20 იანვარს, გვიან ღამით, ყოფილი სამხედრო მოსამსახურის მიერ საგარეჯოში დაჭრილი ხუთი ადამიანიდან, კლინიკაში მკურნალობას სამი აგრძელებს. მათგან ერთი, 24 წლის გიორგი კიკნაძე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. „ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს სამედიცინო ცენტრის ექიმის მამუკა ოთიაშვილის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა დადებითი დინამიკა აქვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„დაჭრილებიდან ორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს დღეებში იგეგმება მათი ბინაზე გაწერა. ერთი პაციენტი, რომელიც კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს მკურნალობას, რჩება მართვით სუნთქვაზე. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ამ ეტაპზე დადებითი დინამიკა გვაქვს, მაგრამ მიყენებული დაზიანებებიდან გამომდინარე გართულების რისკი ჯერ ისევ ძალიან მაღალია. დაზიანებული აქვს დიდი კალიბრის სისხლძარღვები - ბარძაყის არტერია, ვენა. მისთვის საჭირო სისხლი მოძიებულია და მარაგი არსებობს“, - აღნიშნა ექიმმა.
კავკასიის მედიცინის ცენტრიდან ბინაზე გაწერეს 18 წლის გოგოც. დაჭრილს ჭრილობა თვალის არეში ჰქონდა და ოპერაცია ჩაუტარდა.
ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ, 48 წლის ნოდარ ათუაშვილმა, საკუთარი საცხოვრებელი ბინიდან, რომელიც ხუთსართულიანი კორპუსის მესამე სართულზეა, ცეცხლი 20 იანვარს, ღამით, დაახლოებით 00:10 საათზე გახსნა. ათუაშვილმა კორპუსის ეზოში მოკლა ოთხი ადამიანი - დავით ნასრაძე, ზაზა ჩიხლაძე, ზაქრო მათიაშვილი და ნოდარ რჩეულიშვილი, ხუთი კი დაჭრა. მოკლული ოთხი ახალგაზრდიდან, სამი ამავე კორპუსის მცხოვრები იყო, ერთი კი სტუმარი.
ყოფილმა სამხედრომ შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებსაც ესროლა, რის შედეგადაც კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, 38 წლის ოთარ ღვინაშვილი ადგილზე დაიღუპა. თავს გაქცევით უშველა ნოდარ ათუაშვილის შვილმა, რომელიც სროლის დაწყების დროს ბინაში იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საგარეჯოში სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზების შემდეგ, ნოდარ ათუაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავი მოიკლა.
ნოდარ ათუაშვილი 2006-2021 წლებში თავდაცვის ძალებში მსახურობდა. მონაწილეობდა სამშვიდობო მისიაშიც, ავღანეთში. მეზობლების ინფორმაციით, ათუაშვილმა ფეხი მოიტეხა, მკურნალობის პროცესი დიდხანს გაგრძელდა, რის გამოც ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.
20 იანვარს, საგარეჯოში ჩასულმა შს მინისტრმა თქვა, რომ ათუაშვილის ბინაში იარაღთან ერთად ნახეს ხელყუმბარის რგოლებიც.
საგარეჯოში 5 ადამიანის მოკვლისა და ხუთის დაჭრის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.