რატომ მალავდა სკოლის დირექტორი 14 წლის გოგოს მოტაცებას - ისმაილოვი ბრალდებებს უარყოფს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

სოფელ ზემო კარაბულახის საჯარო სკოლის დირექტორი გამლეტ ისმაილოვი

დმანისის სოფელ ზემო კარაბულახის საჯარო სკოლის დირექტორმა გამლეტ ისმაილოვმა „საქართველოს ამბების“ რედაქტორს 6 ოქტომბერს, მაშინაც კი დაუმალა მისი სკოლის მე-8 კლასის მოსწავლის, 14 წლის აითაჯ შახმაროვას მოტაცების ამბავი, როცა გოგო უკვე რამდენიმე საათის მოკლული იყო. გამლეტ ისმაილოვი „ქართული ოცნების“ პარტიული სიით დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. ის გამომძიებელს ამ დრომდე დაკითხვაზეც კი არ დაუბარებია. ისმაილოვი უარყოფს სამოქალაქო აქტივისტის სამირა ბაირამოვას მიერ, მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

6 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც „საქართველოს ამბებმა“ საგარეჯოს სოფელ ლამბალოში მოკლული გოგოს ვინაობა გაარკვია, სკოლის დირექტორს ტელეფონით დავუკავშირდით და ვკითხეთ, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, რაც საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო და გოგონა სკოლაში არ გამოცხადებულა, რატომ არ აცნობა ამის შესახებ პოლიციას ან სოციალურ სამსახურს. კანონმდებლობა სკოლის დირექციას ასეთ ფაქტებზე შესაბამისი სამსახურებისთვის ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდებას ავალდებულებს.

„გუშინაც გაკვეთილებზე იჯდა“ - გვითხრა სკოლის დირექტორმა.

- აითაჯ შახმაროვა, მე-8 კლასში, ამ სახელითა და გვარით სხვა მოსწავლეც ხომ არ გყავთ?

- არა, ერთია.

- გუშინ გაკვეთილზე როგორ იჯდა, როცა ზაფხულის შემდეგ მოტაცებული იყო, სექტემბერში სკოლაში საერთოდ არ მოსულა და მთელი ამ ხნის განმალობაში თქვენ არავის აცნობეთ ამის შესახებ. იცით, რომ მოკლულია?

- მოკლული?

- დიახ, მოკლეს, დღეს. ორი თვეა სოფელ ლამბალოშია და გუშინ გაკვეთილებზე როგორ იმყოფებოდა დმანისში?

ამის შემდეგ სკოლის დირექტორმა ჩვენთან კომუნიკაცია გაწყვიტა.

„საქართველოს ამბები“ სკოლის დირექტორს დღეს დილით კიდევ ერთხელ ესაუბრა. გამლეტ ისმაილოვმა ახლა თქვა, რომ კლასის ხელმძღვანელი აითაჯის დედას ესაუბრა, მშობელი 5 ოქტომბერს სკოლაშიც იყო მისული და პირობა დადო, რომ გოგო ორ დღეში გაკვეთილებზე გამოცხადდებოდა.

სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა სკოლის დირექტორის გამლეტ ისმაილოვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომ რამდენიმე წლის წინ, მან ცოლად თავადაც არასრულწლოვანი გოგო შეირთო, მისივე მოსწავლე, რასაც სკოლის დირექტორი უარყოფს და ამბობს, რომ ბაირამოვას ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებს.

„იმავე სოფლიდან მაჟორიტარი დეპუტატის არასრულწლოვანი შვილის ქორწილი ამ დღეებში გადაიხადეს. ისიც ორი წელია დანიშნული ყოფილა და სკოლაში არ დადიოდა.

2015 წელს გამლეტმა ცოლად მოიყვანა 15 წლის გოგო, რომელიც მისი მოსწავლე ყოფილა. მაშინ თურმე სოფლიდან შსს-ს მიმართეს გამლეტისა და სხვა ადამიანების მიმართ, ვინც არასრულწლოვან გოგონებთან ოჯახი შექმნეს. გამოძიება დაიწყო. გამლეტის გარდა ყველა დაუჯარიმებიათ.

სკოლის დირექტორი არაერთი არასრულწლოვნის ნიშნობის ფაქტს მალავდა, დანიშნული გოგონები სკოლაში არ დადიოდნენ, მაგრამ ნიშნებს უწერდნენ.

აითაჯი დაუნიშნავთ (ცოლად შერთვის მიზნით) 2022 წლის დეკემბერში. როცა დანიშნეს, დედამისი მისულა სკოლაში, დირექტორთან ყოფილა საუბარი და ამ წლების განმალობაში დირექტორი მხოლოდ აითაჯისთვის კი არა, სხვა გოგონებისთვისაც ზრუნავდა. ის სკოლის მასწავლებლებს სკოლიდან გათავისუფლებით არაერთხელ დამუქრებია, ისინი კი მოსწავლეებს, ვინც სკოლაში არ დადიოდნენ, ნიშნებს უწერდნენ.

