თელავის რაიონულმა სასამართლომ საგარეჯოში ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობის ბრალდებით დაკავებულს - დასუფთავების სამსახურის თანამშრომელ მამუკა შაქარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ვერიკო ზათიაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა შაქარაშვილმა დანაშაული არ აღიარა და განაცხადა, რომ ჟურნალისტებმა გამოიწვიეს. მან მოსამართლეს მიმართა თხოვნით, მისი ოჯახური მდგომარეობა გაეთვალისწინებინა და აღკვეთის ღონისძიება არ გამოეყენებინა.
„მე რატომ უნდა დავესხა ჟურნალისტებს თავს, თუ თვითონ არ გამხადეს იძულებული? საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება არ ვარ. ორი შვილი მყავს, მეუღლე არ მყავს, ბავშვები ჩემი შესანახები არიან, დედა მყავს პენსიონერი, შაქრით არის დაავადებული. სასამართლოს ვთხოვ, ეს გარემოებები გაითვალისწინოს“, - თქვა მამუკა შაქარაშვილმა.
პროკურორ ალექსანდრე ჩხაიძის განცხადებით, ბრალდებულის გათავისუფლების შემთხვევაში არსებობდა ხელახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
„ვეყრდნობოდი იმ გარემოებას, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, ბრალდებულისთვის ჟურნალისტების საქმიანობა მიუღებელია და შესაბამისად, მომავალშიც, ნებისმიერ დროს შესაძლოა განახორციელოს ძალადობრივი ქმედება ჟურნალისტების მიმართ. მან ეს დაადასტურა კიდეც, როდესაც სასამართლო პროცესზე თავის გასამართლებლად მოიყვანა გარემოება, რომ ჟურნალისტებმა გამოიწვიეს, მოახდინეს მისი პროვოცირება და სწორედ ამიტომ იძალადა მათზე. გამოძიება გრძელდება. კიდევ არიან გამოსაკითხი მოწმეები, შესაძლოა საჭირო გახდეს ექსპერტიზები. არ არის გამორიცხული, მას ბრალდება გადაუკვალიფიცირდეს უფრო მძიმე დანაშაულისთვის“, - აღნიშნა პროკურორმა.
საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 1-ელ სექტემბერს გაიმართება.
6 ივლისს, საგარეჯოში, სადაც ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს პენსიონერებთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, საგანგებოდ, ორგანიზებულად შეიკრიბნენ „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრები, აქტივისტები და მერიის თანამშრომლები. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, არამედ შეხვედრის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებსაც, მათ ქვები დაუშინეს და კამერები დაუზიანეს. შეურაცხყოფა მხოლოდ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს არ მიაყენეს. პოლიცია შემთხვევის ადგილზე მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ფიზიკური დაპირისპირება დასრულდა.
მამუკა შაქარაშვილი, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელია, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 ივლისს დააკავა. საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დადგინდა, რომ შაქარაშვილმა რეპორტაჟზე მუშაობის დროს, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორ სულხან ჭკადუას, ასევე, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ ნათია წითელაურს და „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ია გულიაშვილს აგრესიული ქცევით არ მისცა საქმიანობის განხორციელების და სიუჟეტის ჩაწერის საშუალება.
შაქარაშვილის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 154-ე მუხლების 1-ელი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ყველაზე მსუბუქ სასჯელს ითვალისწინებს - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
„საქართველოს ამბებმა“ საგამოძიებო სამსახურს ჰკითხა, რატომ არ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 154-ე მუხლების მე-2 ნაწილებით, რადგან 6 ივლისს, საგარეჯოში, ორზე მეტ ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას თავს ჯგუფურად დაესხნენ, რისთვისაც სასჯელი უფრო მკაცრია. სამსახურმა ამაზე განმარტება არ გააკეთა.