უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დანაღმეს და ყველაფერი მზად აქვთ ტერორისტული აქტის ჩასადენად.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
ზელენსკიმ ევროპულ საბჭოს მიმართა, რომ რუსეთი ტერაქტის განხორციელებას და მომხდარში უკრაინის დადანაშაულებას გეგმავს. უკრაინის პრეზიდენტი სადგურზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას ითხოვს.
„რუსეთი შეგნებულად ქმნის საფუძველს სამხრეთ უკრაინაში მასობრივი კატასტროფისთვის. გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსმა ტერორისტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი და აგრეგატები დანაღმეს. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ენერგოობიექტია. კაშხალი დაახლოებით 18 მილიონ კუბურ მეტრ წყალს აკავებს. თუ რუსი ტერორისტები მას ააფეთქებენ, სწრაფი წყალდიდობის ზონაში 80-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ხერსონი აღმოჩნდება. შესაძლოა, დაზარალდეს ასობით ათასი ადამიანი.
ჩვენი ინფორმაციით, რუსეთმა უკვე მოამზადა ყველაფერი ამ ტერაქტის განსახორციელებლად. უკრაინელი მუშები კახოვკის სადგურიდან გამოყარეს - იქ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები არიან. მათ აქვთ სრული კონტროლი სადგურზე. საჭიროა სასწრაფოდ მოქმედება, რათა რუსეთს არ ჰქონდეს ამ კატასტროფის რეალიზების საშუალება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ომის 239-ე დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ დამბის აფეთქება ფართომასშტაბიან კატასტროფას გამოიწვევს. მან საერთაშორისო საზოგადოებას მოქმედებისა და „ახალი რუსული ტერორისტული თავდასხმის“ პრევენციისკენ მოუწოდა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ოკუპანტებისთვის სულ ერთია, რა დაემართება უკრაინის ტერიტორიას. მათ ამ ტერაქტით, ყველაფერთან ერთად, შეუძლიათ გაანადგურონ დნიპროდან ყირიმში წყლის მიწოდების შესაძლებლობაც კი. კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემთხვევაში, ჩრდილოეთ ყირიმის არხი უბრალოდ გაქრება და თუ რუსეთი ასეთ ტერაქტს ამზადებს, თუ სერიოზულად განიხილავს ასეთ სცენარს, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ტერორისტები ძალიან ნათლად აცნობიერებენ, ისინი არა მხოლოდ ხერსონის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ, არამედ მთლინად ჩვენი ქვეყნის სამხრეთს, მათ შორის ყირიმს“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ორი დღის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ხერსონის ოლქში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, რასაც მოსახლეობის ევაკუაცია მოჰყვა.
ამერიკული ორგანიზაცია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ (ISW) ანალიტიკოსები 19 ოქტომბერს წერდნენ, რომ რუსეთი სავარაუდოდ გეგმევს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დაზიანებას და პასუხისმგებლობის უკრაინისთვის დაკისრებას. ანალიტიკოსების მოსაზრებით, ამაზე მიუთითებს გენერალ სერგეი სუროვიკინის განცხადებები, თითქოს უკრაინა ომის აკრძალული მეთოდების გამოყენებას და კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დაბომბვას აპირებს: „შესაძლოა რუსი სამხედროები მიიჩნევდნენ, რომ კაშხლის დაზიანება გადაფარავს მათ უკანდახევას მდინარე დნიპროს მარჯვენა ნაპირიდან, ასევე შეაფერხებს ან შეანელებს უკრაინის წინსვლას მდინარის გასწვრივ“.