საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლითაც ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა. ამ გადაწყვეტილების მისაღებად საკონსტიტუციო სასამართლოს თითქმის თვენახევარი დასჭირდა. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

რუსული კანონის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს მოსამართლეებმა - მერაბ ტურავამ, მანანა კობახიძემ, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა, ვასილ როინიშვილმა და ხვიჩა კიკალიშვილმა. საოქმო ჩანაწერის თანახმად, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს ჰქონდათ განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შესახებ. 

„არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელეების შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო სასამართლო დაერწმუნებინა იმაში, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში იმგვარად შეირყევა ამ ორგანიზაციების მიმართ საზოგადოების ნდობა და დაზიანდება მათი საქმიანი რეპუტაცია, რომ ამას დიდი ალბათობით მოჰყვება ამ ორგანიზაციების სრული პარალიზება, ანდა შეუძლებელი გახდება მათდამი ნდობის აღდგენა.
 
ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, არცერთი ორგანიზაციის მონიტორინგი დაწყებულიც კი არ არის. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით რომელიმე ორგანიზაციის უფლების გამოუსწორებელი დარღვევის მყისიერი რისკები არ არსებობს.
 
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ სადავო ნორმების აღსრულების მიზნით მიღებული კანონქვემდებარე აქტით, ამჟამად უკვე იმგვარადაა მოწესრიგებული ინფორმაციის წარდგენის/გასაჯაროების წესი, რომ ორგანიზაციებს ხარჯების ნაწილში აღარ მოეთხოვებათ ისეთი პერსონალური მონაცემების მითითება, როგორიცაა თანხის მიმღები პირების პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო ანგარიშების ნომრები, რის პრობლემურობაზეც ასევე აპელირებდნენ მოსარჩელეები სადავო ნორმების შეჩერების მოთხოვნის კონტექსტში.
 
სასამართლო, აგრეთვე, მხედველობაში იღებს იმ განმარტებას, რაც სადავო ნორმების უშუალოდ აღმასრულებელი ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს - წარმომადგენლის მიერ გაკეთდა ნორმის პრაქტიკაში გამოყენებასთან მიმართებით. კერძოდ, ჟურნალისტური ინფორმაციის წყაროს შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების ნაწილში დასმულ კითხვასთან დაკავშირებით, მან მკაფიოდ მიუთითა, რომ სადავო ნორმის სუბიექტებს/ორგანიზაციებს არ მოეთხოვებათ ჟურნალისტური ინფორმაციის წყაროს დასახელება და საფინანსო დეკლარაციაში მათი იდენტიფიცირება. ორგანიზაციებს შეუძლიათ თავად დაფარონ კონკრეტული მონაცემები და წარადგინონ დოკუმენტები, იმგვარად, რომ არ ხდებოდეს ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება", - ნათქვამია სასამართლოს საოქმო ჩანაწერში. 
 
ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „არ გამოკვეთილა დასაბუთება, თუ რატომ დააზღვევს არსებით განხილვამდე კანონის მოქმედების შეჩერება ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესების საფრთხეებს“.
 
კიდევ ერთ მოსამართლეს, ევა გოცირიძეს განსხვავებული აზრი აქვს დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებაში. „საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლე ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი №1828 და №1834 კონსტიტუციური სარჩელების „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნულია გადაწყვეტილებაში. მოსამართლეთა განსხვავებული აზრები ამ დროისთვის ხელმისაწვდომი არ არის. 

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ წარდგენილი ოთხივე კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ არსებითად განსახილველად მიიღო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, 8 მოსამართლის შემადგენლობით. როგორც 29-31 აგვისტოს გამართულ სხდომებზე სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ თქვა, მეცხრე მოსამართლე ირინე იმერლიშვილი საქმის განხილვაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მონაწილეობს.

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის იურისტის, საბა ბრაჭველის შეფასებით, დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილება რამდენიმე დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა:

  1. საკონსტიტუციო სასამართლო (კონკრეტულად ის 6 მოსამართლე, ვინც ამას ხელი მოაწერა), რუსული კანონის მიღებაში 85 დეპუტატის თანამონაწილეა;
  2. სასამართლომ იმიტომ დააგვიანა გადაწყვეტილების გამოქვეყნება, რომ საჯარო რეესტრისთვის მიენიშნებინა, დროებით რბილად მოექეცი ორგანიზაციებს, ვინც დარეგისტრირდნენო. ამის შემდეგ, კანონის ჩანაწერის ნაცვლად, რეესტრის ერთთვიან პრაქტიკას დაეყრდნო და მწვანე შუქი აუნთო მას სამომავლო მონიტორინგისთვის;
  3. საუკეთესო შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო ბეცია, უარეს შემთხვევაში - შეგნებული დამნაშავე და საკუთარი ხალხისა და კონსტიტუციის მოღალატეა;
  4. ჩვენ ისევ კვლავინდებურად გავაგრძელებთ საქმიანობას არჩევნებამდე. ეს გადაწყვეტილება ჩვენს მუშაობას ხელს ვერ შეუშლის. არაუშავს, თუ 6 მოსამართლე ამბობს უარს რუსული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობაზე, ამას ქართველი ხალხი გააკეთებს 17 დღეში“

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ მოსარჩელეები არიან საქართველოს პრეზიდენტი; პარლამენტის 38 წევრი; 122 არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია; "საქართველოს ამბები" და "სტუდია მონიტორი". საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონის მოქმედების შეჩერებას ოთხივე მოსარჩელე ითხოვდა.

რუსული კანონი ქართულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც დაფინანსების 20 %-ზე მეტს საერთაშორისო დონორებისგან იღებენ, ავალდებულებს დარეგისტრირდნენ "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლებად", რომლებსაც ხელისუფლება "უცხო ქვეყნის აგენტებად" მოიხსენიებს. რუსული კანონი ასეთ ორგანიზაციებს ავალდებულებს საფინანსო დეკლარაციისა და სხვა დოკუმენტაციის წარდგენას, რაც მათ შორის, მოიცავს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რუსული კანონი ანიჭებს უფლებას, ამ ორგანიზაციებიდან გამოითხოვოს სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის, კონფიდენციალურიც. კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზაცია ჯარიმდება დაახლოებით 55 ათასი ლარით. რუსული კანონი ითვალისწინებს ფიზიკური პირების (ორგანიზაციის ყოფილი ან მოქმედი თანამშრომლების, მომსახურების გამწევი პირების, მოხალისეების და ა.შ.) დაჯარიმებასაც 5 ათასი ლარის ოდენობით. კანონს უკუძალა აქვს და 2023 წელზეც ვრცელდება. 

რუსული კანონის მიღებამ შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. მოსარჩელეები ამ არგუმენტითაც ითხოვდნენ კანონის მოქმედების შეჩერებას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.