საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის შეჩერების შემდეგ, ბულგარეთში საქართველოს ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა თანამდებობა დატოვა. დიპლომატი სასტიკად დარბეულ მშვიდობიან მომიტინგეებს სოლიდარობას უცხადებს და მათზე ძალადობას გმობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ამ საჯარო განცხადებით ვაცხადებ, რომ ვტოვებ ბულგარეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას. ჩემი ვრცელი დიპლომატიური სამსახურის მანძილზე (ორ ათწლეულზე მეტი) აქტიურად ვიყავი ჩემს კოლეგებთან ერთად ჩართული საქართველოს ევროატლანტიკური და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის პროგრესსა და ჩვენს მოკავშირეებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან, მყარი და ნდობით აღსავსე სტრატეგიული პარტნიორობის შენებაში.
ჩვენი დაუღალავი ძალისხმევა არ უნდა შეირყეს, ან კომპრომეტირებული იყოს არავითარ შემთხვევაში.
არა, მშვიდობიანი მომიტინგეების თავისუფალი ნების წინააღმდეგ ძალადობას, სრული სოლიდარობა მათ“, - წერს პლატფორმა X-ზე ოთარ ბერძენიშვილი.
არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩიც. თარაშ პაპასკუა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსული ოკუპაციის პირობებში, საქართველოს მხოლოდ ევროპასა და ნატოსთან დაახლოება სჭირდება.
„დღეს, როცა რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას, აწარმოებს დამანგრეველ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ებრძვის ევროპას, დემოკრატიულ სამყაროს და საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას... ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო.
გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა! საქართველო არის ევროპა“, - წერს თარაშ პაპასკუა სოციალურ ქსელში.
ამ დროისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 100-ზე მეტი თანამშრომელი აწერს ხელს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღება, არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან. დიპლომატები მიიჩნევენ, რომ ეს გამოიწვევს ქვეყნის იზოლაციას, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე კი საქართველო პირისპირ რჩება იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც განსაკუთრებით გაძლიერებულია საერთაშორისო და უსაფრთხოების გარემოში მიმდინარე პროცესების ფონზე.
გუშინ, 28 ნოემბერს, საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოსახლეობას გააცნო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე. კობახიძის თქმით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს და უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება „საკონსტიტუციო გადატრიალებისთვის“ დასმულ წერტილად შეაფასა და თქვა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა. კობახიძის ამ განცხადებას თბილისში მასობრივი საპროტესტო აქცია მოჰყვა, რომელიც საპოლიციო ძალებმა დაარბიეს.