გორის რაიონის სოფელ კირბალში რუსი სამხედროების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის მოწმე ლევან დოთიაშვილმა მედიასთან მომხდარის დეტალებზე ისაუბრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„სასაფლაოზე ვსვამდით 6 კაცი - მე, ვალიკო დოთიაშვილი, თამაზ გინტური, ვასიკო წიოტაშვილი, პაპიტაშვილი და მერაბ დათიაშვილი. ამის შემდეგ დავიშალეთ, ორი მანქანით წავედით. ერთი მანქანით სამნი წავიდნენ სოფლისკენ, სამნი წავედით ლომისაში სანთლების ასანთებად.
ეკლესიის ეზოში რომ ავედით, კადრიც კი ნახეთ, კარი გავხსენით. რომ გამოვდიოდით, მოვიდა მხოლოდ ერთი რუსი ჯარისკაცი, გამაფრთხილებელი გაისროლა. მე დავუძახე, არ გინდა სროლა, მოვრიგდეთ მეთქი. დაწყნარდა ეს რუსი ჯარისკაცი, ვილაპარაკეთ, კამერა მაქვს ჩართულიო, ამოიღო და ამ დროს, თამაზმაც დაუწყო ლაპარაკი. ჩვეულებრივ, არანაირი აღელვება, არანაირი კონფლიქტი, არაფერი, დაწყნარებულად ვსაუბრობდით.
ამის შემდეგ, თამაზმა მითხრა, დაჯექი მანქანაშიო და დავჯექი მანქანაში, თამაზი და მესაზღვრე საუბრობდნენ. გამოვიდა თამაზი ჩვეულებრივად მანქანისკენ, დაჯდა, როგორც კი დავძარით მანქანა, გავიარეთ 3 მეტრი და ეგრევე საბურავებში ესროლა. არ ველოდებოდით სროლას.
როგორც კი დავიძარით, სროლა-სროლით მოგვდევდა რუსი ჯარისკაცი. გავიარეთ სადღაც 15-20 მეტრი და თამაზმა თქვა, დამჭრაო.
მე გადმოვხტი, გადმოვიყვანე თამაზი მანქანიდან. გონება დაკარგა. მე ვუთხარი რუს ჯარისკაცს, სასწრაფოში დავრეკავ მეთქი. დავრეკე სასწრაფოში, შემდეგ დარეკა პოლიციამ, ადგილი ვუთხარი, სად ვარ, როგორ ვარ. დავინახე ვინც ისროლა, მაგრამ ცნობით ვერ ამოვიცნობ. ვნახე ეგ ფოტოები, მაგრამ ვერ ვიცანი.
ამის მერე, 5-6 წუთის შემდეგ ამოვიდნენ დანარჩენი რუსი ჯარისკაცები. ერთ-ერთმა დაუნდობლად დამარტყა. მიწაზე დამაწვინა. ამ პროცესში მე უკვე ბორკილები დამადეს, წამიყვანეს ტყის მიმართულებით და თამაზი აღარ მინახავს. გზაში იყო შეურაცხყოფაც, დარტყმაც. ყველა იყო იარაღით, ზოგი კონდახით, ზოგი ხელით მირტყამდა, მაგას ნამდვილად ვეღარ ვიგებდი უკვე“, - თქვა დოთიაშვილმა ჟურნალისტებთან.
58 წლის თამაზ გინტური რუსმა სამხედროებმა 6 ნოემბერს მოკლეს. მას ზურგში ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. მასთან ერთად მყოფი, ამავე სოფლის მცხოვრები 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი ოთხი დღის განმავლობაში გატაცებული ჰყავდათ. 7 ნოემბერს, ცხინვალის ტელევიზიამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ გახსნეს აჭედილი ეკლესიის კარი თამაზ გინტურმა და ლევან დოთიაშვილმა. კირბალში მდებარე ლომისის ეკლესია საოკუპაციო ხაზს იქით არის მოქცეული. აგვისტოში ოკუპანტებმა ეკლესიის კარი თუნუქის ფირფიტით აჭედეს, რომ მომლოცველები ვეღარ შესულიყვნენ. მოკლული თამაზ გინტური რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მონაწილე და წოდებით მაიორი იყო. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ის ამიტომაც მოკლეს. კირბალიდან გატაცებული ლევან დოთიაშვილი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 9 ნოემბერს გაათავისუფლა.