რაც შეეხება აითაჯის მოტაცების საქმეს, დედამ თურმე აითაჯი წაიყვანა მარნეულში, ვითომ რაღაც საქმე აქვთ და მისთვის ტანსაცმლის ყიდვა უნდოდა. მარნეულში მას დამუქრებია, რომ უნდა გაყვეს მის დანიშნულ ბიჭს. სრულიად დაუცველ აითაჯს სხვა გზა არ დარჩა. ამიტომ რჩებოდა ორი თვე ბიჭის სახლში, რადგან დედამისი უარესად ექცეოდა.

ეს ამბავი ყველასთვის ცნობილი რომ გახდა, სკოლის დირექტორმა მასწავლებლები და აითაჯის კლასელები დაიბარა თავის ოთახში, ორი საათის განმავლობაში ემუქრებოდა მათ. არაერთხელ უთქვამს, რომ მას ჰყავს მხარდამჭერები - დმანისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი, საკრებულო, განათლების სამინისტროც მას იცავს და დაიცავს ყველა მასწავლებელს ამ საქმეში. შესაბამისად, მასწავლებლები შეთანხმებულები არიან, რომ როგორც საჭიროა, ისე ილაპარაკებენ.

აითაჯის მამა მისი შვილის მკვლელობაში ადანაშაულებს მეუღლეს და სკოლის დირექტორს“, - წერს სამირა ბაირამოვა.

„საქართველოს ამბებთან“ საუბარში სკოლის დირექტორმა უარყო სამირა ბაირამოვას მიერ გავრცელებული ყველა ბრალდება. სოფლის მაჟორიტარის შვილის შესახებ ეპიზოდზე თქვა, რომ გოგო სკოლიდან ამორიცხული იყო, კოლეჯში სწავლობდა და არასრულწლოვანი არ გაუთხოვებიათ.

დმანისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრიდან და განათლების სამინისტროდან ამ დრომდე ვერ მოვიპოვეთ ინფორმაცია, დიწყეს თუ არა აითაჯის მკვლელობის შემდეგ შიდა მოკვლევა. 

მოკლული აითაჯ შახმაროვა

14 წლის აითაჯ შახმაროვა საგარეჯოს სოფელ ლამბალოში 6 ოქტომბერს მოკლეს. ბავშვს იარაღიდან 26 წლის ალიმ სადიგოვმა ესროლა, რომელმაც გოგო ცოლად შერთვის მიზნით ზაფხულში მოიტაცა და ქვემო ქართლიდან კახეთში წაიყვანა.

პროკურატურის განცხადების თანახმად, არასრულწლოვანს გამტაცებელთან ცხოვრება არ სურდა, მანამდე მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედას დაუკავშირდა და მისი გატაცების შესახებ შეატყობინა, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული ბავშვის ბიძისთვის, თუმცა მათ გოგოს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.

მკვლელობის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის ოთხდღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. ალიმ სადიგოვი განზრახ მკვლელობას არ აღიარებს. ამბობს, რომ იარაღის მოხმარება არ იცოდა და მხოლოდ გოგოს შეშინება უნდოდა.

„მე არ მყავდა არასრულწლოვანი ცოლად. დედამისი მეუბნებოდა, რომ ის 18 წლის იყო“, - თქვა ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე. მოსამართლემ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას ბავშვის შესაძლო გაუპატიურების ფაქტის დასადგენად.

პროკურატურის მოთხოვნით რუსთავის სასამართლომ 11 ოქტომბერს დააპატიმრა მოკლული გოგოს დედა და ბიძა. პროკურორის განცხადებით, 14 წლის გოგოს ე.წ. ნიშნობის, ანუ დანაშაულის ორგანიზატორი სწორედ დედა იყო. „დედა იყო პირი, რომელსაც მოეწონა ასაკით უფროსი მამაკაცი, შესაბამისად შეძლებული, დედა იყო ორგანიზატორი, რომ მომხდარიყო ამ უფროსი ადამიანის მიერ მისი შვილის ნიშნობა და შემდეგ, როცა უკვე მოტაცებულმა გოგომ, მას დაურეკა საშველად და სთხოვა უკან დაებრუნებინა, სწორედ, დედა იყო პირი, ვინც იმ გამტაცებელ ადამიანთან ეს ბავშვი დააბრუნა“, - თქვა პროკურორმა.

პროკურატურა გოგოს დედას და ბიძას ქორწინების იძულებას და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.