რუსეთის ვიცე-პრემიერი და 2012-2020 წლებში ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი, დელეგაციასთან ერთად, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ის გაგრასა და ბიჭვინთაში იმყოფებოდა, დაათვალიერა სოხუმის აეროპორტი, რის შემდეგაც დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
რუსეთის სამთავრობო დელეგაციამ ბიჭვინთაში ის ტერიტორია მოინახულა, სადაც 2026 წლისთვის, 46.5 ჰექტარზე, სასტუმრო-კომპლექს „მოსკვა რეზორტის“ (Москва Резорт) გახსნა იგეგმება. პროექტის ღირებულება 31 მილიარდი რუბლია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, „მოსკვა რეზორტის“ სასტუმროს ნაწილში 450 ნომერი და 2334 გრძელვადიანად გასაქირავებელი აპარტამენტი აშენდება. სასტუმრო-კომპლექსის ტერიტორიას ორ კილომეტრიანი პლაჟი ექნება. რუსი ინვესტორების გათვლებით, იგი ყოველწლიურად 200 ათასზე მეტ ტურისტს მიიღებს.
ალექსანდრ ნოვაკმა ასლან ბჟანიას მადლობა გადაუხადა აფხაზეთში მიწვევისთვის, ბჟანიამ კი აღნიშნა, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობა, მოქალაქეები მის ვიზიტზე დიდი იმედებს ამყარებენ.
„აფხაზეთი, სოხუმი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია როგორც საგარეო პოლიტიკურ საქმიანობაში, ასევე სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კუთხით. რუსეთი ხელს უწყობს აფხაზეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და ფინანსურ სტაბილურობას. ჩვენი სავაჭრო და ეკონომიკური ბრუნვა იზრდება - გასულ წელს ის 73%-ით გაიზარდა. მიმაჩნია, რომ ეს ზღვარი არ არის, რადგან დიდი პოტენციალია სხვადასხვა მიმართულებით: პირველ რიგში, ეს არის ტურიზმი, ახალი პროექტები, რომლებიც შესაძლოა განხორციელდეს ტურისტების მოსაზიდად და ეს არის აეროპორტის მუშაობის აღდგენა ტურისტული ნაკადის უზრუნველსაყოფად “, - განაცხადა ნოვაკმა ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას.
რუსეთის ვიცე-პრემიერის თქმით, უახლოეს მომავალში სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის აღდგენაზე „მთავრობათაშორისი ხელშეკრულების“ გაფორმება იგეგმება.
რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: იგორ მასლოვი - რუსეთის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული ურთიერთობის საკითხებში; დიმიტრი ვოლვაჩი - ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე; ევგენი გრაბჩაკი - ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე; მიხაილ ბაბიჩი - სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორი.
