ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP), რომელის წევრიც საქართველო 2011 წელს გახდა, მთავრობას მოუწოდებს ე.წ. „აგენტების შესახებ“ რუსული კანონი უკან გაიწვიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოს OGP-ის წევრობა შეუწყდეს. OGP-ის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებული კანონი დისკრიმინაციულია, ახდენს სტიგმატიზაციას და ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და მოწყვლადი ჯგუფების გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
ღია მმართველობის პარტნიორობამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ წამოჭრილი იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შემოღებას და დემოკრატიის უფრო ფართო ეროზიას, სამოქალაქო სივრცის დახურვას, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას.
ლუსი მაკტერნანმა, OGP-ის კრიტერიუმებისა და სტანდარტების ქვეკომიტეტის სამოქალაქო საზოგადოების თანათავმჯდომარემ, რუსული კანონზე გაამახვილა ყურადღება.
„ამ კანონმდებლობას უარყოფითი გავლენა ექნება სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებზე და მათი ფუნქციონირების თავისუფლებაზე. ვგმობთ ამ კანონმდებლობის წინსვლას და მოვუწოდებთ საქართველოს, თავი შეიკავოს იმ კანონების მიღებისგან, რომლებიც ეწინააღმდეგება მოქალაქეთა დიდი უმრავლესობის სურვილებს“, - განაცხადა ლუსი მაკტერნანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ არანაკლებ შემაშფოთებელია ჟურნალისტებსა და მედიის დამოუკიდებლობაზე თავდასხმები.
OGP-ი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, 6 თვეზე მკაფიოდ გაწერილი სამუშაო გეგმა შეიმუშავოს, რომელიც უნდა მოიცავდეს:
- დისკრიმინაციული კანონმდებლობის უკან გაწვევას: დაუყოვნებლივ გადახედვა და უკან გაწვევა ნებისმიერი კანონმდებლობის, რომელიც აფერხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლებისა და დაუცველი ჯგუფების გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას. ასეთად დასახელებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.
- გაერთიანებისა და პრესის თავისუფლების დაცვას: ისეთი გარემოს უზრუნველყოფა, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ჟურნალისტებს შეუძლიათ იმუშაონ დაშინების ან ძალადობის შიშის გარეშე, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში.
- ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას: არსებული ჩარჩოების გაძლიერება საჯარო ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომის უზრუნველსაყოფად და საერთო საკანონმდებლო ბაზის გადახედვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
საქართველოს მთავრობას ასევე მოუწოდებენ, გეგმაზე მუშაობის დროს გაითვალისწინოს ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები.
„რეკომენდირებული სამუშაო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს OGP-ის წევრობის შეჩერება პრობლემების გადაწყვეტამდე. OGP-ის ღირებულებებისა და პრინციპების უწყვეტი უგულებელყოფა ასევე შეიძლება დასრულდეს ღია მმართველობის პარტნიორობაში წევრობის შეწყვეტით“, - ნათქვამია OGP-ის განცხადებაში.
საქართველოს მთავრობამ სამუშაო გეგმა 2024 წლის 6 ივნისამდე უნდა წარადგინოს.
ღია მმართველობის პარტნიორობა 75 წევრი ქვეყნის მთავრობასა და ათასობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას აერთიანებს. წევრი ქვეყნის მთავრობები იღებენ ვალდებულებას, მმართველობა გახადონ უფრო ღია, ეფექტური და გამჭვირვალე, უზრუნველყონ მოქალაქეთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა და სახელმწიფო სერვისების მარტივი და კომფორტული მიწოდება. 2017 წელს საქართველო ერთი წლის ვადით OGP-ის თავმჯდომარედ იყო არჩეული, ხოლო 2019-2022 წლებში, გერმანიასთან და ინდონეზიასთან ერთად, OGP-ის მმართველ კომიტეტში შედიოდა, სადაც ქვეყანას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი წარმოადგენდა.
