„ვისაც არ უნდა მოსვლოდა თავში იდეა (რუსთაველის გამზირის დაკეტვა 2024 წლის არჩევნებისთვის) და ამით მასობრივი დემონსტრაციების თავიდან აცილება, ეს არის პრობლემის მოგვარების ტიპური საბჭოთა მეთოდი“, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი 2024 წლიდან რუსთაველის გამზირის დაანონსებულ რეაბილიტაციას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
თბილისის მერმა კახა კალაძემ 15 ნოემბერს თქვა, რომ რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლიდან დაიწყება და 2 წელზე მეტხანს გაგრძელდება.
„გვინდა, რომ პირველ ეტაპზე განხორციელდეს - არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, გამაგრებითი სამუშაოები. არის ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომელსაც სპეციალური დამუშავება და შესაბამისი ექსპერტების ჩართულობა სჭირდება. ბოლო ეტაპი იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. რუსთაველზე ამ მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ხშირია მიწის ჩავარდნის შემთხვევები. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამუშაოების წარმოება“, - განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. მერიის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 90 მილიონი ლარი დაიხარჯება.
კახა კალაძემ სამარცხვინო უწოდა ოპოზიციური პარტიების წევრების მოსაზრებებს, რომლის თანახმადაც, თბილისის მერია რუსთაველის რეაბილიტაციას იმიტომ გეგმავს, რომ აქციების გამართვას ხელი შეუშალოს.
„ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. რეალურად ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნებზე შანსები ნულს ქვემოთ არის. რაც შეეხება კონკრეტულ პროექტს, არ ვიცი, აქციის ჩატარება თუ უნდათ რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია ხელს რატომ შეუშლის, აბსოლუტურად გაუგებარია, მაგრამ აქაც ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს ჩვენ ვაპირებთ გზების გადაკეტვას, ეს ძალიან დიდი აბსურდია. არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას არანაირი გადაკეტვა არ სჭირდება, მთლიანად განახლდება და როდესაც ეს სამუშაოები დასრულდება შემდეგ, ბოლო ეტაპი იქნება უშუალოდ გამზირის რეაბილიტაცია მიწისქვეშა კომუნიკაციებით. როდესაც გამზირის რეაბილიტაციას დავიწყებთ, მაშინ, რა თქმა, უნდა მოგვიწევს ქუჩის დროებით გადაკეტვა“, - განაცხადა კალაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს.