რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის, დმიტრი ვოლვაჩის განცხადებით, საქართველოში რუსული სტანდარტებით ღვინის სერტიფიცირებისთვის ლაბორატორიის შექმნას განიხილავენ. ამის შეხებ ვოლვაჩმა თქვა მოსკოვში გამართულ რუსულ-ქართულ ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭო, რომლის პირველი, დამფუძნებელი სხდომა თებერვალში შედგა, უკვე მუშაობს უახლოესი ერთი წლის ღონისძიებების გეგმაზე.
„პირველ რიგში ყალიბდება საექსპერტო ჯგუფი ქართული ღვინის ქარხნების სერტიფიცირებისთვის და რუსული სტანდარტების მიხედვით ღვინოების სერტიფიცირების მიზნით, საქართველოში სპეციალიზებული ლაბორატორიის შესაქმნელად. ეს შესაძლებელს გახდის, გაუქმდეს ქართული ღვინოების მეორადი სერტიფიცირება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“, - განაცხადა დმიტრი ვოლვაჩმა.
მეორე ინიციატივა საქართველოდან რუსეთში იმპორტისთვის აკრძალული პროდუქციის სიიდან, კონიაკის სპირტის ამოღებას ეხება.
„ეს არ არის მარტივი ამოცანა. მას, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ასპექტი აქვს, მაგრამ ის, რომ ბიზნეს საბჭო, ქართული და რუსული მხრიდან ექსპერტები ამ საკითხზე იმუშავებენ, ვფიქრობ, ძალიან ზრდის იმის შანსებს, რომ აქ წინ წავიწიოთ. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოდან მოწოდებული ღვინის წილმა მთლიანი ქართული ექსპორტის თითქმის 29% შეადგინა, ამ ინიციატივების განხორციელებისთვის პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა ყველაზე ხელსაყრელ გავლენას მოახდენს რუსეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე“, - აღნიშნა ვოლვაჩმა და ხაზი გაუსვა, რომ რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, 2022 წელს, რუსეთსა და საქართველოს შორის ტვირთბრუნვა თითქმის 60%-ით გაიზარდა და 2.3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, სხვადასხვა დონეზე, რუსეთის 70-ზე მეტი რეგიონი ინარჩუნებს. დმიტრი ვოლვაჩის თქმით, რუსი მეწარმეები გაზრდილი ინტერესით უყურებენ საქართველოსთან თანამშრომლობას.
„ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ერთ-ერთი მამოძრავებელი ფაქტორი შეიძლება იყოს ტურიზმის განვითარება. ჩვენი სპეციალისტები მზად არიან, უახლოეს მომავალში დაიწყონ ტურისტული ინდუსტრიის განვითარების სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავება. თუმცა, პირველი რიგის ამოცანაა საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, ასევე, რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხების შემუშავება. გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ამჟამად მიმდინარეობს ზემო ლარსის საერთაშორისო საავტომობილო გამშვები პუნქტის რეკონსტრუქცია. დასრულების შემდეგ გამტარუნარიანობა რამდენჯერმე გაიზრდება, ზოლების რაოდენობა 14-დან 39-მდე ავა. რეკონსტრუქციის დასრულება 2023 წლის მესამე კვარტალში იგეგმება“, - განაცხადა ვოლვაჩმა.
საქართველომ გასულ წელს 252.5 მილიონი დოლარის ღვინო გაყიდა. საქსტატის მონაცემებით, ექსპორტის თითქმის 64% რუსეთზე მოდის. 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა.