საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ის ევროპარლამენტში სიტყვით უნდა გამოსულიყო, საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო გადადო. მთავრობა ბრალდებას უარყოფს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 3 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 4 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
- 5 პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინა
- 6 ჩეჩნეთიდან გაქცეული 23 წლის ქალი სომხეთში გარდაცვლილი იპოვეს
„საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაედო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით. ევროპარლამენტისადმი მიმართვა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრების შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი კანდიდატის სტატუსის გასამყარებლად და ამიტომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული გამოსვლის სათანადო დრო“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა თანხმობის გაცემის პროცესი, რაც ვიზიტის გადადების მიზეზი გახდა. ადმინისტრაციის განცხადებით, სტრასბურგში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით სიტყვიერი თანხმობა პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, მისი აშშ-ში ვიზიტის დროს მიიღო.
„მთავრობის ადმინისტრაციასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და ტექნიკური დეტალების დაზუსტება. ბოლო, დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში შემოვიდა 12 აპრილს და მეორე დღესვე, 13 აპრილს მას გაეგზავნა წერილობითი თანხმობა 17-19 აპრილს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტრასბურგში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით.
ასევე, საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნა წერილობითი თანხმობა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით. აქვე აღვნიშნავთ, რომ 13-16 მარტს საფრანგეთის რესპუბლიკასა და ბელგიის სამეფოში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 10 მარტს შემოსულ წერილზე მთავრობის ადმინისტრაციამ თანხმობა 13 მარტს გასცა. შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაციამ როგორც წინა ვიზიტების შემთხვევაში, ასევე აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებითაც თანხმობა მყისიერად გასცა“, - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.
ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა 18 აპრილს იყო დაგეგმილი. ზურაბიშვილმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია 31 მარტს, საქართველოს პარლამენტში წლიური მოხსენების წარდგენისას გააჟღერა. მისი თქმით, სტრასბურგში ევროპარლამენტის პრეზიდენტის მიწვევით უნდა წასულიყო.
ამ თემაზე:
პრეზიდენტი ამბობს, რომ ყველა მინისტრთან ნორმალური კომუნიკაცია აქვს, პრემიერის გარდა
