„ყველა გაოცებული იყო თავდასხმით იმ ადამიანზე, რომელიც საკუთარ შეხედულებას აფიქსირებდა. ის ძალიან განათლებული ადამიანია. მეცნიერები შეიძლება ყოველთვის არ ეთანხმებოდნენ გარკვეულ პოზიციებს, მაგრამ განათლებას პატივს ვცემთ. ქართველებმა იციან, რომ ეს პრორუსული დეზინფორმაცია დიდი ხანია გრძელდება, ბოლო დროს კი გაიზარდა და უფრო აგრესიული გახდა. მიზანი ქართველების დაყოფაა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რამაც ქვეყანა ასეთი პოლარიზებული გახადა - დეზინფორმაციის მუდმივი ტალღა, რომელიც პრორუსული ძალების მიერ არის ორგანიზებული, რომელიც ცდილობს საზოგადოების დაბნევას, რათა ხალხმა ვერ გაიგოს რა არის სწორი ან არასწორი“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „საქართველოს ამბებთან“ ინტერვიუში, ყვარელში, პრორუსული პარტიის „ალტ ინფოს“ წევრების მიერ ლევან ბერძენიშვილის ლექციის ჩაშლასთან დაკავშირებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ახლა, როდესაც საქართველოს აქვს წარმოუდგენელი შესაძლებლობა, მსგავსი ძალები ძლიერდებიან და ისინი შეეცდებიან ჩამოაშორონ საქართველო ამ ბედისწერას, რომელიც ჩემი აზრით, ევროპაა. საქართველომ მტკიცედ და მკაფიოდ უნდა აჩვენოს მისწრაფება იმ მიმართულებისკენ, რომლისკენაც საუკუნეების მანძილზე მიდიოდა.
საქართველოს კულტურები ეფუძნება ამ საერთო ღირებულებებს - თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, ადამიანის უფლებების პატივისცემას და ასევე, ერთმანეთის პატივისცემას. იმედი მაქვს, რომ ქართველები დაიბრუნებენ წონასწორობას პრორუსული ძალების ამ ძალიან აგრესიული მცდელობის ფონზე“, - აღნიშნა ელჩმა.
„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ წევრებმა, დაახლოებით 20-მა ადამიანმა, 15 იანვარს, ყვარელში, ლევან ბერძენიშვილს საჯარო ლექციის - „ილია, ჩვენი ევროპელი მამა“ ჩატარების საშუალება არ მისცეს. პრორუსული პარტიის წარმომადგენლებმა „ყვარლის ევროკლუბთან“ მისასვლელი საავტომობილო გზა გადაკეტეს და ლევან ბერძენიშვილი შენობამდე არ მიუშვეს. აქციის მონაწილეები ყვიროდნენ, რომ „ლევან ბერძენიშვილი მოღალატეა და ერეკლე მეფის შეურაცხყოფის გამო, კახეთი არ მიიღებს“.
ადგილზე მყოფ პოლიციელებს საავტომობილო გზის გათავისუფლება არ უცდიათ და არც ხულიგნობა აღკვეთეს.
2022 წლის მაისში, ლევან ბერძენიშვილმა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორე, 1783 წელს რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების გამო გააკრიტიკა. ბერძენიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: „სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არ არის გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა და „ომი გინდათ?!“. ხო, ერეკლემაც ეგ თქვა, რა - აბა, ომი გინდათო? მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო. მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა მარტო კახეთს აკონტროლებდა, ვინ მისცა მაგის უფლება? ხომ დაუწერა საკუთარმა შვილთაშვილმა - ვინ მოგცა ნებაო. არ მოუსმინეს. ბარათაშვილს არ უსმენენ“.
ბერძენიშვილის ამ განცხადების შემდეგ გავრცელდა პეტიცია - ხელისმომწერები ითხოვდნენ მას სტუდენტებისთვის ლექციის ჩატარება აეკრძალოს. 28 მაისს კი, თელავში, ერეკლე მეორის სასახლესთან „მეფის დასაცავად“ აქცია გაიმართა, რომელშიც თელავის სახელმწიფო თეატრის თანამშრომლები, „ალტ ინფოს“ აქტივისტები და საჯარო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. ბერძენიშვილის ფოტოები მეფის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტუალეტის კარზე გააკრეს.