თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, მოქალაქეებმა აქციით გააპროტესტეს რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლება. „რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“, „არა რუსულ ფრენებს“, „არა რუსულ მთავრობას“ - ასეთი იყო აქციაზე შეკრებილთა მთავარი გზავნილები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ფრენების აღდგენა საქართველოს მიერ წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას რისკის ქვეშ აყენებს და სანქცირების საფრთხეს ქმნის.
„დღეს, მოსკოვიდან გამოშვებული „აზიმუტი“ ჩვენს აეროპორტში დაჯდა. ეს რასაც ნიშნავს, ყველამ კარგად ვიცით და კარგად იცის ევროპამაც, ხალხმა, რომელმაც წლის ბოლოს უნდა გვითხრას, მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ რუსული თვითმფრინავი არ ჯდება არაფერში, არ ჯდება არც ევროპაში და ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ რუსული თვითმფრინავი ვერ დაჯდეს ვერც საქართველოს აეროპორტებში. დღეს ჩვენ, ყველამ ერთად რუსული მთავრობისგან უნდა მოვითხოვოთ, გააუქმოს პირდაპირი ფრენები. ეს შეუძლია პარლამენტსაც. ხომ ამბობენ, ხომ ატყუებენ ხალხს, ჩვენი რა ბრალია, პუტინმა გააკეთა ესო, მოსკოვს აბრალებენ, ჩვენ არ ვართ სულელები, ვერ მოატყუებენ საქართველოს ვერცერთ თავისუფალ მოქალაქეს“, - განაცხადა აქციაზე გამოსვლის დროს სამოქალაქო აქტივისტმა, ნოდარ ჩაჩანიძემ.
„2019 წელს აქ, ჩვენთან ჩამოვიდა გავრილოვი. ამ მთავრობამ დათვის ტყვიების სროლით დაგვსაჯა, ხოლო რუსეთმა იქიდან „დასაჯა“ ქართველები, რომლებიც რუს ტურისტებთან მუშაობდნენ და აკრძალა ფრენები. ახლა, მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას ანტიევროპული ნაბიჯებისთვის და ამის გამო აღადგინა ფრენები. ჩვენ არ გვინდა რუსული მადლობა. ჩვენ გვინდა ევროპა. შესაბამისად, გაუმარჯოს საქართველოს ევროპულ მომავალს. ბიძინას რუსულ მთავრობას აქ არაფერი ესაქმება“, - თქვა აქციაზე კიდევ ერთმა გამომსვლელმა.
რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შემდეგ, 19 მაისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია „აზიმუტის“ პირველი თვითმფინავი დაეშვა. მოსკოვი-თბილისის რეისით ჩამოფრინდნენ ქართველი პრორუსი პოლიტიკოსები, აქტივისტები და ბიზნესმენებიც - ვალერი კვარაცხელია, დიმიტრი ლორთქიფანიძე, მერაბ ჭიქაშვილი და მამუკა ფიფია. ჭიქაშვილმა, რომელიც ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ თავმჯდომარეა, ფრენების განახლებისთვის ვლადიმერ პუტინს მადლობა საქართველოს მოქალაქეების სახელით გადაუხადა.
რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა მოქალაქეებმა აეროპორტის შესასვლელთანაც გააპროტესტეს. პოლიციამ აქციის ექვსი მონაწილე, მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე და პარტია „დროას“ წევრი შუშანა მაცაბერიძე, ადმინისტრაციული წესით დააკავა.
საქართველოსთან თითქმის ოთხი წლის წინ შეწყვეტილი ავიამომოსვლის განახლების თაობაზე განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვალდიმერ პუტინმა 2023 წლის 10 მაისს გამოსცა. ფრენების აღდგენის გარდა, გაუქმდა 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი - 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა უვიზოდ შეუძლიათ.
„აზიმუტი“ (Azimuth Airlines) პირველი რუსული ავიაკომპანიაა, რომელსაც საქართველოს მთავრობამ მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებაზე პირდაპირი ფრენების შესრულების ნებართვა მისცა. 20 მაისიდან თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეისებს ქართული კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებს, ხოლო 2 ივნისიდან, სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი იფრენს.
ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, შეუერთდეს ავიაციის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის და რიგი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებულ სანქციებს. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ფრენების განახლების შესახებ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ქვეყნის ევროპული გზისა და საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით, რაც საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირის გადაწყვეტილებებთან თანხვედრას გულისხმობს.