მიხეილ ყაველაშვილს, რომელსაც „ქართული ოცნება“ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად დანიშვნას უპირებს, უმაღლესი განათლება არ აქვს. ამ მიზეზით მან 2015 წელს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ვერ მიიღო მონაწილეობა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 2 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 3 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 4 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
ფეხბურთის ფედერაციის წესდების მიხედვით, პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს უმაღლესი განათლება უნდა გააჩნდეს. ორგანიზაცია „ჩვენი ფეხბურთის“ დამფუძნებელი ყაველაშვილი მაშინ ამბობდა, რომ აღნიშნული დებულების გასაუქმებლად სასამართლოს მიმართავდა.
„საბჭოთა კავშირის პერიოდში ისეთი სისტემა იყო, რომ წარმოუდგენელი იყო, ფეხბურთელს უმაღლესი განათლება მიეღო. ეს პრაქტიკა არსებობს მთელს მსოფლიოში. უეფას პრეზიდენტს, პლატინსაც არ აქვს უმაღლესი განათლება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის განზრახ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია ჩემს წინააღმდეგ. ამიტომ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ სასამართლოში“, - აცხადებდა ყაველაშვილი.
2016 წელს მიხეილ ყაველაშვილი „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტში შევიდა, სადაც 8 წლის განმავლობაში ჯერ სანზონის, შემდეგ კი ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. პარლამენტის ვებგვერდზე დღემდე არ არის ატვირთული დოკუმენტი, რომელიც მის საშუალო ან უმაღლეს განათლებას დაადასტურებდა.
„საქართველოს პარლამენტის აპარატში არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად, არ ინახება საქართველოს პარლამენტის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოკლებული ვართ შესაძლებლობას გამოგიგზავნოთ ეს დოკუმენტები“, - განუმარტა პარლამენტის აპარატმა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ (IDFI).
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელს მაინც. კონსტიტუცია განათლების ცენზს არ ითვალისწინებს.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, მიხეილ ყაველაშვილს პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება „განსაკუთრებულად გამოარჩევს“. „ის თავისი ბუნებით, თუ გნებავთ - ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება“, - აღნიშნა მან ყაველაშვილის წარდგენისას.
არალეგიტიმური პარლამენტის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, ხოლო ინაუგურაცია - 29 დეკემბერს გაიმართება.
სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი წესით, საყოველთაო არჩევნებით არჩეული ბოლო პრეზიდენტია.
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს 5 წლის ვადით 300-კაციანი ამომრჩეველთა კოლეგია აირჩევს, რომლის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას. კანდიდატი პრეზიდენტად არჩეულად ჩაითვლება, თუ მოაგროვებს კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერას. სხვა შემთხვევაში, მეორე ტური ჩატარდება.
