საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაადასტურა, რომ სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორი დავით ხიდაშელი მის მრჩევლად იყო გაფორმებული. შესაძლოა, ხიდაშელს წვდომა ჰქონოდა საიდუმლო ინფორმაციაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ამ თემაზე - დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში ღარიბაშვილის და ბურჭულაძის მრჩევლად მუშაობდა
„დავით ხიდაშელი ჩემს მრჩევლად იყო რაღაც პერიოდი. იცით თქვენ, რომ ვმუშაობდით დავით გარეჯის საქმეზე, ჩართული იყო დავითიც ამ საკითხზე და უბრალოდ ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ რაღაცაში დაგვჭირდებოდა, ვკითხავდით“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მთავარ არხთან“.
კითხვაზე, ახლაც არის თუ არა გაფორმებული ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მრჩევლად, ბურჭულაძემ თქვა, რომ „ალბათ, დღეს არ იქნება გაფორმებული“.
„მთავარის“ ინფორმაციით, მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, ხიდაშელთან გაფორმებული იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მისი ყოველთვიური ანაზღაურება 1000 ლარს შეადგენდა.
თავდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ დავით ხიდაშელი ამჟამად უწყებაში დასაქმებული არ არის.
ხიდაშელმა „მთავარ არხთან“ განაცხადა, რომ ის დავით გარეჯის დემარკაციის საკითხზე საქართველოს ხელისუფლებას კონსულტაციებს უწევდა, თუმცა ამაში ხელფასი არასდროს აუღია.
დავით ხიდაშელი რუსული კორპორაცია „სისტემის“ ვიცე-პრეზიდენტი იყო 2007-2014 წლებში. „სისტემა“ ყირიმის ანექსიის მხარდამჭერი მსხვილი კონგლომერატია. მის შემადგენლობაში შედის კომპანია „კრონდშადტი“, რომელიც 2021 წლიდან სამხედრო დრონებს აწარმოებს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ემსახურება.
„სისტემის“ მფლობელი ვლადიმერ ევტუშენკოვია - უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სანქცირებული დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, უკრაინის, ახალი ზელანდიის მიერ. ევტუშენკოვი პუტინის უახლოესი გარემოცვაა. 2023 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ „სისტემა“ დაასანქცირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) განცხადებაში, „სისტემა“ მოხსენიებულია ერთ-ერთ უმსხვილეს რუსულ საჯარო დივერსიფიცირებულ ჰოლდინგურ კომპანიად.
ევტუშენკოვსა და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ახლო ურთიერთობა აკავშირებთ. 2022 წელს, ინტერნეტში გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის მიხედვით, დავით ხიდაშელი „მესენჯერი“ იყო ევტუშენკოვსა და ივანიშვილს შორის.
ხიდაშელი ე.წ. კარტოგრაფების საქმის მთავარი ფიგურანტია. რუკა, რომელსაც საქართველოს პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მთელი ბრალდება დააფუძნა, რუსეთიდან ხიდაშელმა ჩამოიტანა. ამ „დამსახურებისთვის“ მან ივანიშვილის მადლობაც დაიმსახურა.
დავით გარეჯის საქმეზე იდგა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია #გარეჯისაქართველოა, 2020 წელს. ხელისუფლებამ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააპატიმრა. მათ ედავებოდნენ, თითქოს, წინა ხელისუფლებისგან მიღებული დავალების შესაბამისად, დავით გარეჯის მიმდებარედ, საზღვრის მონაკვეთი საქართველოს ინტერესების საზიანოდ შეათანხმეს, რის გამოც გარეჯის ძეგლისა და სამონასტრო კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს აღმოჩნდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაპატიმრებული კარტოგრაფები სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულა და თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ტერიტორიები სხვას გადასცა და ანტიეროვნული დანაშაული ჩაიდინა, უნდა გაუქმდეს.
2022 წლის აპრილში, საქართველოს ხელისუფლებამ დავით ხიდაშელის კომპანიას გადასცა რაჭასა და ქვემო სვანეთში, რუსეთის საზღვართან და რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან მდებარე 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით. კანონდარღვევებში მხილების, სასამართლო დავების დაწყებისა და ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ, მთავრობამ, 2023 წლის ნოემბერში ეს გადაწყვეტილება გააუქმა.