რატომ უნდა შეეჩერებინა საკონსტიტუციოს რუსული კანონის მოქმედება - 2 მოსამართლის განსხვავებული აზრი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„საკონსტიტუციო სასამართლოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ სადავო ნორმების მოქმედება, რომლებიც ითვალისწინებს გასაჩივრებულ კანონს დაქვემდებარებული (მედია) ორგანიზაციების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად სახელდებისა და ამავე სტატუსით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას და (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომასა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნებას“, - ასეთია საკონსტიტუციო სასამართლოს 2 მოსამართლის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს 6-მა მოსამართლემ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მიგვაჩნია, რომ ჩვენმა კოლეგებმა, წინამდებარე საქმის ფარგლებში, არასწორად შეაფასეს ის შედეგები, რომლებიც შეიძლება, მოჰყვეს (მედია) ორგანიზაციებისათვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებასა და ამ სახელით რეესტრში რეგისტრაციას. სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, სახელმწიფოს მიერ (მედია) ორგანიზაციებისთვის ცალსახად ნეგატიური კონოტაციის მქონე სახელის დარქმევა და ამავე სახელწოდებით რეესტრში რეგისტრაციის დავალდებულება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ დამოუკიდებლობას, a priori მოიაზრებს რა მათ სხვა სუბიექტების ინტერესების გამტარებელ პირებად, რაც ფუნდამენტურად აზიანებს (მედია) ორგანიზაციების საქმიან რეპუტაციას, სანდოობას და საზოგადოებაში აჩენს მათდამი მტრულ, მასტიგმატიზებელ დამოკიდებულებას. მიგვაჩნია, რომ ნდობისა და რეპუტაციის შემლახავი სახელწოდებით, სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის გავლის ვალდებულებას, სახელმწიფოს მიერ/მისი სახელით შექმნილი სტიგმის ქვეშ ფუნქციონირებას, ნამდვილად გააჩნია იმის პოტენციალი, რომ შეუქცევადად დაარღვიოს (მედია) ორგანიზაციების უფლებები, რომელთა აღდგენა ვერ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი.

გარდა ამისა, ჩვენი პოზიციით, საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე უნდა შეეჩერებინა იმ სადავო ნორმების მოქმედება, რომლებიც ითვალისწინებს (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომასა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას. ამ კონტექსტში, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სადავო ნორმების მოქმედების არშეჩერების არგუმენტად გამოიყენა, მათ შორის, კანონქვემდებარე აქტში განხორციელებული ცვლილებები და სხვა საკანონმდებლო აქტები, რომელთა ანალიზის შედეგადაც დაასკვნა, რომ მოსარჩელე მხარეს აღარ მოეთხოვება მისთვის პრობლემური პირადი მონაცემების წარდგენა/გასაჯაროება. რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით ჩვენი კოლეგების პოზიციას, რომ სადავო კანონის შინაარსი და ფარგლები შეიძლება შემცირდეს მის აღსასრულებლად გამოცემულ კანონქვემდებარე აქტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად. ამასთანავე, სადავო კანონით (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომის ფარგლებს ვერ ამცირებს სხვა საკანონმდებლო აქტებში არსებული მოწესრიგება, რამდენადაც სადავო ნორმები ინფორმაციის მოპოვების უფლებასა და ფარგლებს დამოუკიდებლად აწესრიგებს. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება, სადავო ნორმებიდან მომდინარე შეზღუდვის შინაარსთან და სახელმწიფოს მიერ მოპოვებადი/გამოქვეყნებადი ინფორმაციის ფარგლებთან მიმართებით, არსებითად მცდარია. მივიჩნევთ, რომ სადავო ნორმების შინაარსის გათვალისწინებით, სახელმწიფოს ეძლევა, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების და საჯაროდ გამოქვეყნების უფლება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით დაცული პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მყისიერი და შეუქცევადად დარღვევის საფრთხე“ - განსხვავებული აზრის ავტორები, ცალ-ცალკე აფასებენ სადავო ნორმების მოქმედების საჭიროებას, როგორც სუბიექტთა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად სახელდებისა და ამავე სახელით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების, ისე საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომისა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულების საკითხთან მიმართებით.

