„დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელნელა დაიწყო ფერისცვალება. სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედის გაძლიერების ნაცვლად ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები. დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული კანონები, (მოსმენების კანონი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაქუმება, მოსამართლეების გამწესების წესში ცვლილებები და უცხოელი აგენტების კანონი) ემსახურება არა ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებას, ან მოქალაქეების კეთილდღეობას, არამედ ძალაუფლების გამყარებას და გახანგრძლივებას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში საგაზაფხულო სესიის რიგგარეშე სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი სასამართლო რეფორმა ჩიხშია შესული, ხელისუფლებამ არ გაარღვია ის მოჯადოებული წრე, რომელზეც წლებია ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ, რაც ასევე, შეიძლება ემსახურებოდეს ძალაუფლების გამყარებას.
„ქართული ოცნებიდან“ ნელნელა გადინება დაიწყეს განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური გემოვნების ადამიანებმა, თქვენს რიგებში უკვე აღარ ისმის არცერთი ოდნავ განსხვავებული აზრი, რადგან ეს ავტომატურად მანდატის დატოვებას ნიშნავს. დაიწყო პარტიის გავლენის გაძლიერება მთავრობასა და პარლამენტზე, პარტია გადაიქცა გადაწყვეტილებების მიღების სივრცედ, პარტიის თავმჯდომარე საკუთარ პოზიციას წინასწარ აცხადებს ყველა პოლიტიკურ საკითხზე, და რაც მთავარია, ბუნდოვანი გახდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, რომ არაფერი ვთქვა ღია დისკუსიაზე.
თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს და ხალხის მანდატს.
2019 წელს, გავრილოვის ჩამოყვანით, ქვეყნის მიმართ პირველად გააჩინეთ ეჭვები და კითხვის ნიშნები, თუმცა რეალურად ხელისუფლების საგარეო კურსის ფერისცვალება 2021 წელს იწყება, როდესაც ქართულ პოლიტიკას ტოვებს „ქართული ოცნების“ მაშინდელი პარტიის თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი, აქ იწყება დიდი გაუგებრობა იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ ახალ კურსზე.
ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, ევროპული საბჭოს უმაღლესი ხელმძღვანელის შეურაცხყოფა და მისი ჩართულობით შედგენილი დოკუმენტის ისე ანულირება, რომ არავინ ჩათვალა საჭიროდ თუნდაც მისი გაფრთხილება. იმავე წელს უარი ითქვა ევროკავშირის სესხზე. არასდროს აღარ დაამთავრეთ ანტიევროპული რიტორიკა, ჩვენი პარტნიორების დადანაშაულება და შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი კი, ბოლოს იმ ზომამდე მივიდა, რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩი ქვეყნიდან საყვედურებით და ბრალდებებით გავაცილეთ.
უკრაინასთან მიმართებაში კი, ვერც დიპლომატია გამოვიჩინეთ, ვერც გონიერება და ვერც ჩვენთვის შესაფერისი ისტორიული სოლიდარობა.
დიახ, ჩვენ ვუერთდებით გაეროში რეზოლუციებს, თუმცა ყველა სხვა მორალური, პოლიტიკური სოლიდარობის გამოხატვას ვერიდებით, თუ ვემიჯნებით. 25 თებერვალს, სრულიად უადგილო ადგილას, ვაცხადებთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, მაშინ, როდესაც პირიქითაა და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ ვერ და არ დავაწესებთ ჩვენს ეროვნულ სანქციებს, მაგრამ ვუერთდებით საერთშორისოს - მეტს არვიან არაფერს გვთხოვდა არც ჩვენ და არც მოლდოვას.
იმ დროს, როცა მთელმა ევროპამ საჭიროდ მიიჩნია, გამიჯვნოდა ჩვენ გავუფრთხილდით მათ და არ შევუერთდით ევროკავშირს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. ამ დროს ბელარუსის პრეზიდენტი არ გაგვიფრთხილდა, არ გაუფრთხილდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, დაარღვია ოკუპაციის კანონი და უღალატა არაღიარების პრინციპს - ახია ჩვენზე!
ბოლო ორი წლის განმავლობაში, შესამჩნევად ვუფრთილდებით, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი, რაც შეიძლება, რომ გასაგებიც იყოს, მაგრამ გასაგები არაა იმავე ზრდილობით და მოწიწებით რატომ არ ვუფრთხილდებით ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს. შედეგად დღეს გვაქვს დაზიანებული დიპლომატიური ურთიერთობები, პირველ რიგში, სწორედ იმ ევროპულ ქვეყნებთან, რომლებიც ტრადიციულად, ჩვენი მხარდაჭერით გამოირჩეოდნენ.
ამ ბოლო ორი წლის რიტორიკით და ქმედებებით თქვენ წაშალეთ და შეუცვალეთ გეზი თქვენს 9 წლიან მმართველობას და გადაუხვიეთ თქვენი ხალხის და ამომრჩევლის ნებას და მანდატს.
