„რადიო თავისუფლება“ აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს სასამართლოში უჩივის

„რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება“ (RFE/RL) სასამართლოში ჩივის ფედერალური დაფინანსების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების დაბლოკვის მიზნით.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

წარდგენილი საჩივრის მიხედვით, კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხების ჩარიცხვაზე უარით ირღვევა კანონები და აშშ-ის კონსტიტუცია, რომელიც ფედერალურ ხარჯებზე ექსკლუზიურ უფლებამოსილებას კონგრესს ანიჭებს. საქმეს შეერთებული შტატების კოლუმბიის ოლქის საოლქო სასამართლო განიხილავს.

„ახლა არ არის იმის დრო, რომ ამერიკის მტრების პროპაგანდას და ცენზურას ადგილი დავუთმოთ. ჩვენ გვჯერა, რომ კანონი ჩვენს მხარეზეა და რომ ნაადრევია ჩვენი დაღუპვის ზეიმი დესპოტების მიერ მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა „რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტმა, სტივენ კაპუსმა.

„რადიო თავისუფალმა ევროპამ“ მაუწყებლობა პირველად პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, უნგრეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში 1950 წელს დაიწყო, ხოლო 1953 წლიდან „რადიო თავისუფლება“ საბჭოთა კავშირში მუშაობდა.

მედიასაშუალების საქმიანობას კონგრესი შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) მეშვეობით გამოყოფილი სახსრებით აფინანსებს.

საჩივარში, რომლის ადრესატები USAGM-ი და მისი თანამდებობის პირები არიან, ნათქვამია, რომ 17 მარტს „რადიო თავისუფლებამ“ სააგენტოს 7 464 559 აშშ დოლარის ინვოისი წარუდგინა, მაგრამ თანხა არ მიუღია, რაც მის 75-წლიან ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

საჩივარში აღნიშნულია, რომ კანონით გათვალისწინებული სახსრების ხელმისაწვდომობაზე უარი უპრეცედენტოა და თუ დაფინანსება არ განახლდება, „რადიო თავისუფლება“ იძულებული გახდება, ევროპისა და აზიის 23 ქვეყანაში მუშაობა შეაჩეროს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) შემცირების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი 14 მარტს მოაწერა. შედეგად „ამერიკის ხმის“ მუშაობა გაჩერდა. „პირველად 83 წლის განმავლობაში, ლეგენდარული „ამერიკის ხმა“ გაჩუმდა“, - განაცხადა ორგანიზაციის დირექტორმა, მაიკლ აბრამოვიცმა 16 მარტს. 

 

ამ თემაზე:

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროპამ „რადიო თავისუფლება“ უნდა შეინარჩუნოს

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.