 

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად სახელდებისა და ამავე სახელით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება

„სხვისი ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად მოხსენიება, თავისთავად, იწვევს ასოციაციას, რომ ესა თუ ის პირი მოქმედებს არა დამოუკიდებლად, თვითდასახული მიზნების მისაღწევად, არამედ სხვა პირის მითითებით/დავალებით.

სადავო ნორმებში გამოყენებული ტერმინების მკვეთრად უარყოფით შინაარსზე მიუთითებდა განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეული სპეციალისტიც – ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ენობრივი მონაცემების კომპიუტერული დამუშავების განყოფილების გამგე – მარინა ბერიძე. კერძოდ, სპეციალისტის განმარტებების, ისევე, როგორც მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი კვლევის – „საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ლინგვისტური ანალიზის“ თანახმად, ტერმინოლოგიური და კორპუსლინგვისტური მეთოდებით ჩატარებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ სადავო კანონში გამოყენებულ ძირითად ტერმინებს: „უცხოურ ძალას“ და „ინტერესების გამტარებელს“ ქართულ ენობრივ და სოციალურ-კულტურულ სივრცეში გააჩნიათ მკვეთრად უარყოფითი/ნეგატიური მნიშვნელობა.

სადავოდ გამხდარი ტერმინები, პრაქტიკულად, ახდენს განურჩევლად ყველა ორგანიზაციის მიკერძოებულ სუბიექტებად წარმოჩენას, ხაზს უსვამს რა ამ ორგანიზაციების სხვაზე დამოკიდებულებას და გამორიცხავს ორგანიზაციის/მისი დამფუძნებლების ავტონომიურ ნებელობას. ნორმატიულ დონეზე სახელმწიფოს ამგვარმა პოზიციონირებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს (მედია) ორგანიზაციების საქმიანი რეპუტაცია, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მათი სანდოობა და საზოგადოებაში გაჩნდეს მათდამი მტრული, მასტიგმატიზებელი დამოკიდებულება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული სახელდება არა მხოლოდ უარყოფს (მედია) ორგანიზაციების დამოუკიდებლობას, არამედ მათ წარმოაჩენს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად. ზემოხსენებული სტატუსის მინიჭებით, სადავო კანონის რეგულირების ქვეშ მოქცეული ორგანიზაციები წარმოჩენილია, როგორც სხვაზე დამოკიდებული სუბიექტები, რომლებიც ასრულებენ/შეასრულებენ უცხო ძალის მითითებებს და იმოქმედებენ, მათ შორის, საქართველოს ინტერესებთან შეუსაბამოდ.

ის საერთო ფასეულობები, იდეები და ინტერესები, რომლის გარშემოც პირები ერთიანდებიან და ნებაყოფლობით პლატფორმას ქმნიან, სადავო ტერმინოლოგიით დაკნინებულია, არ იწოდება ეროვნულად, ორგანიზაციების საქმიანობა დაყვანილია დამფინანსებლებისათვის მარტოოდენ მომსახურების გაწევამდე.

სადავო ტერმინოლოგიით, კანონის ფარგლებში მოქმედი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ასოცირდებიან არა ეროვნული ფასეულობების დამცველ, საზოგადოებისა და დემოკრატიისათვის აუცილებელ ელემენტებად, არამედ ცხადდებიან უცხოური ინტერესების მსახურებად და ამ ძალას დაქვემდებარებულ სუბიექტებად.

