საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა და კენჭისყრა 20:00 საათამდე გაგრძელდება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტს მაინც მიიღებენ.

არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. 135 922 ახალგაზრდას წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა კი 95 910-ია.

ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3111 საარჩევნო უბანი ემსახურება. საქართველოში გახსნილია 3044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს - 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი.

ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2263 უბანზე ტარდება, დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება. კენჭისყრაზე მისულმა ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

რაც შეეხება კენჭისყრის პროცედურებს, საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით ტარდება, ამომრჩეველმა ნაცვლად პარტიის ნომრის შემოხაზვისა, უნდა გააფერადოს/მონიშნოს მხოლოდ ერთი პარტიის წინ არსებული წრე/წრის შიდა სივრცე. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რომელიც პლანშეტის საშუალებით გამოიგზავნება ცესკოში. დანარჩენ საარჩევნო უბნებზე, კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ტარდება.

ცესკო განმარტავს, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. ხმის მიცემა ფარულია, კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება კი აკრძალულია.

საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).