რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ, დაარწმუნონ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნის აუცილებლობაში, რომ ახლა ხელსაყრელი მომენტია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღდგენისთვის. ამის შესახებ ნარიშკინმა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში განაცხადა, სადაც პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა. რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მსგავსად, საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის საფრთხეებზე საუბრობენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებიც.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ჩვენ ვხედავთ ვაშინგტონის, ბრიუსელის, ლონდონის და სხვა დასავლური დედაქალაქების დაჟინებულ მცდელობებს, დაარწმუნონ საქართველოს ხელმძღვანელობა ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაში. არწმუნებენ საქართველოს ხელისუფლებას იმაში, რომ ახლა არის სწორედ ხელსაყრელი მომენტი, როდესაც შესაძლებელია კონტროლის დამყარება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე.
ბრძოლის ველზე სიტუაცია უკრაინის სასარგებლოდ არ ლაგდება და ამიტომ აიძულებენ საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო კონფლიქტში შესვლას.
ამ თვალსაზრისით შეიძლება გავიხსენოთ ბოლოდროინელი მოვლენები თბილისში, მასობრივი მღელვარება, რაც დაკავშირებული იყო საქართველოს პარლამენტში ე.წ. უცხოეთის აგენტების ორგანიზაციების შესახებ კანონის განხილვასთან. ეს მღელვარება დიდწილად მხარდაჭერილი ან ინიცირებულიც კი იყო ვაშინგტონიდან, ლონდონიდან არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტრუმენტების მეშვეობით“, - განუცხადა ნარიშკინმა ჟურნალისტებს.
3 აპრილს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით თქვა, რომ უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი, 20%-ზე მეტი უკვე გადაქცეულია პოლიგონად, მიმდინარეობს გამანადგურებელი ომი, ქალაქები, სოფლები, რაიონები სწორდება მიწასთან და ამის შემჩერებელი არავინაა.
„ის გეგმა, რაც არსებობდა ჩვენ წინააღმდეგ, უკრაინიზაციის გეგმა და მეორე პოლიგონად გადაქცევის გეგმა ჩვენს მტრებს, რა თქმა უნდა, ჩაუვარდათ კიდევ ერთხელ“, - თქვა ღარიბაშვილმა და ამ კონტექსტში 7-9 მარტს თბილისში გამართული საპროტესტო გამოსვლები გაიხსენა.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, თბილისი და მოსკოვი „მეორე ფრონტის“ თემაზე ერთ ენაზე საუბრობს.