ამასთანავე, სადავო ნორმები არა მხოლოდ ახდენს (მედია) ორგანიზაციების ნეგატიურ კონტექსტში სახელდებას, არამედ ასევე მოითხოვს მათგან, თავად მიმართონ სახელმწიფო ორგანოებს, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსის მისაღებად. როგორც აღინიშნა, ხსენებული სახელდება დამოუკიდებელი ორგანიზაციებისათვის რეპუტაციის შემლახველია, აქვს მათი ობიექტურობისა და სანდოობის შელახვის და ამ ორგანიზაციების ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეშლის პოტენციალი. აღნიშნულის აღქმადობა კიდევ უფრო მწვავდება, როდესაც (მედია) ორგანიზაციას აიძულებენ, თავად მიმართოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს, სადავოდ ქცეული სტატუსის მისაღებად და დარეგისტრირდეს სპეციალურ რეესტრში, მაშასადამე, ასეთად მოახდინოს თვითიდენტიფიცირება/თვითაღიარება.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოს ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევა გააჩნია სრულყოფილი დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბების, სამართლის უზენაესობისა თუ კონსტიტუციური უფლებების სათანადოდ რეალიზების თვალსაზრისით. ამგვარი ტიპის ქვეყნებში (მედია) ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება შეუძლიათ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების/განვითარების, საჯარო გადაწყვეტილებების მიღებისა და მმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის/ინფორმირებულობის კუთხით, თუმცა ამ პროცესებში აქტიური ჩართულობა, მით უფრო, საზოგადოების რიგითი წევრების მონაწილეობის უზრუნველყოფა რთული ან შეუძლებელი იქნება, თუკი სოციუმში არ იარსებებს (მედია) ორგანიზაციებისადმი ნდობა, რწმენა იმისა, რომ ეს ორგანიზაციები მოქმედებენ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად. საზოგადოების მხრიდან ნდობის მოპოვება და არსებული ნიჰილისტური დამოკიდებულების დაძლევა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, თუმცა ამის საპირისპიროდ, ისედაც ფრაგმენტირებულ საზოგადოებაში, შედარებით მარტივია (მედია) ორგანიზაციების დამოუკიდებლობისა და სანდოობის ეჭვქვეშ დაყენებით, მათდამი ნდობის გაქრობა და მტრული გარემოს შექმნა.

ამასთან ერთად, სადავო კანონით, იმ (მედია) ორგანიზაციებისათვის, რომლებიც საკუთარი ნებით არ დარეგისტრირდებიან მათი რეპუტაციის შემლახავი სტატუსით, ითვალისწინებს როგორც ამ სტატუსის იძულებით მინიჭებას, ისე კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო, მკაცრი ფინანსური სანქციების დაკისრების შესაძლებლობას. შედეგად, სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, კანონის მოქმედების სფეროში მოქცეულ სუბიექტებს, მათი ნებითა თუ ნების საწინააღმდეგოდ, მაინც ენიჭებათ მასტიგმატიზებელი სახელი და ამ სტატუსით უწევთ ფუნქციონირება. ამასთანავე, მათ შეიძლება დაეკისროთ საკმაოდ დიდი რაოდენობის ფინანსური სანქციები და ამით დამატებით შეფერხდეს მათი საქმიანობა. ამდენად, აშკარაა, რომ სადავო კანონში გამოყენებულმა უარყოფითი კონოტაციის მქონე ტერმინებმა, ამგვარი სახელით რეესტრში რეგისტრაციამ და რეპუტაციის შემლახავი სტატუსის ხანგრძლივმა ასოცირებამ (მედია) ორგანიზაციებთან, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს (მედია) ორგანიზაციების სანდოობა, ხელი შეუშალოს მათ საქმიანობას და, რიგ შემთხვევებში, გამოიწვიოს კიდეც მათი პარალიზება, რაც, საბოლოო ჯამში, მიუთითებს გამოუსწორებელი ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობაზე.

