უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სანქცირებული რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორი დავით ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, მინისტრის მრჩევლად, 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე მუშაობდა. ამ პერიოდში თავდაცვის მინისტრები ირაკლი ღარიბაშვილი და ჯუანშერ ბურჭულაძე იყვნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი 2019 წლის სექტემბრიდან იყო. პრემიერ-მინისტრად მისი დანიშვნის შემდეგ, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ჯუანშერ ბურჭულაძე იკავებდა.
„მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე თავდაცვის სამინისტროში დავით ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობასთან დაკავშირებით, საზოგადოებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გვსურს, განვმარტოთ შემდეგი: 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად. იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ, თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყება აღნიშნავს, რომ დავით ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში სახელმწიფო საიდუმლო ცნობებზე დაშვება არ ჰქონია.
კანონმდებლობის თანახმად, როცა მინისტრი თანამდებობას ტოვებს, მისი მრჩევლებიც ავტომატურად თავისუფლდებიან. შესაბამისად, ხიდაშელი მრჩევლად ჯერ ღარიბაშვილმა დანიშნა, შემდეგ ბურჭულაძემ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის N176 დადგენილების თანახმად დიპლომატიური პასპორტი გაიცემა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების არაუმეტეს 15 თანამშრომლისა, შესაბამისი უწყების წარდგინების საფუძველზე. ამავე დადგენილების თანახმად, დიპლომატიურ პასპორტს გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ჰქონდა თუ არა დავით ხიდაშელს საქართველოს დიპლომატიური პასპორტი - ამ კითხვაზე თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროები კომენტარს არ აკეთებენ.
დავით ხიდაშელი რუსული კორპორაცია „სისტემის“ ვიცე-პრეზიდენტი იყო 2007-2014 წლებში. „სისტემა“ ყირიმის ანექსიის მხარდამჭერი მსხვილი კონგლომერატია. მის შემადგენლობაში შედის კომპანია „კრონდშადტი“, რომელიც 2021 წლიდან სამხედრო დრონებს აწარმოებს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ემსახურება.
„სისტემის“ მფლობელი ვლადიმერ ევტუშენკოვია - უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სანქცირებული დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, უკრაინის, ახალი ზელანდიის მიერ. ევტუშენკოვი პუტინის უახლოესი გარემოცვაა. 2023 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ „სისტემა“ დაასანქცირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) განცხადებაში, „სისტემა“ მოხსენიებულია ერთ-ერთ უმსხვილეს რუსულ საჯარო დივერსიფიცირებულ ჰოლდინგურ კომპანიად.
ევტუშენკოვსა და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ახლო ურთიერთობა აკავშირებთ. 2022 წელს, ინტერნეტში გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის მიხედვით, დავით ხიდაშელი „მესენჯერი“ იყო ევტუშენკოვსა და ივანიშვილს შორის.
ხიდაშელი ე.წ. კარტოგრაფების საქმის (დავით გარეჯის საქმე) მთავარი ფიგურანტია.