რუსული მედია საშუალებები „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას ეხმაურებიან და ხაზს უსვამენ, რომ ის ფეხბურთში რუსეთის ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
1995 წელს ყაველაშვილმა, რომელიც მაშინ ვლადიკავკაზის გუნდში თამაშობდა, რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო.
„რუსეთის ჩემპიონი ფეხბურთში მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე კანდიდატი გახდა. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. ყაველაშვილი 53 წლისაა. 1995 წლის სეზონზე ვლადიკავკაზის „სპარტაკ-ალანიას“ შემადგენლობაში ის რუსეთის ჩემპიონი გახდა“, - წერია Match TV-ის, სპორტული ტელევიზიის, საიტზე.
„ფსონი ანტიდასავლელზე: რუსეთის ჩემპიონს საქართველოს პრეზიდენტობა სურს“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ახალი ამბების სააგენტო RIA Novisti. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ „ევრო 2024-ზე“ მიღწეული წარმატების შემდეგ საქართველოში ფეხბურთელები ეროვნული გმირები გახდნენ, რის გამოც „გასაკვირი არ არის, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევისას არჩევანი ყაველაშვილის სასარგებლოდ გააკეთა“.
„2016 წელს ის „ქართული ოცნებიდან“ პალამენტის წევრად აირჩიეს, თუმცა, 2022 წელს, რამდენიმე დეპუტატთან ერთად, პარტია დატოვა და დააარსა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ხალხის ძალა“, რომელიც მოგვიანებით პარტიად გადაკეთდა. მხოლოდ ეს არ იყო დემარში ოპოზიციაში გადასვლით. უბრალოდ, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ზოგჯერ ვერ ახერხებდნენ დასავლელი პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკას, „ხალხის ძალა“ თავიდანვე გამოირჩეოდა მკაცრი ანტიდასავლური რიტორიკით“, - ვკითხულობთ სტატიაში.
RIA Novisti-მ ვლადიკავკაზის „ალანიისა“ და რუსეთის ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, ვალერი გაზაევთან ინტერვიუც გამოაქვეყნა. გაზაევი მიხეილ ყაველაშვილს ახასიათებს როგორც საქართველოს პატრიოტს და ამბობს, რომ ის სწორი არჩევანია ქვეყნისთვის.
„მიხეილ ყაველაშვილს კარგად ვიცნობ და როგორც ადამიანი, შემიძლია მხოლოდ საუკეთესო მხრიდან დავახასიათო. ის უმაღლესი დონის პროფესიონალია. „ალანიაში“ მან უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ჩვენი გუნდი რუსეთის ჩემპიონი გამხდარიყო.
მინდა მივულოცო მას ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე წარდგენა, ჩემი აზრით, ეს ძალიან სწორი არჩევანია. დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკაშიც ის თავს გამოიჩენს, როგორც საქართველოს ნამდვილი პატრიოტი“, - განაცხადა გაზაევმა.
„ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი ყოფილი ფეხბურთელი, 2016-2024 წლებში საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და ანტიდასავლური გზავნილებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ ყაველაშვილი იქნება. ამ გადაწყვეტილების შესახებ 27 ნოემბერს, მმართველი პოლიტიკური საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. ივანიშვილის თქმით, ყაველაშვილს პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება „განსაკუთრებულად გამოარჩევს“. „ის თავისი ბუნებით, თუ გნებავთ - ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება“, - აღნიშნა მან ყაველაშვილის წარდგენისას.
საქართველოს მომავალ, მეექვსე პრეზიდენტს უმაღლესი განათლება არ აქვს. ამ მიზეზით მიხეილ ყაველაშვილმა 2015 წელს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ვერ იყარა კენჭი. მაშინ ის ამბობდა, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში „წარმოუდგენელი იყო, ფეხბურთელს უმაღლესი განათლება მიეღო“.