ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„რუსეთის ხელისუფლება აპირებს საკუთარი ამბის მოყოლას. შეცდომა არ დავუშვათ: პუტინია პასუხისმგებელი ნავალნის სიკვდილზე“, - ციტირებს მედია ბაიდენის განცხადებას.
„ის, რაც ნავალნის დაემართა, პუტინის სისასტიკის კიდევ ერთი დადასტურებაა. პუტინი მიზანში იღებს არამხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს - ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ახლა უკრაინაში - ის საშინელ დანაშაულებს სჩადის საკუთარი ხალხის მიმართაც“.
ჯო ბაიდენის თქმით, ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ ცნობით აღშფოთებულია. ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნავალნი „მამაცურად დაუპირისპირდა კორუფციას, ძალადობას და ყველაფერს ცუდს, რასაც პუტინის მთავრობა აკეთებდა. საპასუხოდ, პუტინმა ის მოწამლა, დააპატიმრა, გაყალბებული დანაშაულებისთვის გაასამართლა“.
ბაიდენის თქმით, ალექსეი ნავალნი ციხეშიც კი სიმართლის ძლიერი ხმა იყო.
„ხალხი რუსეთში და მთელ მსოფლიოში დღეს გლოვობს ნავალნის, რადგან ის იყო ბევრი რამ, რაც პუტინი არ არის. ის მამაცი იყო, პრინციპული. მას სურდა ისეთი რუსეთის აშენება, სადაც კანონის უზენაესობა იქნებოდა. სჯეროდა ასეთი რუსეთის და რომ ეს იყო საქმე, რომლისთვისაც ღირდა ბრძოლა და, როგორც ჩანს, სიკვდილიც კი. მას შეეძლო უსაფრთხოდ ეცხოვრა დევნილობაში მას შემდეგ, რაც 2020 წელს მისი მკვლელობა სცადეს და კინაღამ მოკლეს. ამის ნაცვლად, ის რუსეთში დაბრუნდა - იცოდა, რომ სავარაუდოდ, დააპატიმრებდნენ. შესაძლოა, მოეკლათ თუ საქმიანობას გააგრძელებდა, მაგრამ მან მაინც გააკეთა ეს, რადგან ღრმად სწამდა საკუთარი ქვეყნის, რუსეთის“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, იყო თუ არა მომხდარი მკვლელობა, პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა: „ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა მოხდა, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ნავალნის სიკვდილი იყო შედეგი რაღაცის, რაც პუტინმა და მისმა ავაზაკებმა გააკეთეს“.
ჯო ბაიდენის განცხადებით, ამ ამბავმა შეერთებული შტატები უნდა გამოაფხიზლოს, რომ უკრაინისთვის დაფინანსება გამოყოს, რათა მან გააგრძელოს რუსეთისგან თავის დაცვა.
16 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სამწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხეში გარდაიცვალა. იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ N3 გამოსასწორებელ კოლონიაში, გასეირნების შემდეგ პატიმარმა თავი ცუდად იგრძნო და თითქმის მაშინვე გონება დაკარგა. „ჩატარდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ ამან დადებითი შედეგი არ გამოიღო. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მსჯავრდებულის გარდაცვალება დაადასტურეს. გარდაცვალების მიზეზები დგინდება“, - აცხადებს უწყება. პროპაგანდისტული არხის Russia Today-ს წყარომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზად თრომბი დაასახელა.
ნავალნის 19 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. 2023 წლის ბოლოდან ის სასჯელს განსაკუთრებული რეჟიმის კოლონია Полярный волк-ში („პოლარული მგელი“) იხდიდა. აღნიშნული კოლონია ხარპის დასახლებაში, იამალის ნახევარკუნძულზე, ციმბირში მდებარეობს. 14 თებერვალს, პოლიტიკოსის პრესმდივანმა კირა იარმიშმა განაცხადა, რომ ნავალნი პატიმრობის განმავლობაში 27-ედ, 15 დღით მოათავსეს სადამსჯელო საკანში.