ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და ასევე, ბავშვის უფლებების საკითხებში პრეზიდენტის რწმუნებულის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა. მათ ბრალი ედებათ ომის დანაშაულში, კერძოდ, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაში.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ბატონი ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი, დაბადებული 1952 წლის 7 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე -მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში. დანაშაულები, სავარაუდოდ, ჩადენილია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან“, - ნათქვამია ჰააგის სასამართლოს მიერ დღეს, 17 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებმა პროკურატურის 2023 წლის 22 თებერვლით დათარიღებული შუამდგომლობების საფუძველზე დაადგინეს - არსებობს გონივრული საფუძველი, რომ თითოეული ეჭვმიტანილი პასუხისმგებელია მოსახლეობის უკანონო დეპორტაციისა და ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის უკანონო გადაყვანის ომის დანაშაულზე, რამაც უკრაინელ ბავშვებს ზიანი მიაყენა.

სასამართლო დაკავების ორდერებს მსხვერპლთა და მოწმეთა დაცვის, ასევე, გამოძიების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით არ აქვეყნებს.

„ამიერიდან რუსეთის პრეზიდენტს აქვს საერთაშორისო დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის ოფიციალური სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ფარგლებს გარეთ პუტინი უნდა დააკავონ და სასამართლოს წინაშე წარადგინონ. მსოფლიო ლიდერები სამჯერ დაფიქრდებიან, სანამ მას ხელს ჩამოართმევენ ან მასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდებიან. მსოფლიომ მიიღო სიგნალი, რომ რუსეთის რეჟიმი კრიმინალურია და მის ხელმძღვანელობასა და თანამზრახველებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება უკრაინისთვის და მთელი საერთაშორისო სამართლის სისტემისთვის“, - თქვა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ანდრი კოსტინმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის, მარია ზახაროვას განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთისთვის „არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მათ შორის, სამართლებრივი კუთხით“. როგორც ზახაროვა ამბობს, რუსეთი არ წარმოადგენს რომის სტატუტის მონაწილეს და ვალდებულებაც არ გააჩნია.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ 16 221 ბავშვის უკანონო დეპორტაცია დააფიქსირა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.