იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს, ნინო გიორგაძეს უფლებამოსილება შეუწყვიტა. ის 1-ელი დეკემბრიდან მოსამართლე აღარ იქნება. საბჭოს ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, რადგან სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეებს თანამდებობაზე უვადოდ თითქმის ავტომატურად ნიშნავდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ
- 6 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
რატომ შეიძლება შეეყვანათ მოსამართლე ნინო გიორგაძე ე.წ. შავ სიაში - ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელიც ნინო გიორგაძემ განიხილა და უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მარნეულისა და ჰუჯაპის ეპარქიის დაფინანსებას ეხებოდა.
მოსამართლემ 2022 წლის 1-ელ ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით დისკრიმინაციად მიიჩნია ადგილობრივი ბიუჯეტიდან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიის დაფინანსება, ყოველწლიურად თითქმის 400 ათასი ლარით და საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილება გააუქმა. მხოლოდ 2019-2022 წლებში მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 1.5 მილიონ ლარზე მეტი ჰქონდა მიღებული „რელიგიური შემწყნარებლობის პროპაგანდისა და მოსახლების სულიერების ამაღლებისათვის“. სხვა რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ, დაფინანსებას საერთოდ ვერ იღებენ. დაფინანსების ეს წესი აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ და სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესმა სასულიერო სამმართველომ 2019 წელს გაასაჩივრეს.
მოსამართლემ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „ადგილი აქვს განსხვავებულ მოპყრობას, რაც ერთმნიშვნელოვნად რელიგიურ ნიშანს ეფუძნება. სახელმწიფოს ნებისმიერი ქმედება უნდა ეფუძნებოდეს სეკულარულ მიზანს, არ უნდა უწევდეს მხარდაჭერას ერთ რომელიმე რელიგიას და არ უნდა ტოვებდეს „რელიგიასთან გადაჭარბებული აფილაციის „შთაბეჭდილებას“.
ნინო გიორგაძის ამ გადაწყვეტილებას მარნეულისა და ჰუჯაპის ეპისკოპოსის აღშფოთება მოჰყვა. მეუფე გიორგი ჯამდელიანმა სოციალურ ქსელში მოსამართლის ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით: „იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება!“.
ბოლნისის სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული იყო და თუ ის ძალაში დარჩებოდა, ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკას შეცვლიდა. მარნეულის მერიამ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და მოსამართლე ლეილა მამულაშვილმა ის გააუქმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა, რომელიც ახლა არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგს“ ხელმძღვანელობს, „საქართველოს ამბებს“ უთხრა, რომ
ნინო გიორგაძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დასაჯა, რადგან ის არ იქცა ე.წ. კლანთან აფილირებულ მოსამართლედ, არ დაემორჩილა არსებულ არაფორმალურ იერარქიულ წესრიგს, რაც მას 3 წლის თავზე სამოსამართლო საქმიანობის შეწყვეტის ფასად დაუჯდა.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება არის დამოუკიდებელი მოსამართლეების მიმართ ერთგვარი გაფრთხილება და მინიშნება. სისტემა როგორ მუშაობს - თუ შენ ვიღაცასთან მიხვალ, დაელაპარაკები, მოუბოდიშებ, მორჩილებას დაჰპირდები, მეტს აღარ ვიზამ, მერე დაფიქრდება, დაგნიშნოს თუ არა. მოსამართლედ დანიშვნამდე ნინო მუშაობდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ახლა ვინც არის საბჭოს წევრი, ქეთევან ცინცაძე, ის იყო მისი უფროსი და კარგად იცის ნინოს პროფესიული შესაძლებლობები. ნებისმიერთან შეეძლო ნინოს მისვლა და დალაპარაკება, რომ დახმარებოდნენ, ამბავი მურუსიძემდე მიეტანათ, მაგრამ ეს არ გააკეთა. კლანისთვის მთავარია ერთგულება“, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ნინო გიორგაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას საკვალიფიკაციო პალატაში გეგმავს, შემდეგ სასამართლოში და „მათ შორის, უფრო შორსაც აპირებს სამართლებრივი დავის გაგრძელებას“, - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იგულისხმა ნაზი ჯანეზაშვილმა.
კითხვაზე - ნინო გიორგაძე 3 წლის წინ, გამოსაცდელი ვადით, მოსამართლედ ხომ ამავე ე.წ. კლანმა დანიშნა, რატომ შეცვალეს გადაწყვეტილება, ნაზი ჯანეზაშვილი პასუხობს: „კლანს ყველა შემთხვევაში არ უმართლებს. როგორც გითხარით, ნინო მოსამართლედ დანიშვნამდე მუშაობდა იუსტიციის საბჭოში, დამოუკიდებელ ინპექტორთან, კვალიფიციური იყო. როგორც ჩანს, ამიტომაც გამოუცხადეს ნდობა. ვერ დაუშვეს, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი მოსამართლე, რომელიც დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებებს. მას რომ ეთქვა კლანისთვის, რაღაც არ გამომივიდა, შევცვლი ჩემს მიდგომებს, აუცილებლად გაუგრძელებდნენ მოსამართლის უფლებამოსილებას“.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, სადაც ახსნილი იქნება, რატომ აღარ დანიშნეს ნინო გიორგაძე მოსამართლედ, ჯერ ხელმისაწვდომი არ არის.
ნინო გიორგაძე 2006-2007 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სტაჟიორი; 2007-2008 წლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის მდივნის რეზერვი; 2008-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის უფროს კონსულტანტად; 2018-2019 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის უფროსი კონსულტანტი. 2020 წლის დეკემბრიდან 2023 წლის დეკემბრამდე არის ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს მოსამართლე ნინო გიორგაძემ განიხილა „საქართველოს ამბების“ ყველა სარჩელი, ბოლნისის, დმანისის და მარნეულის თვითმმართველობის ორგანოების წინააღმდეგ. „საქართველოს ამბებს“ საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში 50-ზე მეტი სარჩელი აქვს წარდგენილი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალების მოთხოვნით. ნინო გიორგაძე ერთადერთი მოსამართლეა საქართველოს მასშტაბით, რომელმაც მედიაორგანიზაციის სარჩელები გონივრულ ვადებში განიხილა და დააკმაყოფილა.
სამი წლის განმავლობაში ნინო გიორგაძეს წარმოებაში 2100 საქმე ჰქონდა.