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად სახელდებისა და ამავე სახელით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების დამდგენი ნორმების შეჩერების საკითხთან მიმართებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის პოზიცია ბუნდოვანია, რამდენადაც საოქმო ჩანაწერის სამოტივაციო ნაწილში წარმოდგენილია არა საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელი სამართლებრივი მსჯელობა, საკუთარი შეფასება, არამედ იმის აღწერა, თუ რა მიაჩნია მოსარჩელე მხარეს უფლების შეზღუდვად. კონსტიტუციურ სარჩელებსა და განმწესრიგებელ სხდომაზე გამოთქმული არგუმენტების რეზიუმირების მიღმა, არ იკვეთება უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიცია, თუ რა ასპექტში ხდება სადავო ნორმებში გამოყენებული ტერმინებით მოსარჩელეთა უფლებების შეზღუდვა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად გაქარწყლდება ყველა ის ნეგატიური შედეგი, რაც, მოსარჩელის აღქმით, შეიძლება მოჰყვეს სადავო კანონის მოქმედებას (უარყოფითი კონოტაციის მქონე სტატუსის ქვეშ საქმიანობა, რაც საფრთხეს უქმნის მათ დამოუკიდებლობას, არყევს მათდამი ნდობას და აზიანებს საქმიან რეპუტაციას) და აღდგება პირვანდელი მდგომარეობა (იხ., საოქმო ჩანაწერის სამოტივაციო ნაწილის 57-ე პარაგრაფი). ამ მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს დამატებით არ დაუსაბუთებია, თუ როგორ შეიძლება გამოსწორდეს მოსარჩელეთათვის, თვეების ან წლების განმავლობაში მასტიგმატიზებელი სტატუსით რეგისტრაციის შედეგად შელახული რეპუტაცია და საქმიანობის შეფერხებით გამოწვეული ზიანი.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების შეუჩერებლობა განსაკუთრებით პრობლემურია იმ პირობებში, როდესაც განმწესრიგებელ სხდომაზე, მოპასუხე მხარემაც კი ვერ დაასახელა, თუ რა ლეგიტიმურ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს (მედია) ორგანიზაციების ამ კონკრეტული ტერმინით სახელდება/რეგისტრაცია, ამის საპირისპიროდ კი, მოსარჩელეები მკაფიოდ მიუთითებდნენ მათი უფლებების შეზღუდვის ფაქტებსა და შეუქცევადი ზიანის მიყენების რისკზე.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსარჩელეები, გამოუსწორებელი ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდნენ, მათ შორის, (მედია) ორგანიზაციების როლზე უახლოს მომავალში გასამართი არჩევნების დაკვირვების/გაშუქების პროცესში. უფრო კონკრეტულად კი, მიუთითებდნენ, რომ სადავო ნორმები მიზნად ისახავს მათ სტიგმატიზებას, რათა მათ მიერ საარჩევნო პროცესის დაკვირვება/გაშუქება და აზრის გამოთქმა საზოგადოებაში აღქმული არ იყოს, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანიზაციის პოზიციონირებად.

სწორედ საარჩევნო პერიოდში ერთიორად იზრდება (მედია) ორგანიზაციების მიერ კონსტიტუციური საჯარო წესრიგით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების გზით, „საზოგადოებრივი დარაჯის როლის“ ეფექტიანად შესრულების საჭიროებაცა და მნიშვნელობაც.

კანონის მოქმედების სფეროში მოქცეული ორგანიზაციების მიერ საკუთარი თავის უცხოური ინტერესების გამტარებლად თვითიდენტიფიცირებამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს მათი ობიექტურად აღქმა, ხელი შეუშალოს მათ სანდოობას. ხსენებულმა კი, შეიძლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის, დაკვირვების შედეგების და პოზიციის მიმართ საზოგადოების ნდობა.

გამოუსწორებელი და მყისიერი ზიანის საფრთხე კი, განსაკუთრებით მკაფიოდ იკვეთება არჩევნების პროცესის დაკვირვების/გაშუქების და „საზოგადოებრივი დარაჯის როლის“ ეფექტიანად შესრულების შესაძლო შეფერხების კუთხით, რამდენადაც სადავო კანონით გათვალისწინებული სახელით რეგისტრაციას შესაძლოა, მოჰყვეს (მედია) ორგანიზაციების სტიგმატიზება, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობას, მათ მიმართ კონკრეტული სანქციების გამოყენება, რამაც, ასევე შესაძლოა, ხელი შეუშალოს მათ საქმიანობას.

მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება რაიმე ინტერესი, რომელსაც შეიძლება ემსახურებოდეს სადავო კანონის მოქმედების სფეროში მოქცეული ორგანიზაციების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად სახელდება და ამ სახელით რეესტრში რეგისტრაცია. განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ ხსენებული სახელის გამოყენება რაიმე მიზანს არ ემსახურება და სადავო კანონის მიზნები თანაბრად მიიღწევა ნებისმიერი ნეიტრალური კონოტაციის სახელის გამოყენებით.

ამდენად, აშკარაა, რომ სადავო კანონით გათვალისწინებული სახელდება არის თვითმიზნური ხასიათის და რაიმე ლეგიტიმური ინტერესის მიღწევას არ ემსახურება. უფრო მეტიც, ნეიტრალური ტერმინოლოგიის ნაცვლად, მკაფიოდ უარყოფითი კონოტაციის მქონე სახელწოდებით მოხსენიება, ბუნებრივად მიანიშნებს სტიგმატიზაციისა და საზოგადოების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბების სურვილზე. სადავო ნორმების მოქმედების პირობებში კი, ნდობისა და რეპუტაციის შემლახავი სახელწოდებით სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის გავლის ვალდებულება, ნამდვილად შეუქცევადად დაარღვევს (მედია) ორგანიზაციების უფლებებს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების შესაძლო არაკონსტიტუციურად ცნობა ვერ გამოიწვევს შეუქცევადად დარღვეული უფლებების აღდგენას.