ამ ყველაფრის შედეგად კი 2022 წლის 17 ივნისს საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი.
ახლა კი, არ შემიძლია არ გკითხოთ რატომ არ გესმით ხალხის დაჟინებული მოთხოვნა?
ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოხატა საკუთარი ნება და არჩევანი (31 მარტი, 9 აპრილი, 14 აპრილი, 26 მაისი) და დღესაც გასაგებად გეუბნებათ, რა მომავალი უნდა და სად არ უნდა.
ქართველი ხალხი თქვენს გასაგონად სამჯერ გამოვიდა - არა პოლიტიკური პარტიების დაძახებით, არა უცხოელების კარნახით, არა დაკვეთით, არა ფულით, არა გადატრიალებისთვის, არა შეთქმულებისათვის, არამედ თავისი ევროპული მომავლისთვის.
2020 წლის 20 ივნისს გითხრათ, რომ რუსეთი არ უნდა, არცერთი ფორმით და არცერთი წამით.
2022 წლის 4 მარტს გითხრათ, რომ მეგობარ ქვეყანას, უკრაინას უცხადებს სოლიდარობას და ჩვენი ორი ქვეყნის ერთობლივ ევროპულ გზას ალტერნატივა არ აქვს.
2023 წლის 7-8 მარტს, გითხრათ, როგორი მომავალი სურს და რომ არასდროს შეეგუება ევროპული მომავლის დაკარგვას.
ქართველი ხალხის გამოძახილი უაღრესად მკაფიო და ნათელია - ეს მსოფლიომ ძალიან კარგად გაიგო და დაინახა. ხელისფლებამ კი ვერ გაიგეთ, რომ ხალხის წინაშე თქვენ ხართ ვალდებულნი და თქვენ გაქვთ მანდატი, თქვენ ჩაგაბარათ ქართველმა ხალხმა მისი ნების აღსრულება.
რაც არ უნდა სიმართლე იყოს ის, რომ ოპოზიციას თავისი ბრალეულობები აქვს ხან გაუთავებელი ბოიკოტების გამოცხადებით და საქმის გაფუჭებით, ხან ბრიუსელსა და ამერიკაში ქვეყნისთვის დამაზიანებელი გზავნილების ჩატანით და პოზიციონირებით, პასუხისმგებლობის ლომის წილი მაინც ხელისუფლებაზე მოდის.
ამიტომ რაც არ უნდა ეცადოთ, რომ შედეგის მიუღწევლობა სხვას გადააბრალოთ სხვადასხვა მეთოდებით - მოდელირებული სცენარებით, კონსპირაციებით, შეთქმულების თეორიებით და ხალხის შეურაცხყოფით ეს არ შეცვლის ხალხის თვალში თქვენს პასუხისმგებლობას და მისი ნების არშესრულებას.
რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხალხი დაარწმუნოთ იმაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ღირებულებებს, ან კიდევ მშვიდობას, შედეგს ვერ მიაღწევთ. ქართველმა ხალხმა საუკუნეზე მეტია რაც იცის რა არის ევროპა, თუ რატომ უნდა ევროპა და, რომ ევროპული ღირებულებები სრულ თანხვედრაშია ქართულ ღირებულებებთან.
რაც არ უნდა ეცადოთ და გაავრცელოთ ეს მეორე ფრონტის კონსპირაციული თეორიები, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ევროკავშირის შექმნის იდეა სწორედ მშვიდობას ემსახურება და არა ომს. ევროკავშირი საქართევლოში პირდაპირ ემსახურება ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით და მშვიდობიან განვითარებას.
ამდენად, რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ეს მოდელირებული სცენარები, რომლებიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს.
რაც არ უნდა ეცადოთ, რომ დაამტკიცოთ თითქოსდა ევროპული და ჩვენი ეროვნული ინტერესი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია, რეალობას ვერ გაექცევით, რადგან ტერიტორიის დაცვა, დეოკუპაცია, თავდაცვითი ძალების გაძლიერება, მოსახლეობის უსაფრთხოება, ეკონომიკისა და განათლების განვითარება ეს ყველაფერი წარმოუდგენელი და შეუძლებელია ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კავშირისა და თანამშრომლობის გარეშე.
ერთი ვინმემ მითხრას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გაყვანა ვისი დაფინანსებით ხორციელდება და ვისთან გვაკავშირებს თუ არა ევროპასთნ?
ერთი ვინმემ მითხრას, ევროპული საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ჩართვის გარეშე როგორ განვითარდებოდა იზოლაციაში მყოფი ჩვენი განათლების სისტემა?
და ბოლოს, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებამ შემოიტანა ისეთი მნიშვნელოვანი პროგრესი, როგორიცაა, შრომის უსაფრთხოება, შრომის კოდექსის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, უსაფრთხოების ნორმები, გარემოს დაცვის სტანდარტები და ა.შ. საქართველოს ეროვნული ინტერესის დაცვა იზოლაციაში ყოფნით შეუძლებელია და ჩვენს ევროპულ პერსპექტივას ალტერნატივა არ გააჩნია!“