რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, როგორც მოსალოდნელი იყო, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და კენჭს მეხუთე ვადით იყრის. ეს ინფორმაცია მან დღეს კრემლში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, არტიომ ჟოგასთან შეხვედრისას დაადასტურა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 სოზარ სუბარი პოლიციელების ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვს
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 6 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
„ვთხოვეთ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, რაზეც თქვა, რომ დრო სხვადასხვანაირია, რთული, მძიმე, მაგრამ მოცემულ მომენტში ის ხალხთან იქნება და კენჭს იყრის. ძალიან გვიხარია, რომ პრეზიდენტმა საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე ჩვენი თხოვნა შეისმინა, მთელი რუსეთი მას უჭერს მხარს“, - უთხრა ჟოგამ ჟურნალისტებს.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მარტში გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, კენჭისყრა სამი დღის განმავლობაში, 15-დან 17 მარტის ჩათვლით ჩატარდება.
პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი და მისი გუნდი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, საარჩევნო უბნებზე მივიდნენ და ხმა პუტინის წინააღმდეგ მისცენ.
„ეჭვგარეშეა, არჩევნების პაროდია გველის და საბოლოო შედეგები, როგორც ყოველთვის, გაყალბდება. მაგრამ ნებისმიერი არჩევნების, თუნდაც ყველაზე ყალბის დროს ჩნდება ეჭვები. ხალხი ფიქრობს, ვინ არის ხელისუფლებაში და რატომ არის იქ. რუსული ოპოზიციის, ყველა პატიოსანი მოქალაქის ამოცანაა ამ ეჭვებზე პასუხის გაცემა მთელი ძალით. აგიტაცია, ახსნა იმისა, რომ 71 წლის პუტინი, რომელიც ხელისუფლებაში 24 წელია, კიდევ 6 წელი არ უნდა დარჩეს. ის რუსეთს დააზარალებს, ის უნდა წავიდეს“, - აცხადებს ნავალნის გუნდი.
პუტინს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა მომავალი წლის 7 მაისს ეწურება. 2020 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, მისი პრეზიდენტობის ვადები განულდა, რაც საშუალებას აძლევს თანამდებობაზე კიდევ ორჯერ, 2024 და 2030 წლებში იქნეს არჩეული და ხელისუფლებაში 2036 წლამდე დარჩეს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. რუსეთის პრეზიდენტი ომის დანაშაულშია ბრალდებული.