 

(მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნება

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სადავო ნორმების მოქმედების არშეჩერების არგუმენტად გამოიყენა, მათ შორის, კანონქვემდებარე აქტში განხორციელებული ცვლილებები და მიუთითა, რომ აღნიშნულის შედეგად მოსარჩელე მხარეს აღარ მოეთხოვება იმ პირადი მონაცემების წარდგენა/გასაჯაროება, რომელსაც მიიჩნევდა პრობლემურად. რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით ჩვენი კოლეგების პოზიციას, რომ სადავო კანონის შინაარსი და ფარგლები შეიძლება შემცირდეს მის აღსასრულებლად გამოცემული კანონქვემდებარე აქტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად. (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომის საკითხს სადავო ნორმები დამოუკიდებლად აწესრიგებს, მათ შორის, ადგენს, რომ უფლებამოსილ პირს შეუძლია, კონკრეტული მიზნებისათვის, მოითხოვოს/მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. იმ პირობებში, როდესაც სადავო ნორმებით მკაფიოდაა დადგენილი უფლებამოსილი პირის მიერ მოპოვებადი ინფორმაციის შინაარსი და ფარგლები, გაუგებარია რა გავლენას ახდენს მასზე კანონქვემდებარე აქტში განხორციელებული ცვლილებები. ასევე ვერ დავეთანხმებით საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას სადავო ნორმებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების ურთიერთმიმართების თაობაზე, რამდენადაც იგი არსებითად მცდარია.

სადავო ნორმების თანახმად, უფლებამოსილი პირის მიერ ინფორმაციის მოძიება გულისხმობს, მათ შორის, ინფორმაციის მოთხოვნას ნებისმიერი პირის, ორგანოს, ორგანიზაციის და დაწესებულებისათვის, ხოლო ამ უკანასკნელთ ევალებათ თავის ხელთ არსებული ინფორმაციის წარდგენა. ამდენად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის ანალიზი მიუთითებს, რომ იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც აკმაყოფილებენ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის სტატუსს, სახელმწიფოს აქვს როგორც მათი რეგისტრაციის მიზნებისათვის ინფორმაციის მოძიების უფლებამოსილება, ისე მოძიებული ინფორმაციის ნაწილის (მათ შორის, ხსენებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მონაცემების) ვებგვერდზე გამოქვეყნების ვალდებულება. ამის მიღმა, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის პროცესში წარდგენილი განაცხადის/ფინანსური დეკლარაციის შესწავლა-გამოკვლევისათვის, აგრეთვე უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგისათვის, სახელმწიფოს შეუძლია, ინფორმაცია მოსთხოვოს ნებისმიერ პირს. ამდენად, ფაქტობრივად, შეუზღუდავია იმ სუბიექტთა წრე, რომლისგანაც სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაციის წარდგენა.

ამდენად, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის პროცესში წარდგენილი განაცხადის/ფინანსური დეკლარაციის შესწავლა-გამოკვლევისათვის, აგრეთვე უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის ფარგლებში, უფლებამოსილ პირს შეუძლია, მოიძიოს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, კომერციული ინტერესების შემცველი ინფორმაცია და ისეთი სენსიტიური კატეგორიის მონაცემი, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას და სქესობრივ ცხოვრებას. ხოლო ერთადერთი ინფორმაცია, რომლის მოძიება/მოთხოვნაც უფლებამოსილ პირს არ შეუძლია, ესაა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, ვერ გავიზიარებთ ჩვენი კოლეგების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო კანონის აღსასრულებლად გამოცემული კანონქვემდებარე აქტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ან/და სხვა საკანონმდებლო აქტებში არსებული მოწესრიგებებიდან გამომდინარე, რამენაირად მცირდება იმ ინფორმაციის მოცულობა/კატეგორია, რომელზე წვდომაც სახელმწიფოს გააჩნია.

