რუსეთმა კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს, კობა ხაბაზს, დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რუსული მხარე ხაბაზს უკრაინის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობასა და „დაქირავებულ მებრძოლობას“ ედავება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

58 წლის კობა ხაბაზი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცნეს დამნაშავედ. რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, ხაბაზი უკრაინაში 2022 წლის მარტში, პოლონეთის გავლით ჩავიდა. ის „ქართული ეროვნული ლეგიონის“ შემადგენლობაში იბრძოდა. რუსული მხარის მტკიცებით, ის 2026 წლის იანვრამდე აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. ამჟამად რუსეთის ფედერაციას კობა ხაბაზზე საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული.

კობა ხაბაზი ე.წ. განაჩენს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გამოეხმაურა. მან დაადასტურა, რომ ნამდვილად იბრძოდა „ქართული ლეგიონის“ რიგებში და აღნიშნა, რომ ოკუპანტი ქვეყნის მიერ გამოტანილი განაჩენი მისთვის „საამაყოა“.

„დიახ, მე უნდა მისჯიდეს სასჯელს რუსეთის ფედერაცია, იმიტომ, რომ მე ვარ მტერი იმ ქვეყნის, რომელიც საქართველოში შემოიჭრა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა.

ჩემთვის საამაყოა, რომ ვიბრძოდი უკრაინის მხარეს. ეს იყო ჩემი ვალი ანწუხელიძის წინაშე, ძმები რომელაშვილების წინაშე; ეს იყო ვალის გადახდა იმ ქართველი მებრძოლების წინაშე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაეცნენ“, - განაცხადა ხაბაზმა.

რუსეთმა საქართველოს ათობით მოქალაქე გაასამართლა ომში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს მონაწილეობისთვის. 2026 წლის თებერვალში 6,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლოდერს, გიორგი ბარამიძეს, ხოლო მარტში 14 წელი ადვოკატ ბექა ბასილაიას. უფრო ადრე, 2025 წლის აგვისტოში, 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს კიდევ ერთ ქართველ ოპოზიციონერს, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალექსანდრე ელისაშვილს. ის ამჟამად ქართულ ციხეში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში „ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის“ ბრალდებით. ელისაშვილი ბრალს არ აღიარებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.