, ის დღემდე არ არის გადაგზავნილი სააპელაციო სასამართლოში.
„ჩვენი მოლოდინია, რომ ეს ამ კვირაში მოესწრება, მაგრამ რომელ დღეს, ეს არ ვიცით. უკვე იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლოც შეიცვლის თავის პოზიციას“, - აღნიშნა იმნაძემ.
პოლიციამ 23 იანვარს, ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სულ 20 ადამიანი დააკავა. მათგან 18 - ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით. დაკავებულების ნაწილი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 2000-2000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. სასამართლო პროცესები ჯერ დასრულებული არ არის.