რაც შეეხება სხვა საკანონმდებლო აქტებზე მითითებას, რომლებითაც დაცულია ჟურნალისტური წყაროს, იურიდიული დახმარების მიმღები პირისა თუ პაციენტის უფლებები, ამ მხრივ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო მუხლები ექსპლიციტურად მიუთითებს, რომ კანონის მიზნებისათვის უფლებამოსილ პირს შეუძლია, მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი (ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია პირის ჯანმრთელობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, რელიგიასთან და ა.შ.), გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა. რადგანაც არც ჟურნალისტური წყაროს, იურიდიული დახმარების მიმღები პირისა თუ პაციენტის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობით, იმთავითვე არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, ცხადია, რომ სადავო კანონი უფლებამოსილ პირს ანიჭებს მისი მოთხოვნის უფლებას. ამასთანავე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არ დაუსაბუთებია, რომ არსებობს მოსარჩელე მხარის მიერ პრობლემურად მიჩნეული სხვადასხვა ტიპის ინფორმაციაზე, მათ შორის, ჟურნალისტური წყაროს, იურიდიული დახმარების მიმღები პირისა თუ პაციენტის შესახებ მონაცემებზე წვდომის ამკრძალავი, სადავო კანონზე უფრო გვიანდელი ან უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივი აქტი.

სადავო ნორმების საფუძველზე, სახელმწიფოს შეუძლია, ინფორმაციის წარდგენა სავალდებულოდ მოსთხოვოს, არა მხოლოდ იმ სუბიექტს, რომელიც აკმაყოფილებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, არამედ ნებისმიერ პირს, ორგანოს, ორგანიზაციას და დაწესებულებას. ხოლო, მოთხოვნილი ინფორმაცია შეზღუდული არაა რაიმე კატეგორიით და, მათ შორის, შეიძლება, ეხებოდეს პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების სენსიტიურ ასპექტებს, კომერციულ და პროფესიულ საიდუმლოებას, ჟურნალისტურ წყაროსა და საქართველოს კონსტიტუციით განსაკუთრებულად დაცულ მონაცემებს. გარდა ამისა, რეესტრში საჯაროდ გამოქვეყნებას ექვემდებარება კანონში მითითებული მთელი რიგი მონაცემები, რომლებიც, თავის მხრივ, შესაძლოა, უკავშირდებოდეს სახელშეკრულებო, ფინანსურ თუ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ და კომერციული ინტერესების შემცველ ინფორმაციას.

ამდენად, აშკარაა, რომ ზემოხსენებული სადავო ნორმები სახელმწიფოს წვდომას უქვემდებარებს ინდივიდთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების საკმაოდ მგრძნობიარე და უაღრესად პერსონალურ სპექტრს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით განსაკუთრებული ხარისხით დაცულ, ინტიმურ განზომილებას მიკუთვნებულ ინფორმაციას, მე-19 მუხლით გარანტირებულ კომერციული ინტერესის შემცველ მონაცემებს და სხვა. ამგვარი ინფორმაციის სახელმწიფოს ხელში გადასვლა, რომ აღარაფერი ითქვას მათ გასაჯაროებაზე, როგორც წესი, კრიტიკულად ამცირებს ინდივიდების ავტონომიურობის, დაცულობის შეგრძნებას.

სახელმწიფოს მიერ კონტროლის განცდამ და ინდივიდების ღრმად პირადული ინფორმაციის საზოგადოების წინაშე გასაჯაროების საფრთხემ, თავის მხრივ, შესაძლებელია, გამოიწვიოს ადამიანების მხრიდან საკუთარი ქმედებებისათვის მომეტებული თვითკონტროლის დაწესება (მაგალითად, მათ შორის, ჟურნალისტურ წყაროდ გახდომაზე უარის თქმა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების (მათ შორის, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული სერვისების) საზოგადოებრივი ორგანიზაციებისაგან მიღებისაგან თავის შეკავება და სხვა).

სადავო კანონმდებლობა არ შეიცავს რაიმე შემზღუდველ, გამფილტრავ მექანიზმს ორგანიზაციებში დაცული ინფორმაციის მოძიების თაობაზე, გარდა სახელმწიფო საიდუმლოების გაცნობის აკრძალვისა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის არც ერთი ნორმა არ შეიცავს გარანტიებს მეტისმეტად პირადი ხასიათის ინფორმაციის სახელმწიფოს ხელში გადასვლის/გასაჯაროების პრევენციისათვის.

ჩვენმა კოლეგებმა, სადავო ნორმებიდან მომდინარე რისკების არარსებობის საილუსტრაციოდ, მიუთითეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კონკრეტულ მაგალითებზე. მათი განმარტებით, ცალკეულმა ორგანიზაციებმა, როგორც ჩანს, პირთა უფლებების დაცვის ლეგიტიმური მიზნებიდან გამომდინარე, დაფარეს რიგი პერსონალური მონაცემები იმგვარად, რათა ვერ მოხდეს პირთა იდენტიფიცირება. მაგალითად, ააიპ „საზოგადოება მომავალი თაობისთვის“ ხარჯების უწყისში ანაზღაურების მიმღები ფიზიკური პირის სახელი და გვარი მხოლოდ ინიციალებით – „თ.ა“ არის აღნიშნული. გარდა ამისა, არის შემთხვევები, სადაც სათანადო გრაფაში კონკრეტული ფიზიკური პირის სახელის და გვარის ნაცვლად გაკეთებულია პირის არამაიდენტიფიცირებელი ჩანაწერი, მაგალითად, ააიპ „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ უწყისში ვხვდებით ჩანაწერს - „აფხაზური მხარის კონსულტანტი“ (იხ., საოქმო ჩანაწერის სამოტივაციო ნაწილის 70-ე პარაგრაფი).

რა თქმა უნდა, ვეთანხმებით კოლეგების სულისკვეთებას, რომ მონაცემთა გამოქვეყნებისას უნდა მოხდეს პირთა უფლებების დაცვა და არ გასაჯაროვდეს სენსიტიური ინფორმაცია, პირის უფლებების/ინტერესების დამაზიანებელი მონაცემები. თუმცა, ბუნებრივია, ვერ გავიზიარებთ პოზიციას, რომ ამა თუ იმ ფორმით ინფორმაციის ვებგვერდზე გამოქვეყნება, რაიმენაირად ცვლის სადავო ნორმებით დადგენილ ნორმატიულ წესრიგს ან ანეიტრალებს მისგან მომდინარე საფრთხეებს. დღევანდელი მოცემულობითაც, სახელმწიფოს, სადავო ნორმების საფუძველზე, შეუძლია, კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის, ნებისმიერ პირს მოსთხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია (გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა) და შემდგომ გაასაჯაროოს კანონში მითითებული მონაცემები ყოველგვარი დაფარვისა თუ დაშტრიხვის გარეშე. უფრო მეტიც, სადავო კანონში საერთოდ არ იკითხება გასაჯაროებას დაქვემდებარებული ინფორმაციის რაიმე ფორმით დაფარვის ვალდებულება და ამგვარი ქმედება შეიძლება, კანონსაწინააღმდეგოდ იქნეს მიჩნეული. სათანადო საკანონმდებლო გარანტიების ნორმატიულ დონეზე რეგლამენტირების გარეშე, მხოლოდ კანონის მოქმედებას დაქვემდებარებულ სუბიექტთა მიერ ნორმის გამოყენების პრაქტიკაზე მითითება ვერ გამოდგება პირთა უფლებების დარღვევის საფრთხის არარსებობის სადემონსტრაციოდ. ზოგადად, ის ფაქტი, რომ კონკრეტულმა ორგანიზაციამ არ მიუთითა თანხის მიმღები სუბიექტის სახელი და გვარი, ბუნებრივია, თავისთავად, არ ნიშნავს, რომ კანონი მას ხსენებულ შესაძლებლობას აძლევდა. მეტი თვალსაჩინოებისათვის, აღვნიშნავთ, რომ №1829 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელედ მითითებული 122 სუბიექტიდან არცერთმა არა თუ წარუდგინა რაიმე სახის ინფორმაცია საჯარო რეესტრს, არამედ, ამ დრომდე, საერთოდ უარი თქვა რეგისტრაციაზე. შესაბამისად, ჩვენს კოლეგებს ხსენებული ფაქტი იმავე წარმატებით შეეძლოთ გამოეყენებინათ იმის არგუმენტად, რომ კანონი არ ადგენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას.

მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება ამა თუ იმ პირის შემოსვლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია ან/და სახელმწიფო ორგანოებისა და ფართო საზოგადოებისათვის გამჟღავნდება ჟურნალისტური წყაროსა თუ ბენეფიციართა ვინაობა, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურადაც რომ ცნოს, ხსენებული ინფორმაცია გამჟღავნებულად დარჩება. იმავდროულად, გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე, ინფორმაციის უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულების ამოქმედების მომენტიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტამდე, დროის სვლასთან ერთად, იზრდება როგორც სახელმწიფოსათვის გადაცემული და შემდგომში გასაჯაროებას დაქვემდებარებული/გასაჯაროებული ინფორმაციის მოცულობა, აგრეთვე ამგვარი ინფორმაციით საზოგადოებაში გავრცელების მასშტაბი. აქედან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ ხსენებული განაცხადების გამოქვეყნება, ისევე, როგორც საჯარო რეესტრის მხრიდან კონფიდენციალურ და სენსიტიურ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა, მით უმეტეს, გასაჩივრებული კანონით გათვალისწინებული ფორმითა და მასშტაბებით, კონსტიტუციურ უფლებებში ისეთ ჩარევას წარმოადგენს, რომელიც ქმნის გამოუსწორებელ ზიანს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ უზრუნველყოფს გასაჯაროებული ინფორმაციის საჯარო სივრციდან და საზოგადოების ცნობიერებიდან გაქრობას.

კონსტიტუციური გადაწყვეტით, კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია არ შეიძლება, გასაჯაროვდეს მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ „გამჭვირვალობა კარგია“. პირადი ცხოვრების კონსტიტუციური უფლებით დაცულ ინფორმაციასთან მიმართებით, მოქმედებს არა ამ ინფორმაციის გამჭვირვალობის, არამედ მისი კონფიდენციალურობის პრეზუმფცია და სახელმწიფოს მხრიდან უნდა დასაბუთდეს არა ის, თუ რატომ უნდა იყოს ეს ინფორმაცია დაცული, არამედ ის, თუ რა მნიშვნელოვანი ინტერესების მისაღწევად ხდება მისი გასაჯაროება. ბუნებრივია, პირადი ცხოვრების კონსტიტუციურ უფლებას სრულად გამოფიტავს და არარად აქცევს მიდგომა, რომლის თანახმადაც, პირადი და ოჯახური ცხოვრების სენსიტიურ ასპექტებთან, კომერციულ და პროფესიულ საიდუმლოებასთან, ფინანსურ თუ პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეიძლება, გამოქვეყნდეს მარტოოდენ ინდივიდების პირადი ინტერესის დასაკმაყოფილებლად. ის, რომ ზოგიერთ ადამიანს სხვა პირების ფინანსები აინტერესებთ, სახელმწიფოს არ აძლევს თავისთავად კონსტიტუციურ ლეგიტიმაციას, მათი ინტერესების დასაკმაყოფილებლად მოიპოვოს და საჯარო გახადოს პირადი ინფორმაცია.

შესაბამისად, სადავო ნორმის შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა განესაზღვრა ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რამდენად არის მიმართული მნიშვნელოვანი ინტერესის დაცვისაკენ. ხოლო, შემდგომ შეეფასებინა ხსენებული ინტერესი არის თუ არა იმ მნიშვნელობის, რომლის დაუყოვნებლივ, საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში, მიღწევაც გადაწონიდა სადავო ნორმის მოქმედების შედეგად პირადი ცხოვრების უფლებისათვის პოტენციური გამოუსწორებელი ზიანის მიყენების რისკებს.

ჩვენმა კოლეგებმა უგულებელყვეს ის ფაქტი, რომ გარდა გამჭვირვალობის თავისთავადი სარგებლიანობისა, მოპასუხეს არ მიუთითებია რაიმე ინტერესზე, რომელსაც სადავო ნორმები იცავს ან/და საფრთხეებზე, რომელთა პრევენციასაც სადავო ნორმები ახდენს. ამავე დროს, მრავალი წელია საქართველოში ხსენებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და საქმის განხილვისას არ გამოკვეთილა, თუ რა საფრთხეები შექმნა ხსენებულმა ფაქტმა, რა განაპირობებს ამ ინფორმაციის დაუყოვნებლივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გასაჯაროების აუცილებლობას. ფაქტობრივად, სადავო ნორმების შეუჩერებლობით, პირადი ინფორმაციის გასაჯაროება ხდება კონკრეტული მიზნის იდენტიფიცირების გარეშე. ამდენად, აშკარაა, რომ მოცემულ საქმეზე არ გამოკვეთილა მესამე პირების უფლება ან/და საჯარო ინტერესი, რომლის დაზიანების საფრთხის არსებობამაც, შეიძლება, გამორიცხოს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).